en
ge

ელიმინაციის პროგრამა და ჰეპა +

ელიმინაციის პროგრამა და ჰეპა +

C ჰეპატიტი საწყის ეტაპზე უჩინარი, უსიმპტომო დაავადებაა, თუმცა დროული დიაგნოსტირებისა და ჩარევის შემთხვევაში განკურნების შესაძლებლობა იზრდება. საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება, ამიტომ 2015 წლიდან C ჰეპატიტთან საბრძოლველად ელიმინაციის პროგრამა ამოქმედდა. დიაგნოსტირება და მკურნალობა პაციენტისათვის სრულიად უფასო და კონფიდენციალურია.

სახელმწიფო პროგრამას ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ–ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოსგან. მათი ექსპერტებისგან შემდგარი მრჩევალთა ჯგუფი ყოველწლიურად ჩამოდის ქვეყანაში და მონაწილეობს ელიმინაციის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებასა და სარეკომენდაციო სამუშაოებში. 

პროგრამის შედეგები ამ ეტაპისთვის ასეთია: კვლევა ჩაუტარდა 2,8 მილიონ ადამიანს, მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო 81,550 ადამიანი, 56, 973 კი განიკურნა.

ელიმინაციის პროგრამის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები არიან ჩართულნი. წლებია ამ საკითხებზე აქტიურად მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განსაკუთრებით ზიანის შემცირების ქსელში შემავალი ორგანიზაციები. ისინი საქმიანობას ორი მიმართულებით ახორციელებენ – დაავადების პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანიების წარმოება და მეორე, უშუალოდ დაავადების დადგენა–მკურნალობაში მონაწილეობა. 

ერთ–ერთი მათგანია ორგანიზაცია ჰეპა პლიუსი. იგი 2010 წელს C ჰეპატიტით ინფიცირებულმა პაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა დაარსეს. მიზანი C ჰეპატიტის დიაგნოსტირებასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომის გაზრდაა. ორგანიზაციამ, 2015 წლიდან დღემდე, ელიმინაციის პროგრამაში ათასობით ადამიანის ჩართვას შეუწყო ხელი. ამჟამადაც აქტიურად მუშაობენ როგორც სკრინინგული, ასევე, რე–ინფიცირების შემთხვევების კვლევებზე.

ორგანიზაციამ C ჰეპატიტის მიმართულებით მუშაობა ელიმინაციის პროგრამის შექმნამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. კერძოდ, აწარმოებდა საინფორმაციო კამპანიებს ორგანიზაცია „ახალ ვექტორთან“ ერთად, მსოფლიო ექიმები – საფრანგეთის და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით. 

კამპანიები მოიცავდა ცნობიერების ამაღლების სკოლებს პაციენტებისთვის, საგანმანათლებლო ღონისძიებებს ჟურნალისტებისთვის, კამპანიებს ფართო საზოგადოებისთვის – რისკებისა და გადაცემის გზების შესახებ. შეიმუშავა „ცოცხალი ბიბლიოთეკის“ პროგრამა, რომლის საშუალებითაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას – თუ რა არის C ჰეპატიტი და რა გზა გაიარეს C ჰეპატიტისგან განსაკურნებლად. ორგანიზაცია ჩართული იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებისთვის C ჰეპატიტის პროგრამის შემუშავებასა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფში, რომელმაც შეიმუშავა მკურნალობის პროგრამა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. 

ჰეპა პლიუსი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციის საშუალებით, ყოველდღიურად აწვდის დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას – სად, როგორ და რა გზებით შეიძლება მკურნალობა, ან უბრალოდ, დაავადების თავიდან აცილება. 

#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები