en
ge

ვინ შექმნა თსუ–ს გერბი?

ვინ შექმნა თსუ–ს გერბი?

8 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 102 წლისთავს აღვნიშნავთ და კარგი იქნება, თუ იმ ადამიანებს გავიხსენებთ, ვისმა სამოქალაქო აქტივიზმმა და პასუხისმგებლობამ უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის საგანმანათლებლო ცხოვრებაში. 

მათ შორის ერთ-ერთი უდავოდ დიმიტრი შევარდნაძეა - ქართველი ფერმწერი, რომელმაც უნივერსიტეტის გერბი და ბეჭედი შექმნა. 

გერბზე ასახული ცენტრალური კომპოზიცია - ირემი და მისი ნუკრი, უფროსი თაობის მიერ უმცროსისათვის ცოდნისა და გამოცდილების გადაცემას ასახიერებს. 

თუმცა, ქართული საზოგადოების წინაშე დიმიტრი შევარდნაძის დამსახურება ამით ნამდვილად არ შემოიფარგლება. 

1885 წელს, სოფელ ბახვში დაბადებულმა მომავალმა საზოგადო მოღვაწემ 1907 – 1912 წლებში მიუნხენის სამხატვრო სკოლაში, ოტტო ზაიტცის კლასში ისწავლა. იქვე შეისწავლა ფოტოხელოვნებაც და 1916 წელს სამშობლოში დაბრუნდა. 

იმავე წელს დააარსა საქართველოს ხელოვანთა ასოციაცია, რომელიც სტიპენდიებს გასცემდა ახალგაზრდა მხატვრებზე, მათ შორის ელენე ახვლედიანზე და ლადო გუდიაშვილზე. 

უდიდესი წვლილი მიუძღვის დიმიტრი შევარდნაძეს ქართული ხელოვნების ნიმუშების შეკრებასა და მუზეუმისათვის გადაცემის საქმეში. იყო ნიკო ფიროსმანის ნამუშევართა მკვლევარი და შემგროვებელი. ფიროსმანის პოპულარიზაციაც დიდწილად მისი დამსახურებაა. შევარდნაძე გახლდათ ეროვნული სამხატვრო გალერეისა და სამხატვრო აკადემიის დაარსების სათავეებთან. ამას გარდა, აქტიურად მონაწილეობდა მაშინდელ პოპ-კულტურაში. იყო პირველი ქართული მხატვრული ფილმის - „ქრისტინეს“ დამდგემლი მხატვარი და მრავალი ოპერის, მათ შორის „აბესალომ და ეთერის“ კოსტიუმების ესკიზების ავტორი. 1925 წელს შექმნა ქართული შრიფტის გრაფიკული მოხაზულობის ახალი ვარიანტი. 

დიმიტრი შევარდნაძის სიცოცხლე საბჭოთა რეჟიმმა დაასრულა. ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილებით თბილისში მეტეხის ციხის დანგრევა იგეგმებოდა. ამ წამოწყებას წინ არაერთი საზოგადო მოღვაწე აღუდგა, მათ შორის დიმიტრი შევარდნაძე, მიხეილ ჯავახიშვილი და სანდრო ახმეტელი. სამივე მათგანი 1937 წელს დახვრიტეს, თუმცა მათმა და მათი მეგობრების სამოქალაქო აქტივობამ, შეძლო და რიგ ეპიზოდებში, საბჭოთა რეჟიმსაც კი უკან დაახევინა.

მსგავსი პოსტები