en
ge

ბაქტერიოფაგის დამაარსებლის ტრაგიკული ისტორია

ბაქტერიოფაგის დამაარსებლის ტრაგიკული ისტორია

1928 წელს პენიცილინის უნიკალური თვისებების აღმოჩენის შემდეგ, მსოფლიო მედიცინაში ნამდვილი გადატრიალება მოხდა. ანტიბიოტიკები დღესაც რჩება ბაქტერიებთან ბრძოლის ყველაზე პოპულარულ მეთოდად; ამასთან, დასავლურმა მედიცინამ დაივიწყა კიდევ ერთი „გმირი“ - ბაქტერიოფაგი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში შეუძლია ანტიბიოტიკების არა მხოლოდ ჩანაცვლება, არამედ ბაქტერიებთან გაცილებით უფრო ეფექტური ბრძოლა. 

ბაქტერიოფაგი არის ვირუსი, რომელიც ბაქტერიებს ორგანიზმში „მონადირის პრინციპით“ ეძებს. ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, ის „წერტილოვანი დარტყმებით“, მხოლოდ მავნე ბაქტერიებს ანადგურებს. ბაქტერიოფაგები, ჯერ კიდევ 1916 წელს შენიშნეს, თუმცა მათ კვლევაში მოწინავე როლი ქართველმა მეცნიერმა - გიორგი ელიავამ და კანადელმა - ფელიქს დ’ერელმა შეასრულეს. 

1892 წელს დაბადებულმა გიორგი ელიავამ, 20-იან წლებში, პარიზში, პასტერის ინსტიტუტში მუშაობისას ნამდვილი გარღვევა მოახდინა და დ’ერელთან ერთად უნიკალური კვლევების ავტორი გახდა. 

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში დარჩენა და საკუთარი კათედრის გაძღოლა არაერთხელ შესთავაზეს, ელიავამ საქართველოში დაბრუნება და მოღვაწეობა არჩია. 1923 წელს თბილისში მან ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი დააარსა; 100 000 ფრანკის ღირებულების აღჭურვილობა კი საფრანგეთისგან უსასყიდლოდ მიიღო. 

1937 წელს, „მადლიერმა“ საბჭოთა რეჟიმმა, მისთვის დამახასიათებელი პასუხი გასცა მეცნიერს და „საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ და „საბჭოთა ხალხში ეპიდემიის გამოწვევის მცდელობის“ ბრალდებით მეუღლესთან ერთად დახვრიტა. 

ბაქტერიოფაგის ინსტიტუტს მუშაობა არ შეუწყვიტავს, თუმცა სსრკ-ს ჩაკეტილობისა და არსებული „რკინის ფარდის“ გამო, ევროპაში 90-იან წლებამდე თითქმის არავინ იცოდა იმ უდიდესი წარმატებების შესახებ, რასაც ქართველი მეცნიერები აღწევდნენ. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, თავად საქართველოშიც კი, ცოტა თუ ხვდებოდა, რამხელა მასშტაბის სამუშაო სრულდებოდა ჩვენს ქვეყანაში. 

1996 წელს თბილისში ჩამოსულმა ჩეხმა ჟურნალისტმა - პიტერ ჰრადეცკიმ, ჟურნალ Discover-ისთვის ვრცელი სტატია მოამზადა, რის შემდეგაც თემა New York Times-მა და BBC-მაც აიტაცეს.

თბილისის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი, რომელიც დღეს გიორგი ელიავას სახელს ატარებს, მსოფლიოს წამყვანი დაწესებულებაა ბაქტერიოფაგის კვლევის კუთხით და ევროპელი პარტნიორებისა და ევროკავშირის დახმარებით, აქ დღესაც უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მოქმედებს ბიბლიოთეკა, სადაც 8000-მდე ნაშრომს და 10000-მდე წიგნს შეგიძლიათ გაეცნოთ. შეგიძლიათ ეწვიოთ მუზეუმსაც, სადაც უამრავ საინტერესო ექსპონატს იხილავთ.

მსგავსი პოსტები