„მობრძანდით "ცოდნის კაფეში“, თქვენ გელით სითბო და სიყვარული, გარემო, სადაც ნიჭის და შესაძლებლობების გამოვლენის შანსი გაქვთ“ – სულ ცოტა ხნის წინ ასე შეხვდნენ „ცოდნის კაფეს“ 60+ კლუბელები ახალ წევრებს.
თავდაპირველად „ცოდნის კაფემ“ ახალგაზრდებისთვის დაიწყო მუშაობა. ერთ დღესაც ფილმის საყურებლად დაპატიჟეს 60 წელს გადაცილებული მეზობელი წნორელები, ფილმსაც ერთად უყურეს, დისკუსიაც გამართეს. იმ დღიდან ბევრი რამ შეიცვალა – გაჩნდა ახალი პროგრამები და ახალგაზრდებთან ერთად, უფროსი თაობის ადამიანებმაც მოუხშირეს „ცოდნის კაფეში“ სიარულს.
"არ არსებობს ხანდაზმულთა უწყვეტი განათლების, რესოციალიზაციის, გასართობ– შემეცნებითი პროგრამები ქვეყანაში“, – ამბობს „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი. ის და მისი თანაგუნდელები მიიჩნევენ, რომ ხანდაზმულებს გამოცდილებისა და შესაძლებლობების გარდა, დიდი სურვილი აქვთ რომ კვლავ განვითარდნენ, გაიგონ სიახლე, გაიცნონ ახალი ადამიანები და ნაყოფიერად გაატარონ დრო. ისინი ცდილობენ ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას და მთლიანად საზოგადოებას დაანახონ ხანდაზმულთათვის კულტურულ–საგანმანათლებრო სერვისების შექმნის აუცილებლობა.
„...ხან მინდორში, ხან ბაღებში დავდივარ, ხან ნესვს ვრგავ, რთველში დავდივარ, რა გამოლევს მინდორში საქმეს, გაზაფხულიდან დაწყებული, რთვლობამდე, ერთი დღე მოსვენება არ გვაქვს, სულ ვმუშაობთ. ... „ცოდნის კაფე” ჩემთვის სულიერი საზრდოს ადგილია, დაღლილ-დაქანცული რომ მოვდივარ სამუშაოდან, „ცოდნის კაფეში” სულ ისეთი შეხვედრები გვაქვს, განვიტვირთები ხოლმე“, ამბობს კლუბის ერთ–ერთი წევრი.
„ცოდნის კაფეში“ უამრავი სხვადასხვა პროგრამა შეიქმნა მათთვის – ლექციები და დისკუსიები ჯანდაცვაზე, სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებსა და კულტურაზე, ხელსაქმის კლუბი და სამაგიდო თამაშები, კულტურული ტურები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ისინი დიდი რუდუნებით ელოდებიან დღესასწაულებსა და წვეულებებსაც. 2023 წლისთვის 50–მდე ხანდაზმული მიიღებს მონაწილეობას 60+ კლუბის საქმიანობაში. „გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხანდაზმული ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა არასოდეს არის გვიან“,– ამბობს ნანა ბაგალიშვილი.
„ცოდნის კაფე“ სოციალური საწარმოა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო ინიციატივის“ მიერ 2016 წელს დაფუძნდა. ეს არის უნიკალური სივრცე, სადაც შესაძლებელია კულტურულ–საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების გამართვა ყველა ასაკის ადამიანისთვის. საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეუძლია პროგრამების განვითარებასა და ცვლილებების მხარდაჭერა.
გახდი თანაშემქმნელი! #გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია