გაინტერესებთ როგორი იყო საბჭოთა პროპაგანდა? თვალსაჩინოებისთვის 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდგომ, საბჭოთა რუსეთის პროპაგანდისტული „შემოქმედების“ მცირე ნაწილს გაგაცნობთ, რომელიც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პუბლიკაციის მიხედვით მომზადდა.
1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდგომ, ქართულ საზოგადოებაში საოკუპაციო ხელისუფლებისადმი გაღიზიანების და შეურიგებლობის მუხტი დიდი იყო. ქვეყანას უკვე ჰქონდა 3–წლიანი დამოუკიდებლობის და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის წარმატებული გამოცდილება. საქართველომ, რომელმაც 117 წლის განმავლობაში რუსეთის იმპერიაში უუფლებობის შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 1920 წლის 10 იანვარს ფაქტობრივი, ხოლო 1921 წლის 27 იანვარს იურიდიული აღიარება მოიპოვა – მსოფლიოს და ევროპის დიდმა ქვეყნებმა იგი სრულუფლებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სცნეს. საქართველოს რესპუბლიკა, თავად საბჭოთა რუსეთმაც აღიარა იურიდიულად 1920 წლის 7 მაისს ხელშეკრულებით.
ეს ისტორიული გარემოებები, ოკუპანტისთვის ადვილი გასანეიტრალებელი არ იყო. საქართველოს ოკუპაციის პირველ თვეებში, ბოლშევიკური რეჟიმი, ლენინის ინსტრუქციების გათვალისწინებით, ცდილობდა შეეფუთა შეიარაღებული დაპყრობის ფაქტები. ოკუპანტი ოფიციალური რიტორიკით და პროპაგანდით, საქართველოს საზოგადოებას და გარესამყაროს უმტკიცებდა, რომ საქართველოში მხოლოდ „გადატრიალება“ მოხდა და ქვეყანა კვლავ დამოუკიდებელი იყო.
ასე ცრუობდა რუსეთი: „ქართველი მუშების და გლეხების აჯანყება და გადატრიალება (ხელისუფლების ცვლილება) იყო, რომელსაც საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ მხოლოდ მცირე დახმარება გაუწია, მათივე თხოვნის საფუძველზე“.საქართველო კი - სრულუფლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, რომელსაც „მენშევიკურის“ ნაცვლად - „საბჭოთა ხელისუფლება“ ჰყავდა.
ამ პროპაგანდისტული კამპანიის ფარგლებში, 1921 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების სამი წლის თავი – 26 მაისს, საბჭოთა ხელისუფლებამ, თბილისში ოფიციალურად აღნიშნა. აღლუმი და დემონსტრაცია მოაწყო და „საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის“ პირობაც დადო.
საბჭოთა რუსული პროპაგანდისტული თეზისები 26 მაისის შესახებ (ამონარიდი გაზეთიდან, სტილი დაცულია):
თბილისში ღონისძიებას მოსახლეობის უმეტესობამ ბიოკოტი გამოუცხადა. რეგიონებში კი, საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა, რომელიც ჩეკისტებმა და წითელი არმიის რაზმებმა იარაღის გამოყენებით დაშალეს, დემონსტრანტები დაჭრეს, რამდენიმე მოკლეს და მასობრივი დაპატიმრებები მოაწყვეს.
ამ პროცესებით, პრაქტიკულად დაასრულა საოკუპაციო რეჟიმმა რბილი პოლიტიკის ეტაპი. მაისამდე თუ მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობისა და არმიის დევნით იყო დაკავებული, მაისის შემდგომ, რეჟიმმა მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო.
1922 წელს 26 მაისის აღნიშვნა აიკრძალა. მომდევნო წლებში, მოქალაქეების, პოლიტიკური პარტიების წევრების და სტუდენტების მცდელობები 26 მაისი აღენიშნათ, ტრადიციულად - დემონსტრაციის დარბევით და დაპატიმრებებით სრულდებოდა.
საოკუპაციო რეჟიმმა, 26 მაისი და ყველაფერი, რაც მასთან იყო დაკავშირებული ოფიციალური რიტორიკიდან განდევნა. პროპაგანდის მთავარ სამიზნედ „მენშევიკების სამწლიანი ბატონობა“ გამოიყენა და მათ მიმართ მრავალ სალანძღავ ეპითეტს იყენებდა.
საოკუპაციო რეჟიმი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ბრალს სდებდა:
1921 წლიდან 1924 წლის ჩათვლით მომხდარი ანტისაბჭოთა აჯანყებები საზღვარგარეთიდან ორგანიზებულ - „მენშევიკურ ავანტიურად“ და „თავად-აზნაურების და ვაჭრების რევანშად“ გამოაცხადა საბჭოთა პროპაგანდამ. ყველა სხვა პარტია, რომელიც ანტისაბჭოთა მოძრაობაში იყო ჩართული- „მენშევიკური ცენტრის“ მიერ მართულად და კრებსით „მენშევიკებად“ გამოაცხადა.
თაობათა ცვლის კვალდაკვალ იცვლებოდა საბჭოთა პროპაგანდისტული დღის წესრიგიც და მიდგომებიც, თუმცა უცვლელი იყო ობიექტი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა (1918–1921), და რა თქმა უნდა მიზანი – კოლექტიური მეხსიერებიდან წაეშალათ დამოუკიდებელი საქართველოს 3–წლიანი მმართველობა და ცხოვრება.