„თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი…“
......
„შემოდიოდა სიკვდილი ცელით“...
1921 წლის 25 თებერვალს დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენამდე, კოლაუ ნადირაძის ეს ლექსი ხელიდან ხელში გადადიოდა; ლექსის დაწერიდან რამდენიმე წელში საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.
თუმცა მანამდე იყო 70 წლიანი წითელი ტერორი.
1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, გმირული ბრძოლის მიუხედავად ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა. საქართველო საბჭოთა იმპერიის ნაწილი გახდა, რასაც მოჰყვა სხვადასხვა წლებში რეპრესიები, აიკრძალა პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები თუ გაერთიანებები, გამომცემლობები, ბანკები და ყველა ის სიკეთე, რომელიც მე–19 საუკუნის მეორე ნახევრის და მე–20 საუკუნის დასაწყისის ცვლილებების ხანამ მოიტანა. და რაც მთავარია ათასობით ადამიანი ემსხვერპლა წითელ ტერორს, ნაწილს გადასახლება და ხანგრძლივი პატიმრობა მოუწია, ნაწილი ემიგრაციაში წავიდა...
დღეს 25 თებერვალია, დღე რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასს, მნიშვნელობას და ოკუპაციის ტრაგიკულ შედეგებს. კიდევ ერთხელ გვახსენებს გმირებს, მათ მაგალითებს და იმას, რომ დამოუკიდებლობის მოპოვება და შენარჩუნება საზოგადოების თითოეული წევრის ვალია.