გრემის თემის ალაყაფის კარები კოვიდ 19–ის გამო ჩაიკეტა. ბევრი იფიქრეს როგორ მოქცეულიყვნენ, განსაკუთრებით თემის იმ მაცხოვრებლებზე ფიქრობდნენ, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფში შედიან და არჩევანი თვითიზოლაციაზე შეაჩერეს. შეწყვიტეს კონტაქტი დანარჩენ მსოფლიოსთან. ეს კი იმასაც ნიშნავდა, რომ თანამშრომლები, რომლებიც მახლობელ სოფლებში ცხოვრობენ, ვეღარ შეძლებდნენ მისვლას. მათი ნაწილი დროებით თემში გადმოვიდა საცხოვრებლად, ნაწილი კი სევდიანად დაემშვიდობა თემელების დიდ ოჯახს ...
გრემში დარჩნენ და გერმანიის მთავრობისა და საელჩოს შემოთავაზებაზე, რომ კოვიდ 19–ის გამო დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში, უარი თქვეს გერმანელმა მოხალისეებმა – მათ, იზოლაციაში მყოფი, გრემის თემის წევრების დახმარება არჩიეს ...
ალაყაფის იქით, სიფრთხილესთან ყოველდღიური ცხოვრების რიტმის შენარჩუნება სცადეს – თემში დარჩნენ და ვენახები გაასუფთავეს, ვენახის მავთულები გაჭიმეს და ბოძები გამოცვალეს, წიწაკა დარგეს, კარტოფილი დათესეს, ნიორი, სალათის ფურცელი, ისპანახი აიღეს... სეირნობითაც გრემის თემის მიწებზე სეირნობდნენ...
„მე მომწონს მაკარონი, მე არ მომწონს ლობიო“, დიდი სეირნობის მოყვარული ქეთო ინგლისურ ფრაზებს იმეორებს, რათა უფრო სახალისო გახადოს სეირნობა.
სუზანა და მისი ბოსტანი
თემის მაცხოვრებლები დღის უმეტეს ნაწილს გარეთ ატარებენ, ბოსტანში საქმიანობენ. ზოგიერთ ბოსტანს ადამიანების სახელები ჰქვია – სუზანა, ფრიდი ანუ ფრიდონა და ა.შ. ეს მათ მიერ შექმნილი ბოსტნებია. ისინი სხვადასხვა პერიოდულობით ჩამოდიან ადამიანების სანახავად, რომლებიც ამ ბოსტნებს რუდუნებით უვლიან და მუშაობენ.
სუზანა 90–იანი წლების შემდეგ ყოველ წლის გაზაფხულზე სტუმრობს ამ ადამიანებს და წლის ნახევარს მათთან ატარებს. წელს გერმანიიდან ჩამოსვლა ჯერ ვერ შეძლო და ნერვიულობს, უამრავი საჩუქრით დახუნძლული, კოვიდ 19–ის გამო შემოღებული შეზღუდვების მოხსნას ელოდება. სუზანს არანაკლები ენთუზიაზმით და ემოციით ელოდებიან გრემში – თემის წევრები... თემი ერთი დიდი – 70 წევრიანი ოჯახია გრემში. თუმცა მათ გარდა ბევრი ქართველი, უცხოელი მოხალისე, მეგობარი და მხარდამჭერი, თემელებს, ოჯახის წევრად მიაჩნიათ.
ამ დიდი ოჯახის ისტორია გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან იწყება, თუმცა ამ საწყისს ბევრი რამ უძღოდა წინ...
გერმანელი ექიმი და ვეებერთელა სახლი
გრემის განაპირას ორსართულიანი სახლი დგას. იგი გერმანელმა ექიმმა გეორგ სტანისლაუს ფონ შტაინმა წინა საუკუნის დასაწყისში ქართველი მეგობრის დახმარებით ააშენა. პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდგომ ექიმის პრაქტიკა გრემში გააგრძელა, თუმცა გასაბჭოების შემდგომ იქ დიდხანს არ გააჩერეს და ოჯახთან ერთად გადაასახლეს.
სოფელში ჯერ კიდევ ახსოვთ „შტაინი“,მემკვიდრეებმა სახლიც კი დაიბრუნეს. მაგრამ 90–იან წლებში იგი საბოლოოდ დატოვეს. ისინი ახალგაზრდა კაცმა გააცილა, რომელიც უფანჯრო, უკარებო, სახურავის გარეშე დარჩენილ, თითქმის 100-წლოვან სახლში დასახლდა...
„უცნაური“ კაცი, „შტაინელები“ და „ნუცას სკოლა“..
ასე მას ხშირად მოიხსენიებენ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან, როცა ახალგაზრდა არქიტექტორმა ერთ–ერთ ინტერნატში სცადა მასწავლებლად მუშაობის დაწყება, უწყინარი მიზნის პატრონს ვერ გაუგეს და ვერ მიხვდნენ თბილისიდან მოშორებით რამ ჩაიყვანა. ზოგიც მაშინ გააოცა, როცა გაგანია საბჭოეთის ხანაში, უცხოურ ფონდებსა და მათ სიკეთეებზე რომ იწყებდა საუბარს, ზოგი კი მაშინ, როცა მოხუცებულთა თავშესაფრის შექმნაზე ლაპარაკობდა.... ხან უკვირს, ხან კი ყურადღებასაც არ აქცევს „უცნაურს“ რომ ეძახიან. დედაქალაქიდან ჩასულ კაცს, ადგილობრივმა გლეხობამაც უცნაური შეარქვა, რადგან მათთვის უცნობ და, ცოტა არ იყოს, იმ დროისათვის უცნაურ საქმეს მოჰკიდა ხელი.
.. ამას წინ კიდევ ერთი ისტორია უძღოდა...
90–იან წლებში ორი ქალბატონი ჯეინ ქორბოი (საქართველოში ევროკავშირის მაშინდელი ელჩის მეუღლე) და ნინო ჟვანია კასპის ფსიქო–ნევროლოგიურ ბავშვთა დისპანსერს ესტუმრნენ. იქ არასრულფასოვანი მოვლის, სიცივის, შიმშილის სურათი დახვდათ. მათ ხელი მოჰკიდეს გადარჩენილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და თბილისში საავადმყოფოში გადმოიყვანეს. საფრთხის გადავლის შემდგომ ბავშვებს უკან ვეღარ დააბრუნებდნენ... მათზე ზრუნვა სხვადსხვა ორგანიზაციამ ითავა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენის მიზნით რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია დაარსეს ადამიანებმა, რომლებიც საბჭოური სტილის თავშესაფრებს ეწინააღმდეგობდნენ ...
რამდენიმე მათგანზე მზრუნველობა „უცნაურმა“ კაცმა – ნიკა კვაშალმა გადაწყვიტა და გრემში წაიყვანა... სახლი მალე ახმაურდა, იქ მაცხოვრებლებმა თანდათან იმატეს, შტაინის ყოფილ სახლს ოთახები და სათავსოები მიამატეს, უკვე მოგვიანებით გერმანელი და ამერიკელი მეგობრების, დონორების, მოხალისეების დახმარებით ახალი შენობაც ააშენეს, დღეს იქ 70-წევრიანი ოჯახი, გრემის თემის წევრები ცხოვრობენ – შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი, უპოვარნი, უსახლკარონი, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, მარტოხელა დედები, მოხუცები...
თემელების პირველი თაობისთვის ნიკა კვაშალი ნიკა ძია იყო, მეორე თაობამ სიყვარულით ნიკა პაპა შეარქვა. ნიკა ძია ჰქვია რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის „ნუცას სკოლის“ მთავარ გმირსაც, რომელსაც 90–იან წლებში მცხოვრები ნიკა კვაშალის მსგავსი ოცნება აქვს „დრო მოვა და ეს ადგილი ერთ სოფელს შეინახავს“. ნიკა კვაშალი ამბობს, რომ მერაბ კოკოჩაშვილს მათი ისტორია არ გადაუღია, მხოლოდ გმირებს დაარქვა მათი სახელები, თუმცა დასძენს, რომ, ბატონი მერაბის თქმით, ფილმის იდეის ინსპირაცია იყო თემი... ფილმის გმირების მსგავსად 90–იან წლებში ბევრი სიძნელის გადალახვა მოუწიათ თემელებსაც, მაგრამ გრემის განაპირას მდგარი ორსართულიანი სახლი არასდროს დაუტოვებიათ.
ადგილი, სადაც ყველას თავისი საქმე აქვს...
„ვისაც არ უნახავს როგორია რომელიმე ფერი – უნდა აუხსნა, ვისაც არ აქვს თემის გამოცდილება – მასაც უნდა აუხსნა“, ამბობენ თემელები. როგორია იგი? დიდი მრავალფეროვანი ოჯახი, სადაც ცხოვრება ადამიანების თანასწორობაზეა დაფუძნებული, წახალისებულია შესაძლებლობები – ასე ახასიათებენ იმ გარემოს, სადაც ცხოვრობენ თემის წევრები. თუმცა დასძენენ, რომ ეს არ არის ვარდისფერი და სრულყოფილი სამყარო, ეს არის ადგილი, სადაც ყველას თავისი ფუნქცია და საქმე აქვს.
ყოველი დილა თემის ბავშვებისთვის იწყება სასკოლო გაკვეთილებით, მათ, ვისაც ეს არ შეუძლია, შრომითი ჩვევების შეძენის გარდა, საშუალება აქვს სხვადასხვა სასწავლო პროცესში ადგილზევე ჩაერთოს. უფროსები უვლიან ვენახს, ხეხილის ბაღს, მოჰყავთ ბოსტნეული, ხორბალი, აცხობენ პურს... ხუმრობა საქმე არ არის 7 ჰექტარი ვენახის, 4 ჰექტარი ორგანული ხორბლის ნაკვეთის მოვლა და დაახლოებით 100 კგ თაფლის შემომტან ფუტკრებთან მუშაობა.
თემის წევრების მხოლოდ ნაწილი იღებს შემწეობას სახელმწიფოსგან, აქვთ შემოსავლები საკუთარი მეურნეობიდანაც, ძირითადად ჯერ ისევ გარე დახმარებაზე არიან დამოკიდებული (შემოწირულობები, საგრანტო დაფინანსება...), მანამ სანამ სოციალური საწარმო საკმარისი თანხების გენერირების საშუალებას მისცემთ.
სოციალური საწარმოს, როგორც ბიზნესის მოდელს ძირითადად საზოგადოებრივი ორგანიზაციები იყენებენ. ამ მოდელის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსულობა უპირატესად სოციალურ მიზნებს ხმარდება. ხარისხი? თავად დარწმუნდებით, როცა თემის შემოთავაზებას იხილავთ – ქინძმარაულის ცნობილ მიკროზონაში მოწეული ტრადიციული ქართული ჯიშის ყურძნის რქაწითელისა და საფერავიდან წარმოებული ქვევრის ორგანული ღვინოები. მედლებთან ერთად ღვინის ხარისხი აღიარებულია საქართველოში და მის გარეთაც – გერმანიაში, ნორვეგიაში, იაპონიაში.
მთელი ზამთრის განმავლობაში ღვინო ქვევრში თვლემს, მხოლოდ ყვავილობისას „აღვიძებენ“ თემელები მას და აგემოვნებენ მთელი სეზონის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგს – ახალ ღვინოს... მათ მთელი ლირიკაც კი შექმნეს – „ჰაერიც კი სავსეა იმ აღფრთოვანებით, რომელიც ბოლო მოსავლით სავსე ქვევრის გახსნამ გამოიწვია“, „მზე სტუმრობს ქვევრის ღვინის თემის მარანში“....
ლალი შალვაშვილი