თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ პლენარულ განხილვაზე მხარი დაუჭიროს 37,455 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას. მისი მიზანია ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
„საქართველოში მოსახლეობის 52.3% ქალია, თუმცა არჩევით თანამდებობებზე ქალების წარმომადგენლობა შეუსაბამოდ დაბალია. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალებმა მანდატების მხოლოდ 16% მოიპოვეს, ხოლო საკრებულოებში არჩეული დეპუტატების 13.46%-ია ქალი. ამ მაჩვენებლებით, საქართველო ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით განვითარებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მიუხედავად უკანასკნელ წლებში არჩეულ ქალთა რაოდენობის მცირე ზრდისა, არსებული ტემპებით საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას ათეული წლები დასჭირდება", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gyla.ge