„დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთანავე, საქართველოში, სოციალური სერვისების ხელმისწვდომობა მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთ დიდ გამოწვევად იქცა. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით გამონაკლისს არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენდნენ. ისინი თავად, ან ოჯახის წევრების საშუალებით ხშირად მოგვმართავდნენ დახმარების თხოვნით. სწორედ მაშინ დავიწყეთ მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრების ჩამოყალიბებაზე“, - ამას „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ლიკა კილაძე გვიყვება. იმ მიზეზების შესახებ ვკითხეთ, რამაც ორგანიზაცია შშმ პირების პრობლემებით დააინტერესა. მოსაყოლი ლიკას ბევრი აქვს, მათმა პირველმა დღის ცენტრმა 2008 წელს ქუთაისში დაიწყო ფუნქციონირება, მოგვიანებით, ასეთი ცენტრები სამტრედიასა და თერჯოლაში გახსნეს, ხოლო 2017 წელს - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის და პირებისთვის ცენტრის სერვისები სოფელ საგურამოშიც ამოქმედდა. მთლიანობაში კი, შშმ პირებისთვის, „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს“ 5 მსხვილი პროექტი აქვს განხორციელებული.
„არავისთვის იქნება ახალი, თუკი ვიტყვი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წაროადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს, რომელიც ხშირად საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდება“, - ამბობს ლიკა კილაძე, - „მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით დიდი ძალისხმევაა გაწეული, მათ კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები. ეს პრობლემები განსაკუთრებით მძაფრად ჩანს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემს ყოველდღიურად უწევს დაბრკოლებების გადალახვა, რაც არ ნიშნავს ღირსეულ ცხოვრებას. ამ დაბრკოლებების გამო, ხშირად, ისინი დახურულ სივრცეში იკეტებიან, საკუთარ თავს საზოგადოების ნაწილად ვერ აღიქვამენ და გარიყული მდგომარეობიდან თავის დახსნას ვეღარ ახერხებენ“.
კოვიდ-19-ის პირობებმა შშმ პირების მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ლიკა იმ კვლევებს იხსენებს, რომელიც აჩვენებს თუ რამდენად გაუჭირდათ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს პანდემიით გამოწვეული სირთულეებთან გამკლავება - წლების განმავლობაში გაწეული დიდი ძალისხმევის შედეგად დასაქმებულმა არაერთმა პირმა დაკარგა სამუშაო ადგილი და კვლავ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების პირისპირ დარჩა, სმენისა და მხედველობის შეზღუდვების მქონე ადამიანები, სხვა პრობლემებთან ერთად, ინფორმაციის მიღების პრობლემის წინაშეც აღმოჩნდნენ.
შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობა ერთ-ერთია იმ მიმართულებებიდან, რომელზეც „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ მუშაობს. „ჩვენი პროექტები მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის სერვისების განვითარებისკენ. ორგანიზაცია, ასევე, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სერვისების მოდელების შექმნასა და მათ სახელმწიფო პროგრამებში ინტეგრირებას“, - ყვება ლიკა, - „საინტერესო და ეფექტიან ღონისძიებას წარმოადგენს დასაქმების ფორუმები. ეს არის კარგი შესაძლებლობა როგორც დამსაქმებლისთვის, ისე - სამუშაოს მაძიებლისთვის, დაამყარონ ერთმანეთთან კავშირები ფორმალური ბარიერების გარეშე. დასაქმების პროგრამების წარმატებით დანერგვა კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში მათი წვლილი უდიდესია. ისინი მთავარ როლს ასრულებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომიუნარიანობასთან დაკავშირებული სტერეოტიპების დამსხვევასა და საზოგადოებაში ჯანსაღი განწყობების შექმნაში. პრაქტიკული მუშაობით მიღებული გამოცდილება აჩვენებს, რომ, თუკი დამსაქმებელი ღირსეულ სამუშაო პირობებს ქმნის დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, შედეგად, კეთილსინდისიერ, ერთგულ და კვალიფიციურ კადრს იღებს, რომელიც მის გუნდში გრძელვადიანი პერიოდით საქმდება“.
ოჯახის როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლებასა და დასაქმებაში, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, თუმცა, 13-წლიანი საქმიანობის შემდეგ, ლიკა კილაძეს თამამად შეუძლია თქვას, რომ მათი ცენტრის წვლილი ამ საქმეში ნამდვილად ღირებულია: ორგანიზაციის დღის ცენტრები ინდივიდუალურ მომსახურებას აწვდიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და პირებს, რითაც ხელს უწყობენ მათი ფუნქციური, აკადემიური, სოციალური და პროფესიული უნარების განვითარებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას; სერვისით მოსარგებლეები ორჯერადი კვებით და, საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურებით არიან უზრუნველყოფილნი; საჭიროების შესაბამისად, მიეწოდებათ მეტყველების, სენსორული და არტ თერაპიის მომსახურება; დღის ცენტრის სერვისებში ჩართულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან აქტიურად მუშაობენ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები, რომლებიც მათ შრომის ბაზარზე საკუთარი ადგილის პოვნასა და თავის დამკვიდრებაში ეხმარებიან; სერვისის ფარგლებში, უზრუნველყოფილია თითოეული პირის ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურება – ცენტრში უსაფრთხოდ მიყვანისა და სახლში დაბრუნება.
„რა თქმა უნდა, მომავალშიც ვგეგმავთ შშმ პირების მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას, მეტიც, ვაპირებთ გავაფართოვოთ ჩვენი საქმიანობების მასშტაბები. მაგალითად, 2022 წლიდან ვგეგმავთ დღის ცენტრის გახსნას ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც ძალიან მაღალია სერვისის საჭიროება თუმცა, ის პრაქტიკულად არ არსებობს“, - ამბობს ლიკა, - „რაც შეეხება დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებს, მომავალი წლიდან საქმიანობას განვავითარებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითდასაქმების ხელშეწყობის მიმართულებითაც. ასევე, ინტერვენციებს განვახორციელებთ სოციალური მეწარმეობის სექტორის განვითარების მიმართულებითაც, რომელიც თავის მხრივ, ისეთი სოციალური პრობლემების მოგვარებასაც გულისხმობს, როგორიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებაა“.
მაკა ჯაიანი