„აქტიურ მოქალაქეს შეუძლია შეცვალოს მის სოფელში არსებული გარემო უკეთესობისკენ და მეტი კეთილდღეობა მოუტანოს“, – ასე ფიქრობენ „ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლის“ მონაწილე ახალგაზრდები.
აღნიშნული სკოლა – სოლიდარობის თემის პროექტია, რომელიც თვითმმართველობის როლსა და მის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის, თვითორგანიზების თეორიულ ნაწილს და ასევე, პრაქტიკულ ნაბიჯებსაც ითვალისწინებს.
სკოლის მონაწილეებს უკვე მზად აქვთ ინციატივები. „სოლიდარობის თემის“ ხელშეწყობით, მათ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის კომუნიკაციის პირველი ეტაპი უკვე შედგა. ადვოკატირების კამპანიის შემდგომ, თუ ადგილობრივი თვითმმართველობა ახალგაზრდების ინიციატივებს გაიზიარებს – მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა სოფელში გარე განათება დამონტაჟდება, ზოგიერთ მათგანში – ახალგაზრდული სივრცე შეიქმნება, მოგვარდება მდინარეების დაბინძურების საკითხი და განთავსდება სანაგვე ურნები, და ასე შემდეგ.
ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ ორიოდე წლის წინათ შეიქმნა. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ეს არის საერთო წუხილებით გაერთიანებული, მოტივირებული ახალგაზრდების ერთობა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ბევრი თანატოლისგან განსხვავებით, ისინი, მშობლიურ გარემოს დაუბრუნდნენ, რათა ადამიანის უფლებების, თანასწორობის, კულტურული თუ რელიგიური მრავალფეროვნების სივრცე შეექმნათ და ადგილობრივი თემის წინაშე არსებული პრობლემების მოძიებასა და გადაწყვეტაზე ემუშავათ.
მუშაობის დაწყება პანდემიის დროს მოუწიათ და შესაბამისად, აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების ადვოკატირებით დაიწყეს. ერთ–ერთი ასეთი პროექტი ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხება. მაღალმთიან სოფლებში ასეთი პროგრამები ლამის ფუფუნებაა.
„სოლიდარობის თემის“ ორგანიზებით, შუახევის და ხულოს 6 სოფელში მცხოვრებ ქალებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ და უფასო ექოსკოპიური მომსახურებით თუ სკრინინგის სერვისით ესარგებლათ. ფონდ „ტასოს“ მხარდაჭერილი პროექტი დასრულდა, თუმცა მსგავსი პროექტის განხორციელებას, ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, „სოლიდარობის თემის“ წევრები, სულ მალე დაიწყებენ.
აჭარის რეგიონში და აჭარიდან ეკომიგრანტებით დასახლებულ მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობს და გააგრძელებს მუშაობას „სოლიდარობის თემი“, რათა საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემები ხილული გახადოს და ხელი შეუწყოს მათ მოგვარებას.