en
ge

ქართველი მოსწავლეები სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრებიან...

ქართველი მოსწავლეები სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრებიან...

შიდა ქართლიდან 5 მოსწავლე - დავით რობანიშვილი, ლუკა მოსიაშვილი, რატი ბეგიჯანაშვილი, ლიზი ბერიანიძე და ელენე ფატარიძე სამკვირიანი სასწავლო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან.

„სიმართლე გითხრათ, ამ შედეგს ველოდი, და ვთვლი, რომ თავდაჯერებულობამაც დიდი როლი ითამაშა. იმ დროს, როცა PH International-ის წარმომადგენელმა დამირეკა, მეგობრებთან ერთად ვიყავი და ემოციურად აღვნიშნეთ ჩემი გამარჯვება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ACCESS პროგრამამ გამხადა მიზანზე უფრო მეტად ორიენტირებული, რისთვისაც მადლობას ვუხდი PH International-ს, ამერიკის საელჩოს და საზოგადოება „ბილიკს““, ამბობს დავით რობანიშვილი, პროგრამის გამარჯვებული ქარელის მუნიციპალიტეტიდან. 

ამ წარმატებას მოზარდებმა ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამის (The English Access Microscholarship Program (ACCESS)) ფარგლებში მიაღწიეს. Access მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიუმჯობესონ ინგლისური ენა, გაეცნონ ამერიკულ კულტურას, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და ისწავლონ ამერიკაში. პროგრამა საქართველოში ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, 18 ლოკაციაზე ხორციელდება. შიდა ქართლში Access-ის მხარდამჭერია საზოგადოება „ბილიკი“. 

„პროგრამის შესარჩევი ეტაპები საკმაოდ შრომატევადი იყო. მაქსიმალურად შევეცადე ყველაფერი კარგად და დროულად შემესრულებინა. დიდი იმედი მქონდა, რომ ფინალისტებს შორის მოვხვდებოდი, თუმცა დაზუსტებით არაფერი ვიცოდი. ინტერვიუდან, რომელიც შერჩევის ბოლო ეტაპი იყო, დაახლოებით 10 დღის შემდეგ გავიგე, რომ ერთ-ერთი ფინალისტი ვარ. ACCESS პროგრამამ ბევრი რამ მასწავლა. ამ ორი წლის განმავლობაში ავიმაღლე ცოდნის დონე არამარტო ინგლისურ ენაში, არამედ, ამერიკულ კულტურასა და ისტორიაშიც. ასევე, განვივითარე ლიდერობის, პრეზენტაციის, საუბრის, წერის, კითხვის, ჯგუფური მუშაობის უნარები, რომლებიც გაცვლით პროგრამაში წარმატების მიღწევაში დამეხმარა. დარწმუნებული ვარ, ACCESS პროგრამაში მიღებული ცოდნა სხვა პროექტებში წარმატების მოპოვებაშიც შემიწყობს ხელს“, აღნიშნავს ლიზი ბერიანიძე, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი გამარჯვებული. 

2 წლის განმავლობაში, კვირაში სამჯერ, 2 საათიანი ხანგრძლივობით, მოსწავლეები საზოგადოება „ბილიკის“ ბაზაზე მეცადინეობდნენ ინგლისურ ენას. 

„ორწლიანი სწავლების შემდეგ, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ACCESS პროგრამის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში (პროექტი „ჰარმონია“, აშშ საელჩო საქრთველოში). გაიარეს ონლაინ ტრენინგები, ასრულებდნენ დავალებებს. დავალებების და ტრენინგების საფუძველზე, გადავიდნენ კონკურისის შემდეგ ეტაპზე. მეორე ტურის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს ჰქონდათ გასაუბრება. გასაუბრების შედეგად კი ფინალისტები შეირჩნენ“, გვიყვება საზოგადოება „ბილიკის“ ხელმძღვანელი, მარინე მღებრიშვილი. 

ACCESS პროგრამის გარდა, ბილიკი მოზარდების განვითარებას ხელს უწყობს ისეთი პროექტებით, როგორიცაა გორის ინოვაციური ცოდნის ჰაბი, მედია კლუბი, პროექტი: „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება”.

„საზოგადოება „ბილიკთან“, გარდა ACCESS პროგრამისა, სამოქალაქო განათლების კუთხითაც ინტენსიური კავშირი მქონდა, რაც საშუალებას მაძლევდა განმეხორციელებინა პროექტები ჩემს სოციუმში და ამ გზით, წვლილი შემეტანა თემის განვითარებაში“, ამბობს დავით რობანიშვილი. 

პროგრამა დაფინანსებულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ და ხორციელდება პროექტი ჰარმონია/PH- international-ის მიერ, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით.

ავტორი: თეკლე ქაროსანიძე

მსგავსი პოსტები