თბილისი. ქალთა ფონდი ეხმაურება ბოლო დღეებში შექმნილ აჟიოტაჟს, რაც მოჰყვა „განათლებისა და შრომის ასოციაციის " ხელმძღვანელის ვიდეო-საუბრებს „სექსუალური განათლება" და მხარდაჭერას უცხადებს მათ ავტორს, ხატია ახალაიას.
„ვიდეოებით გამოწვეული აჟიოტაჟიც კიდევ ერთხელ, ნათლად გვიჩვენებს, რამდენად ტაბუდადებულია ადამიანის სექსუალობა ჩვენს საზოგადოებაში და შესაბამისად, რამდენად დიდია საჭიროება ამ ვაკუუმის ამოსავსებად, რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების ყველა მცდელობა ამ მხრივ.
ქალთა ფონდი დარწმუნებულია - იმისათვის, რომ ახალგაზრდა ქალები და გოგონები იყვნენ ჯანმრთელები და მათი უფლებები იყოს დაცული, მათ ადრიდანვე უნდა ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე და ჯანმრთელობაზე, ასევე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, სექსუალურ შევიწროებაზე, ნაადრევ ქორწინებაზე, არასასურველ ორსულობაზე, სგგი-ზე და სხვა. ანუ სექსუალური და რეპროდუქციული საკითხები საგანმანათლებლო პროგრამების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს, რადგან ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა საიმისოდ, რომ მიიღონ თავისუფალი და ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში