მაწანწრა თელავის ისტორიული უბანია. ეს ქუჩა სავაჭრო-საქარავნო გზის ნაწილი იყო და მრავალი ტიპის ხელოსნის მუშაობის ადგილს წარმოადგენდა. ნახევარსარდაფებში განთავსებული დუქნებს კლიენტი არ აკლდათ, რადგან თელვაში, სწორედ ამ გზით უამრავი ადამიანი შემოდიოდა ყოველდღიურად.
ქალაქის ამ ნაწილში ფუნქციონირებდა დაბახნები, სადაც ოსტატებს ტყავი გამოყავდათ; აქვე იყო კერამიკის, დურგლებისა და ქვის მთლელების სახელოსნოები; არაერთ ეზოში იწვებოდა კირი და მუშაობდა მჭედელი ან ნალბანდი. უბანშივე მზადდებოდა ტიკები, სათევზაო ბადეები, ფარდაგები და სხვა.
დღეს ამ ქუჩას დაკარგული აქვს ძველი ფუნქცია. თითქოს ამ მდიდარი ადგილიდან მხოლოდ სატრანსპორტო დანიშნულებაღა დარჩა.
"სათემო განვითარების ცენტრმა", რომელიც წარსულის და თანამედროვეობის კვლევით არსებული პრობლემების მოგვარებას ცდილობს, საქმიანობის სივრცედ მაწანწრა შეარჩია და იმ პრობლემების კვლევა დაიწყო, რომლებიც ადგილობრივებს ეხებათ. ამჟამად, სამეზობლოსთან ერთად ყალიბდება რეკომენდაციები ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, რომელთა ეტაპობრივი გათვალისწინება გამოასწორებს უბნის დღევანდელობას და აღადგენს ერთ დროს აქტიურ ქუჩას.
ახლო მომავალში "სათემო განვითარების ცენტრი" გამოსცემს წიგნს სათაურით „ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი - მაწანწრის უბნის ამბები“, რომელშიც უბნის ისტორიული და სოციოლოგიური კვლევა, ასევე უბნის დღევანდელი პრობლემების ანალიზია. "ჩვენ, პროექტის პარტნიორი მედია-ორგანიზაციის „კახეთის ხმისა“ და მედია ცენტრი კახეთის დახმარებით, 20-ზე მეტი ინტერვიუ ჩავწერეთ, სადაც მაწანწრელები, ხელოსნები, მზარეულები, პედაგოგები, ბიბლიოთეკის თანამშრომლები და სხვები თავიანთი სახლის, ოჯახის, ბავშვობის, პაპა-ბებიის, წინაპრების ისტორიას გვიყვებიან, მათგან გაგონილ ამბებს გვიზიარებენ. ამ ისტორიების დახმარებით უბნის ახლო წარსულის (მე-20 საუკუნე) რეკოსნტრუქციაც შევძელით და სხვა ბევრი, მნიშვნელოვანი დეტალის ერთ ამბად თავმოყრაც. გარდა ამისა, წიგნში შევა, რესპოდენტების საოჯახო არქივებში დაცული, უნიკალური ფოტო-დოკუმენტური მასალა, რაც წიგნს მეტ სიცოცხლესა და მხატრვულობას შესძენს." - გვეუბნება ანა მარგველაშვილი.
,,სათემო განვითარების ცენტრი” დაფუძნდა 2010 წლის დეკემბრის ბოლოს ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავაკსიური სახლის’’ მიერ. მათ ეკუთვნით ისეთი პროექტები როგორიცაა: "სათემო ინიციატივების განვითარება კახეთის რეგიონში", ,,გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი”, ,,საზოგადოება და თვითმმართველობა ქიზიყში”, ,,სოფელ ნუკრიანის ქალთა ხელგარჯილობის სახელოსნო”.