#ესქვეყანაშენია სოციალური კამპანია
ალეკო ცქიტიშვილი – ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) 1996 წელს დაარსდა და იმ დროისათვის ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია იყო, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში, უშუალოდ ადამიანის უფლებებზე მუშაობდა. 90-იან წლებში ადამიანის უფლებების დაცვა ადვილი არ იყო. ახალი კონსტიტუციის პირობებში სახელმწიფოს არც კანონმდებლობა ჰქონდა მოწესრიგებული და სახელმწიფო ინსტიტუტებიც, განსაკუთრებით კი - პოლიცია, უხეშად არღვევდა მოქალაქეთა უფლებებს.
სწორედ ასეთ რთულ პერიოდში დააფუძნეს უჩა ნანუაშვილმა და მისმა მეგობრებმა ადამიანის უფლებათა ცენტრი. 2013 წელს უჩა ნანუაშვილი საქართველოს სახალხო დამცველად აირჩიეს, რაც ერთგვარად ხაზს უსვამს მისი ხელმძღვანელობით ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებულ საქმიანობას.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიზანია, გაიზარდოს ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა და სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობა ჩვენს ქვეყანაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მნიშვნელოვანი ინიციატივებიდან შეიძლება გამოიყოს უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის შექმნა, რომელიც აერთიანებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უფლებადამცველ ორგანიზაციებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი იყო ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოში ადამიანის უფლებათა სახლის დაარსების. დღეისათვის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ხუთ წევრ ორგანიზაციას აერთიანებს: ადამიანის უფლებათა ცენტრს, „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“, „საფარს“, წამების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრს (GCRT) და მედიის ინსტიტუტს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმიანობიდან შეგვიძლია გამოვყოთ ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით მუშაობა. საზოგადოებაში გაბატონებული მტრის ხატისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ იყო მიმართული 2007 წელს დაწყებული კამპანია „ბოდიში“ - აპოლიტიკური მოძრაობა, რომლის მისი მიზანი იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის დაძაბული ურთიერთობის შეცვლა, კონფლიქტის ტრანსფორმაცია.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა, რომელიც ათ წელზე მეტია გრძელდება და მოიცავს როგორც პირველად კონსულტაციებს მოქალაქეთათვის, ისე მათ წარმომადგენლობას საგამოძიებო ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში, ასევე - საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტებში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (სტრასბურგი), სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ჰააგა) და ა.შ.).
ორგანიზაცია ყოველ წელს გამოსცემს წლიურ ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. 2018 წლის ანგარიშში განხილულია ბოლო დროის ყველაზე მძიმე უფლებადარღვევები და ტენდენციები. ზოგიერთ რთულ და სტრატეგიულ საქმეზე, როგორიცაა, მაგალითად, უფლებადამცველი ვიტალი საფაროვის მკვლელობა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმე, ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს დაზარალებული ოჯახების ინტერესებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი არის ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ქსელების წევრი, როგორიცაა: ადამიანის უფლებათა ფედერაცია (FIDH), წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია (OMCT), ადამიანის უფლებათა სახლების ქსელი, მშვიდობის საერთაშორისო ბიურო და სხვა. საერთაშორისო კოალიციების საქმიანობაში მონაწილეობა საშუალებას გვაძლევს, უცხოურ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს მივაწვდინოთ ხმა იმ პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაც ეროვნულ დონეზე ფერხდება. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უფრო ეფექტიანია საქართველოს ხელისუფლებასთან ამა თუ იმ საკითხის ადვოკატირება.
ჩვენი ორგანიზაცია ყოველდღიურად იბრძვის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად და გვჯერა, რომ კანონის უზენაესობა და რეალიზაცია წარმოადგენს საქართველოში მშვიდობისა და დემოკრატიის შენების წინაპირობას.