en
ge

გაიცანით ანიკა...

გაიცანით ანიკა...

ასოციაცია „ანიკა“ 1997 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვცების მშობლებმა დააარსეს. ორგანიზაციის მიზანი შშმ პირებისთვის ღირსეული არსებობისა და საზოგადოებაში ინტეგრირების პირობების შექმნაა. ამას ისინი არა მათი იზლოაციის, არამედ პირიქით, საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი აქტივობებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ბანაკების მეშვეობით აღწევენ.

"ანიკამ" მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული, მაგრამ საქართველოსთვის ინოვაციური - პერსონალური ასისტენტის მოდელი დანერგა. მოდელი აძლევს საშუალებას შშმ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს, რომ განსაზღვრული დროით ისარგებლონ პროფესიონალი პირის დახმარებით. ასოციაცია "ანიკას" შესახებ მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი - ირინა ინასარიძე გვესაუბრება: „ჩემი შვილი - ანა, 90-იანებში დაიბადა. ქვეყანაც და მეც გამოუცდელები ვიყავით შეზღუდული შესაძლებლობის მიმართულებით. გვქონდა მცდარი წარმოდგენები. მაგალითად გვეგონა, რომ, თუ ჩვენს ბავშვებს საზღვარგარეთ წავიყვანდით, მათ „გამოჯანმრთელებას“ შევძლებდით. 1997 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია „ანიკა“ დავაარსეთ, თუმცა ჩვენივე შეცდომებზე მალე ვისწავლეთ და მივხვდით, რომ ჩვენი შვილები ისედაც ჯანმრთელები არიან - მათ უბრალოდ საზოგადოებაში ინტეგრირების პრობლემა აქვთ. პროფესიით ეკონომისტი ვარ და ვოცნებობდი საკუთარი ბიზნესი მქონოდა, თუმცა საბოლოო ჯამში სხვა სფეროში აღმოვჩნდი და ვგონებ, სწორი არჩევანი გავაკეთე. თავდაპირველად, თანხების მოძიების მცდელობისას ყველა გვეუბნებოდა, რომ პროექტი უნდა დაგვეწერა, თუმცა წარმოდგენა არ გვქონდა ეს როგორ უნდა გაგვეკეთებინა. საბოლოო ჯამში, ფონდ „ჰორიზონტის“ დახმარებით ძალიან კარგი პროექტი დავწერეთ სმენის არმქონე ახალგაზრდებისათვის და 3 000 ლარიანი გრანტი მივიღეთ. ამას სხვა გრანტებიც მოჰყვა. დღეს სახელმწიფოსთანაც ვთანამშრომლობთ, თუმცა დაფინანსების დიდი ნაწილი გრანტებზე მოდის. თანხები ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისათვის აუცილებელი სერვისების განვითარებას, პროექტების განხორციელებას და შშმ პირთათვის ადაპტირებული ცენტრების კეთილმოწყობას ხმარდება. ამას გარდა, ვმუშაობთ შშმ პირთა დასაქმების პროგრამებზეც. როდესაც ანა სასკოლო ასაკის გახდა, მისი საჯარო სკოლაში მიღების პრობლემა საკანონმდებლო დონეზეც კი იდგა. მივაღწიე იმას, რომ ჩემი შვილი საჯარო ბაღშიც მიიღეს და სკოლაშიც. როდესაც ანას ერთ-ერთი კლასელის დედამ მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ სკოლაში ჩემი შვილის სიარულმა მისი შვილიც ძალიან შეცვალა - გახდა უფრო მზრუნველი და მოტივირებული, მეც მომემატა მოტივაცია. საბოლოოდ მოვიპოვეთ შშმ ბავშვების საჯარო სკოლაში შეშვების უფლება საკანონმდებლო დონეზე, რასაც ინკლუზიური განათლების განვითარებაც მოჰყვა. ჩვენს საქმიანობას ნამდვილად დადებითად ვაფასებ. საზოგადოების მიდგომა შშმ პირების მიმართ მნიშვნელოვნად არის შეცვლილი და ცნობიერებაც ამაღლებულია, თუმცა ვფიქრობ, რომ წინ კიდევ დიდი შრომა გველის.“

მსგავსი პოსტები