სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია „ხელი ხელს“ ათი წელიწადია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ემსახურება, ცდილობს, გააძლიეროს ისინი, დამოუკიდებელი გახადოს და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.
ორგანიზაცია ამ მიზნების მიღწევას შშმ პირებისთვის საოჯახო საცხოვრისის სერვისის მიწოდებით ახერხებს. ბენეფიციარები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს, თავად ამზადებენ კერძებს, ალაგებენ საცხოვრისს, უვლიან ბაღ-ბოსტანს, ყიდულობენ პროდუქტებს, ესწრებიან სხვადასხვა ღონისძიებებს... ზოგიერთ მათგანს პროფესიაც აქვს და დასაქმებულიც არის. ხელი ხელს აძლიერებს შშმ პირების ოჯახის წევრებსაც, პირებს, რომლებიც ზრუნავენ მათზე.
ორგანიზაციის უახლეს მიღწევებს შორის არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ, მსოფლიოს მასშტაბით, მათი გამოცდილების საუკეთესოდ აღიარება.
ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე CsoGeorgia.org-ს ორგანიზაციის პერსონალური ასისტირების პროგრამის მენეჯერი ელენა კობიძე ესაუბრა.
ელენა, პირველ რიგში, რა უპირატესობა აქვს საოჯახო ტიპის საცხოვრისს შშმ პირებისთვის?
თითოელ საცხოვრისში, შშმ პირთა რაოდენობა არ აღემატება 5 ბენეფიციარს. მომსახურების მთავარი პრინციპია ინდივიდზე ორიენტირება - ის თავად მონაწილეობს საკუთარი მხარდაჭერის გეგმის შექმნის პროცესში, თავად აძლევს მიმართულებას საკუთარ ცხოვრებას და საჭირო დროს იღებს საჭირო ინტენსივობის დახმარებას. ამასთან, სწავლობს ოჯახის წევრთა პატივისცემას და ოჯახურ თანაცხოვრებას.
ზრდასრული შშმ პირებისთვის მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურება საუკეთესო ალტერნატივაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საშუალება იცხოვრონ ბიოლოგიურ ოჯახში. ის ტიპური საცხოვრებლის იდენტურია, არ ჰგავს დიდი ზომის ინსტიტუციებს და საშუალებას გვაძლევს დავინახოთ პიროვნება. აქ მცხოვრებ შშმ პირებს არ აქვთ რეჟიმი, თავად იღებენ გადაწყვეტილებებს და ითვისებენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს.
სერვისი მხარს უჭერს ბენეფიციარებს ჩაერთონ საგანმანათლებლო პროცესში, დასაქმდნენ, ჰქონდეთ მაღალი და მუდმივად მზარდი ჩართულობა თემის თუ საოჯახო ცხოვრებაში.
თუ გაქვთ გამოცდილება, რომ შშმ პირი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის სრულად მზად ჩაგითვლიათ და ხელი შეგიწყვიათ დაეტოვებინა საცხოვრისი, დაბრუნებულიყო ოჯახში (ასეთის არსებობის შემთხვევაში ან ახალი ოჯახი შეექმნა).
ასეთი გამოცდილება არ გვქონია, რადგან მაცხოვრებლების უმეტესობა იზრდებოდა დიდი ზომის დაწესებულებებში და მათ არ ჰყავთ ოჯახი, ასევე დამოუკიდებლად ცხოვრების შემაფერხებელი ფაქტორია ფინანსური შეჭირვება. გურჯაანის სახლებში, მაცხოვრებლების დამოუკიდებლობის ხარისხი მაქსიმალურად გაზრდილია, შესაბამისად, ისინი აღარ საჭიროებენ მუდმივ მხარდაჭერას. ასევე, გურჯაანში გვყავს ორი ოჯახი, ცოლ-ქმარი, 2-2 შვილით.
როგორც ვიცით, ყველა საცხოვრისს აქვს პერსონალური ასისტენტის 24 საათიანი მომსახურება. რას გულისხმობს ეს მომსახურება?
პერსონალური ასისტირების მომსახურება მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გულისხმობს ბენეფიციარების მხარდაჭერას მათთვის ბუნებრივ გარემოში, დახმარებას საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასა და ინტეგრაციაში, რაც ზრდის შშმ პირის დამოუკიდებლობას და საკუთარი ცხოვრების კონტროლის შესაძლებლობას. ასისტენტის მომსახურება, განსხვავებულია კონკრეტული ადამიანის საჭიროებებიდან გამომდინარე. ასისტირების აქტივობები შესაძლოა მოიცავდეს: მხარდაჭერას კომუნიკაციაში, გადაადგილებაში, დაგეგვმაში, დასვენება/მუშაობაში, სოციალიზაციაში, ფუნქციური უნარ-ჩვევების დასწავლაში, განათლებაში, კოგნიტურ, ემოციურ, სენსორულ და პიროვნულ სფეროებში.
ჰყავს თუ არა ორგანიზაციას მოხალისეები და რას აკეთებენ ისინი?
დიახ, ორგანიზაციას ჰყავს მოხალისეები, რომლებიც პანდემიის პირობებში ერთვებიან ონლაინ, ეცნობიან ბენეფიციარებს, ამყარებენ მათთან მეგობრულ კავშირებს და სთავაზობენ საინტერესო აქტივობებს, ჩართული არიან მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში.
როგორი იყო ორგანიზაციისთვის, საცხოვრისების ბენეფიციარებისთვის პანდემიის პერიოდი?
პანდემიის პერიოდი საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები შშმ პირებისთვის, ისევე როგორც სხვა ადამიანებისთვის, რთული აღმოჩნდა. უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე ბენეფიციარების უმრავლესობამ დაკარგა სამსახური. შეეზღუდათ კონტაქტები და მოაკლდათ სოციალიზაცია. შესაბამისად, მოგვიწია ალტერნატიული გზების ძიება ამ აქტივობების ჩასანაცვლებლად.
ემოციურად მეტი მხარდაჭერა დასჭირდათ მოულოდნელ ცვლილებებთან შესაგუებლად და განსხვავებული ცხოვრების დასაწყებად.
ამ ეტაპზე, რამე საჭიროების წინაშე ხომ არ დგას ორგანიზაცია?
პანდემიის პერიოდში, გაიზარდა სერვისის ხარჯები, საჭირო გახდა იზოლაციის სივრცეების მოწყობა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შეძენა, ინფლაციის პირობებში გაძვირდა პროდუქტები. სამსახურების დატოვების გამო დაკარგეს პირადი შემოსავალიც, შესაბამისად, საჭირო გახდა დამატებითი სახსრების მოძიება, მათი საჭიროებების სრულად დასაკმაყოფილებლად.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თქვენი ორგანიზაციის გამოცდილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოდ აღიარა, ამ ფაქტს რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს?
„ხელი ხელს“ გახდა პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელიც ჯანმო-ს ტექნიკურ პაკეტში მოხვდა და გახდა სამაგალითო, არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ აღიარება დაემთხვა ორგანიზაციის 10 წლის იუბილეს. ეს ფაქტი წაახალისებს არა მხოლოდ ორგანიზაციას, ორმაგი მოტივაციით განაგრძოს ინოვაციური სერვისების შექმნა, არამედ სახელმწიფოსაც, დააჩქაროს შშმ პირთა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და დააბრუნოს შშმ პირები საზოგადოებაში.
ესაუბრა თეკლე ქაროსანიძე