en
ge

თამაშით ნასწავლი ჟესტური ენა

თამაშით ნასწავლი ჟესტური ენა

გაიცანით სოციალური საწარმო „ჩუ", რომელმაც ჟესტური ენის პოპულარიზაციის მიზნით, ისეთი სამაგიდო თამაში შექმნა, რომელიც მის სწავლაში, საკომუნიკაციო ბარიერების გადალახვასა და ინკლუზიური გარემოს შექმნაში გვეხმარება.

სალომე წიქვაძე, სოციალური საწარმოს დამფუძნებელი, ინკლუზიურ თამაშზე გვიყვება:

„ჩვენი პირველი თამაში ჟესტური ენის პოპულარიზებაზეა აგებული, რომლის დროსაც საუბარი საჭირო არ არის. შეგიძლია ყველაფერი ჟესტებით გადმოსცე, სწორედ აქედან გაჩნდა სოციალური საწარმოს და თამაშის სახელის იდეა – „ჩუ“.

ჟესტური ენის სწავლა ბავშვობიდანვე მაინტერესებდა, თუმცა ეს მარტივი არ აღმოჩნდა. თამაში, გარდა იმისა, რომ ახალი ინფორმაციის მიღების, ახალი ადამიანების გაცნობის საუკეთესო საშუალებაა, იგი საუკეთესო გზაცაა ფართო აუდიტორიასთან მიგვეტანა ჩვენი სათქმელი – სმენის შეზღუდვის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშესაწყობისთვის, თუნდაც საბაზისო დონეზე, ჟესტური ენის სწავლების აუცილებლობა და მეთოდი.

სალომე აღნიშნავს, რომ თამაშის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა და მასთან ერთად მომუშავე გუნდის გარდა, მოსაზრებებს უზიარებდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და, რა თქმა უნდა, ქართული ჟესტური ენის სპეციალისტებს.

აღსანიშნავია, რომ წამოწყების გავრცელებამდე, ინიციატორებმა, ინკლუზიური თამაში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს გააცნეს და მათგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე პროდუქტი დახვეწეს. „მათი მოსაზრებების შემდეგ დავრწმუნდით, რომ სწორ გზაზე ვიდექით და თამაში ნამდვილად შეძლება საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილება გამოეწვია ჟესტური ენის შესწავლის მიმართულებით“, ამბობს სალომე.

თამაში „ჩუ“ შესაძლებლობას აძლევს 6 წლიდან ზევით, ნებისმიერ ადამიანს გაეცნოს და ისწავლოს ქართული ჟესტური ენის საბაზისო სიტყვები.

#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები