ალბათ გსმენიათ ტენეს შესახებ?
სოციალური საწარმოა, რომელიც „usb“ კაბელებს ამზადებს. გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით კი – წარმოებაში ერთხელ უკვე გამოყენებულ პლასტმასას და ასევე, განახლებად ენერგიას იყენებს. აღსანიშნავია, რომ საწარმოში დანერგილია 4 დღიანი სამუშაო კვირა. ამ სიტყვების მიღმა კი, უამრავი შრომა და ინიციატივაა.
ყოველდღიურად უამრავი რაოდენობის ერთჯერადი წყლის ჭიქა, პლასტმასის ბოთლი ხვდება ნაგავსაყრელზე. „ასეთი ნარჩენების მიწაში მოხვედრა წამლავს ნიადაგს“, ამბობენ „ტენეში“ და დასძენენ, რომ აუცილებელია განცალკევებულად შეგროვდეს პლასტმასა და გადამამუშავებელ კომპანიებს მიეწოდოს.
ამისთვის „ტენემ“ შექმნა ჭიქების სპეციალური ურნა, სპეციალური მწვანე ყუთი სხვადასხვა პლასტმასის ნივთისთვის. სოციალური საწარმოს ურნები სხვადასხვა სასტუმროში, სკოლებში, ღონისძიებების ცენტრებშია განთავსებული.
ამას გარდა, გამოყენებულ პლასტმასას – პოლიეთილენის პარკებს, ერთჯერად ჭიქებს, თეფშებს – აგროვებენ უამრავ სხვადასხვა ადგილას, მაგალითად, ლილოს მიმდებარედ „პოლიეთილენის ტყეში“. მათ შეგროვებაში მონაწილეობას იღებენ მოხალისეები, მოსწავლეები, თავად აკითხავენ მომხმარებლებს და ასე შემდეგ.
მოგროვილ პლასტმასას ამუშავებენ საწარმოში და ეკომეგობრულ „usb“ კაბელებს ამზადებენ.
სოციალური საწარმო მუდმივად მუშაობს ახალ ინიციატივებზე – მომდევნო სასწავლო წელს 100 მწვანე ურნის დადგმას გეგმავენ 100 საჯარო სკოლაში. სკოლებს ურნები უსასყიდლოდ გადაეცემათ და ნარჩენების გატანასაც თავად გაუწევენ ორგანიზებას.
ამჟამად კიდევ ერთ საინტერესო ინიციატივაზე მუშაობენ – ერთ–ერთ ქართულ ტექნოლოგიურ კომპანიასთან ერთად ამზადებენ აპარატს, რომელიც, უახლოეს მომავალში, ბოთლის სანაცვლოდ „პლასტმასის მონეტებს“ გასცემს, მოქალაქეებს კი „მონეტების“ „usb“ კაბელში გადაცვლის, ან ტელეფონის უფასოდ დამუხტვის შესაძლებლობა ექნებათ.
#გაიზიარეპასუხისმგებლობა, გახდი ეკომეგობრული, რადგან #ესქვეყანაშენია