#ესქვეყანაშენია სოციალური კამპანია
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვესმის სიტყვათა შეთანხმება - სამოქალაქო საზოგადოება და საზოგადოებრივი, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები. თუმცა, შესაძლოა ბევრმა არ იცის რას წარმოადგენენ ისინი.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები, 3 ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ.
პირველ ჯგუფს წარმოადგენს „მოყურადე“, „მოდარაჯე“ (watchdog) ორგანიზაციები.
ისინი აკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას თითქმის ყველა სფეროში, მაგალითად: ბიუჯეტის შესრულება, საპენსიო თანხების განკარგვა, საარჩევნო სიები და ხმების დათვლა, ადამიანის უფლებების დაცვა.
ასეთ ორგანიზაციებს საზოგადოება კარგად იცნობს, რადგან მათი ანგარიშები დიდ ყურადღებას იქცევს. მაგალითისთვის დავასახელებთ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ადამიანის უფლებათა ცენტრს, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს და ა.შ.
მეორე ჯგუფს მიეკუთვნება „მოაზროვნე“, ანუ ანალიტიკური ორგანიზაციები (Think tank).
ისინი ხელს უწყობენ საზოგადოებრივი აზრით ფორმირებას და ასევე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საზოგადოებას და ხელისუფლებას მოდელებს, მოსაზრებებს, კვლევებს, საკითხის ალტერნატიული გადაწყვეტის გზებს სთავაზობენ. მაგალითად როგორი უნდა იყოს ჰიდროელექტროსადგურების მიმართ დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს თვითმმართველობა საქართველოში, ჯანდაცვის ან საარჩევნო რეფორმა და ა.შ.
ასეთ ორგანიზაციებს საზოგადოება ნაკლებად იცნობს.
ესენი არიან მაგალითად: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი და ა.შ.
მესამე ტიპის ორგანიზაციები არიან სერვისებზე მომუშავე ორგანიზაციები (service provider).
ისინი სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევენ საზოგადოებას, მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლება, ბავშვთა დღის ცენტრები და ა.შ. ასეთ ორგანიზაციებს ბევრი ადამიანი იცნობს, თუმცა მათ, საზოგადოებრივ ორგანიზაციად ვერ აღიქვამენ. მაგალითად, სოციალური თერაპიის სახლი, გრემის თემი, პირველი ნაბიჯი და ა.შ.
ესაა ორგანიზაციების ფუნქციონალური დაყოფა, რომელიც სრულებით არ გამორიცხავს, რომ ერთი ორგანიზაცია ითავსებდეს ორ, ან სამივე ფუნქციას.