en
ge

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი და ლიდერთა სკოლა

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი და ლიდერთა სკოლა

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი 1996 წელს დაფუძნდა და პირველი პროექტი, რომელიც წამოიწყო და დღემდე წარმატებით მუშაობს – არაფორმალური განათლების ცენტრია, მოკლედ რომ ვთქვათ „ლიდერთა სკოლაა“. თავდაპირველად ოზურგეთში, შემდეგ ჩოხატაურსა და თბილისში გაიხსნა ლიდერთა სკოლა, რომლის მიზანია ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარების და დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა. 

გასული საუკუნის 90–იან წლებში ასეთი წამოწყების გამო ორგანიზაციას, საზოგადოების სხვადასხვა განწყობისა და დამოკიდებულების გადალახვა მოუწია, თუმცა საბოლოოდ, ახალგაზრდების ინტერესებმა და აქტიური მოქალაქის აუცილებლობამ შეცვალა დამოკიდებულება.

ლიდერთა სკოლა 9 ახალგაზრდის მონაწილეობით დაიწყო, ახლა მას ასობით კურსდამთავრებული ჰყავს.

 „ლიდერთა სკოლა გვაძლევს პიროვნული განვითარებისა და ჩამოყალიბების შესაძლებლობას. აქ ვსწავლობთ და ვუზიარებთ ცოდნას სხვებს“, ამბობენ მონაწილეები, რომლებსაც სჯერათ რომ მიღებული ცოდნა დადებითი ცვლილებების მომტანია.

არაფორმალური განათლების ფორმატი ასეთია: ინფორმაციის მიწოდება საჯარო ლექციებით, სემინარებით, პრეზენტაციებითა და მასტერკლასების საშუალებით, ხოლო ინფორმაციის გავრცელება თავად ახალგაზრდების საშუალებით ხდება: ისინი აქტიურად აწყობენ სემინარებს, დებატებს, დგამენ ინტერაქტიულ სპექტაკლებს, მართავენ სათემო აქციებს. მოიძიებენ პრობლემებს, ამზადებენ გადაწყვეტის შესაძლო წინადადებებს და წარუდგენენ სახელისუფლებო სტრუქტურებს. 

სასწავლო თემატიკის შერჩევისას, მოსწავლეთა ინტერესებისა და წინა წლის გამოცდილების პარალელურად ითვალისწინებენ დროის მოთხოვნას. მაგალითად წელს მთავარი ხაზგასმა მოხდა მეწარმეობაზე, როგორც ახალი იდეების, მიდგომებისა და შესაძლებლობების მოძიების საქმიანობაზე. 

ერთწლიანი მუშაობის შემდგომ გუნდებმა 14 ბიზნეს–იდეა შექმნეს და პოტენციურ ინვესტორებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ, იდეათონზე წარუდგინეს.ყველა მათგანი დაჯილდოვდა, თუმცა გამორჩეულმა პროექტებმა სასტარტო კაპიტალიც მიიღეს. მაგრამ მთავარი მაინც გამოცდილება და ცოდნაა, რომელიც ახალგაზრდებმა ამ პროცესის დროს შეიძინეს.

#გაიზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები