ყველაფერი მეგობრების მიერ ლაშქრობებში წაღებული რამდენიმე წიგნით დაიწყო, რომელთაც ადგილობრივ ბავშვებს უტოვებდნენ. მაღალმთიან რეგიონებში მოგზაურობისას აღმოაჩინეს, რომ თანამედროვე ლიტერატურა ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო ბავშვებისთვის. ბევრ რაიონულ ცენტრში საერთოდ არ იყო წიგნის მაღაზია, ბიბლიოთეკებში კი სიძველისგან გაცრეცილი წიგნები ბავშვებს კითხვის ჟინს უკარგავდა.
მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ რამდენიმე წიგნის წაღების ნაცვლად, უფრო მასშტაბური საქმიანობა წამოეწყოთ – ასე შეიქმნა მთიელი წიგნები. ოთხი მეგობრის – გიორგის, ლევანის, ნათიასა და მარიამის წამოწყება თანდათან გაფართოვდა. ბევრ ერთგულ მხარდამჭერთან ერთად სვანეთში, ლეჩხუმსა და ახმეტაში მცხოვრებ 700–მდე ბავშვს და 30–მდე მცირეკონტინგენტიან სკოლას თანამედროვე გამოცემები გადასცეს.
ბავშვებმა კი „მთიელ წიგნებს“ უამრავი ემოციური სტრიქონი დაუბრუნეს:
გეგმავენ, რომ საქართველოს მთიანი რეგიონები და მიმდებარე სოფლები სრულად მოიცვან და ახალი კამპანია „დაუბრუნე წიგნი მთას“ დაიწყეს. ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს" „ქრაუდფანდინგის“ პროგრამაში იღებენ მონაწილეობას. ეს თანხის მოძიების თანამედროვე გზაა საზოგადოების, საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით.
ზუსტად ახლა კი, რაჭის მაღალმთიანი სოფლებისთვის ემზადებიან. ბავშვების გამოკითხვის შემდგომ სასურველი წიგნების სიაც მზად არის და 300–მდე ბავშვისთვის წიგნების შეგროვებაც დაიწყეს.