ახალგაზრდა აქტივისტმა თაზო ჯოჯუამ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ორბელიანის“ სახალხო დაფინანსების (ქრაუდფანდინგის) პლატფორმაზე „ორბელიანი მეტი" დაარეგისტრირა იდეა ასკანის სკოლისთვის ციფრული სივრცის შექმნის შესახებ.
„ორბელიანი მეტი“ სოციალური ინიციატივების მხარდამჭერი ვებგვერდია და მოქალაქეებს დონორების, საზოგადოების დახმარებით თავიანთი თემის, საცხოვრებელი გარემოს უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებას აძლევს.
თაზოს იდეის განხორციელებამ სკოლას ციფრული ტექნიკა შესძინა, რომელიც საგაკვეთილო თუ არასაგაკვეთილო პროცესში წარმატებით ინტეგრირდა.
„თავდაპირველად, ჩემთვის წამოუდგენელი იყო „ციფრული სივრცის“ შექმნის იდეა ამხელა მაშტაბებეზე თუ გავიდოდა. საზოგადოების, დონორებისა და სხვადასხვა კომპანიების დახმარებით, 10 000 ლარი შევაგროვეთ. შედეგად კი, თანამედროვე ტექნიკა (ჭკვიანი ტელევიზორი, მიკროფონი, დინამიკი, კომპიუტერი, ლეპტოპი, პროექტორი) შევიძინეთ. რა თქმა უნდა, ამ თანხით, სრულად ვერ მოვახერხეთ ყველა საჭირო ტექნიკის შეძენა, თუმცა შედეგით საგრძნობლად გაუმჯობესდა მოსწავლეების წვდომა ინტერნეტსა და ტექნიკაზე“.
შემდეგში, ციფრული სივრცის ბაზაზე, ასკანის სკოლის მოსწავლეების, თაზო ჯოჯუას და ანანო ომიაძის ახალგაზრდული ინიციატივა ჰელფინგ ჰენდმა და გაეროს ბავშვთა ფონდმა საგრანტო კონკურსის ფარგლებში დააფინანსა.
ინიციატივა გულისხმობდა ახალგაზრდული მოხალისეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტის განხორციელებას. პროგრამის მიზანი იყო მოხალისეობის პოპულარიზაცია, აქტივიზმის ხელშეწყობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოზარდების განვითარება... თაზო ამბობს, რომ პროექტის დაწერის იდეა დადებითი ცვლილებების მოლოდინმა და ახალგაზრდებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების გაჩენის სურვილმა განაპირობა.
პროექტის ფარგლებში შექმნილი ცენტრის წევრები, მოხალისეობრივად გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებეს (ტრენენინგებს, შეხვედრებს, დისკუსიებს, დებატებს, კონკურსებს, ვორქშოფებს).
„მოხალისეობა არის შესაძლებლობა, უკეთესობისკენ შევცვალოთ არსებული რეალობა. სწორედ ეს მოტივი გვამოძრავებდა ჩვენც და ვფიქრობ, თითოეული ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, ხელი შეუწყოს პრობლემების მოგვარებას და დახმარების ხელი გაუწოდოს იმას, ვინც ჩვენგან მხარდაჭერას საჭიროებს“, აღნიშნავს თაზო ჯოჯუა.
ავტორი: თეკლე ქაროსანიძე