en
ge

ენერგეტიკა პოლიტიკის გარეშე

ენერგეტიკა პოლიტიკის გარეშე

ბოლო თვეების განმავლობაში, მესამე სექტორმა საზოგადოებას საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობის, ჰესების მშენებლობებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების რამდენიმე კვლევა წარუდგინა. ასეთი ინტერესი, პირველ ყოვლისა, თემის სიმწვავეზე მიუთითებს. სპეციალისტების დასკვნები, წარუმატებელი მშენებლობებით გამოწვეული პრობლემები, მოსახლეობის გახშირებული საპროტესტო გამოსვლები ცხადჰყოფს, რომ ამ სფეროში ძალიან ბევრი გადაუწყვეტელი საკითხია. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელი, მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სახელმწიფოში ენერგეტიკის განვითარების გეგმის არარსებობაა. 

ესაუბრა მაკა ჯაიანი 

მანანა ქოჩლაძე: პრობლემის სათავეა ის, რომ საქართველოს არ გააჩნია ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა. რომ ნახოთ იმ გეგმების სამუშაო ვერსიები, რომლის მიხედვითაც ქვეყანა მოქმედებს, მათ შორის, განახლებადი ენერგიების განვითარების გეგმა (2018), ან ენერგეტიკის განვითარების გეგმის რამდენიმე შემუშავებული თავი (2016), ასევე ინვესტორებთან დადებული მემორანდუმები და ხელშეკრულებები - აღმოაჩენთ, რომ ყველაფერს ვავითარებთ: ჰიდროელექტროსადგურებს, ნახშირისა და გაზის ელექტროსადგურებს და ა.შ. მსგავსი მიდგომა არ გვაძლევს საშუალებას დავგეგმოთ და ჩამოვაყალიბოთ მდგრადი ენერგეტიკული სისტემა. ამისთვის საჭიროა გვქონდეს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რაც ყველა ქვეყანას აქვს და რომლის ქონაც ევროპის ენერგოთანამეგობრობის მოთხოვნა. 

სწორედ ენერგოგანვითარების, მათ შორის, ელექტოენერგეტიკის განვითარების გეგმა, უნდა ქმნიდეს პირობას იმისთვის, რომ არსებულმა და დაგეგმილმა ენერგოობიექტებმა ელექტროენერგიაზე ქვეყნის მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. ამ გეგმით უნდა შეირჩეს მოდელი, რომელიც გვაჩვენებს რა ტიპის და რა წყაროების ენერგოგენერაციის ობიექტები გვჭირდება ჩვენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და მდგრადი ენერგეტიკული სისტემის დანერგვისთვის. მას შემდეგ, რაც ასეთი გეგმა მომზადდება, მას უნდა ჩაუტარდეს სტრატეგიული გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასება, რომელიც გვაჩვენებს ენერგეტიკის განვითარების ოპტიმალურ სცენარს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, ჰესები უნდა ვაშენოთ, ქვანახშირის სადგურები, გაზის თუ მზის ან ქარის ენერგია გამოვიყენოთ. ასე მუშაობს განვითარებული ქვეყნების ენერგეტიკა და არა ისე, როგორც ახლაა საქართველოში, როცა ყველგან ყველაფერი შენდება. 

რატომ არ გვაქვს ასეთი გეგმა, მით უმეტეს, თუ ეს ევროპის ენერგოთანამეგობრობის მოთხოვნაცაა? 

მანანა ქოჩლაძე: საკმაოდ ძნელია ამაზე პასუხი. როგორც ვიცით, 2015 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ტექნიკური გრანტის დახმარების ფარგლებში, ენერგოეფექტურობის განვითარების გეგმა მომზადდა. იგი აჩვენეს, დაახლოებით, 40 ადამიანს საქართველოში, თუმცა, ვის - გაურკვეველია. ჩვენ არ გვინახავს და ვერც მოვიძიეთ, ისე მალავენ, როგორც საიდუმლო დოკუმენტს. მას შემდეგ ამბობენ, რომ გეგმა აქვთ, მაგრამ ის არც დამტკიცებულა და, მით უმეტეს, არც განხორციელებულა. ჩვენ გვქონდა ევროპის ენერგოგაერთიანების იმედი, რომლის წევრობასაც ხელი 2016-ში მოვაწერეთ, რაც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულებაა, და რომელიც მოითხოვს მთელი რიგი ენერგოდირექტივების შესრულებას. თუმცა, სამწუხაროდ, ქვეყანაში ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი საკმაოდ დიდი დაგვიანებით მიმდინარეობს. 

რატომ ფერხდება ამ ვალდებულებების შესრულება? 

მანანა ქოჩლაძე: ვერ გეტყვით. ევროკავშირი არ არის სადამსჯელო ორგანიზაცია, ის რეკომენდაციებით შემოიფარგლება, თუმცა, ხედავს, რომ ნაცვლად იმისა, გადაწყვეტილებები მიიღებოდეს კონსენსუსის საფუძველზე, უფრო და უფრო იზრდება კონფლიქტი მოსახლეობასა და მთავრობას შორის და ყველა რეგიონში პრობლემებია. სწორედ ამიტომ, 2018 წლის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ევროპარლამენტის ანგარიშში კიდევ ერთხელ წამოიწია ჰიდროენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებულმა საკითხებმა და მთავრობასა და ევროკომისიას მიეცა რეკომენდაცია, ჰესების დაგეგმვისას, მეტი ყურადღება დაეთმოთ გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხებისთვის. 

ამასთან, ენერგეტიკული თვალსაზრისითაც არაა შეფასებები დამაკმაყოფილებელი, მაგალითად, ევროპის ენერგოგაერთიანების 2017 წლის შეფასების ანგარიშში, ნავარაუდევია რომ დღეს ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარება, მომავალში, ხელს შეუშლის საქართველოში თავისუფალი ენერგეტიკული ბაზრის შექმნას. 

რა განაპირობებს ამ ვარაუდს? 

მანანა ქოჩლაძე: სისტემაში ვითარება მიდის იქითკენ, რომ, ენერგოდამოუკიდებლობის ნაცვლად, გვექნება ენერგოდამოკიდებულება. აშენებენ ჰიდროელექტროსადგურებს, თანაც, ისეთ ჰესებს ეპოტინებიან, კარგად განვითარებული ქვეყნებიც რომ ვერ ააშენებენ. 

ნენსკრას ჰესზე ხომ მიდის თითქმის სამი წელია მუშაობა? 2015-ში გაიცა ქართული ნებართვა, 2020-ში უკვე აშენებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ გაჩერებულია, იმიტომ, რომ არც ერთი საპროექტო დოკუმენტი არ ვარგოდა. როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებამდე მივიდა საქმე, მათ დასაბუთებული დოკუმენტაცია მოითხოვეს. შემდეგ გაექცათ სუბკონტრაქტორი, იტალიური კომპანია, როგორც ვხვდებით, იმიტომ, რომ გეოლოგიური კვლევები იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე უთხრეს. სამი წელი ვეუბნებოდით, გეოლოგიური მდგომარეობა არასაკმარისადაა შესწავლილი, გეოლოგია მანდ ძალიან რთულია-თქო და ახლა, 2019-ში გაარკვიეს, რომ მთლად კარგად არ ჰქონიათ ყველაფერი გამოკვლეული. კიდევ რამდენი წელი დასჭირდება ამ საქმის გამოსწორებას, არავინ იცის. 

ზოგადად, ჰესებს ისე ცუდად აშენებენ, რომ ჩვენ უსაფრთხოებას აყენებენ სერიოზული დარტყმის ქვეშ. 2007 წლიდან აშენდა 30 ჰესამდე. აქედან უმეტესობა ისე ვერ მუშაობს, როგორც საჭიროა, თავისი საპროექტო გამომუშავების 54%-ს ხან აღწევს ხან - ვერა. ამ დროს, გარემოსთვის მიყენებული ზარალი აქვს ძალიან დიდი. იქნება კაშხლიანი თუ უკაშხლო ჰიდროელექტროსადგური, ყველა შემთხვევაში ასეა. ხელისუფლება არ ითვალისწინებს მოსახლეობის ინტერესებს მაშინაც კი, როცა ჰესები მათ აზარალებს. 

ხადორის შემთხვევაში, ეს ნათლად გამოჩნდა. იქ უკვე არის ორი ჰიდროელექტროსადგური, რომლის გამოც მოსახლეობას პროტესტი არ გამოუთქვამს. მესამე ჰესი კი, რომელსაც ცნობილი მოვლენები მოჰყვა, პირდაპირ აზარალებს ბირკიანის მოსახლეობას - მდინარიდან თითქმის მთელი წყალი მიაქვს. მდინარის ეს მონაკვეთი კვდება, რასაც ჰიდროლოგიური ცვლილებები მიწისქვეშა წყლებშიც მოჰყვება. შედეგად, მოსახლეობა ვეღარც მდინარიდან ამოიღებს წყალს და ვეღარც ჭიდან. რა უნდა ქნას? 

რაც შეეხება დიდ ჰესებს, ცუდი გადაწყვეტილების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი შუახევის ჰესია. მის ირგვლივ 17 სოფელია და 17-ვე დაზარალდა. არასწორად ჩატარდა გეოლოგიური კვლევები, წარმოებულმა აფეთქებებმა ჯერ ბზარები გააჩინა, შემდეგ მიწა პირდაპირ დაიხსნა მოსახლეობას ეზოებში, ისეთი ვითარება შეიქმნა, ლოდებს თოკებით ამაგრებდნენ, ვინმე რომ არ დაზიანებულიყო. მშენებლობა დაიწყო 2014-ში, 2017-ში საზეიმოდ გაუშვეს ჰესი, მაგრამ ორ თვეში ორი გვირაბი ჩამოინგრა და ყველაფერი გაჩერდა. თუმცა, იმ კომპანიას, რომელმაც შუახევი „ააშენა“, მერე ნამახვანჰესის მშენებლობის უფლება მისცეს. 

ჰესი არაა მონსტრი, უბრალოდ, ჩვენ ცუდად ვაშენებთ და ამიტომ ამბობს ხალხი, არ გვინდაო. ამ დროს, სვანეთში 35 ჰესის მშენებლობა იგეგმება, რაც არავისთან შეთანხმებულა. ამდენი ჰესი რომ აშენდება იქ, ხალხმა სადღა იცხოვროს? ადამიანებისთვის ადგილი ხომ აღარ რჩება? საუბარია სვანეთის შესახებ, სადაც ყველა მდინარის გასწვრივ ცხოვრობს... 

ცალკე თემაა ენგურჰესი, რომელიც სერიოზულ შეკითხვებს აჩენს. 

მაგალითად? 

მანანა ქოჩლაძე: ენგურის პროექტი არის ერთადერთი პროექტი, რომელიც, გარკვეულ წლებამდე, ერთობლივად იმართებოდა და ბანკები, რომლებიც მის რეაბილიტაციას აფინანსებდნენ, განიხილავდნენ ამას, როგორც სწორედ სეპარატისტულ მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო შორის თანამშრომლობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითს. 2012-2013 წლებიდან ჩვენ შევამჩნიეთ, რომ აფხაზებს მიჰქონდათ არა ენერგიის 40%, რაც შეთანხმებული იყო, არამედ, უფრო მეტი. მოხმარება ნელ-ნელა იზრდებოდა და, დღეს, ზამთარში, 100%-იც კი მიაქვთ, ენგურიდანაც და ვარდნილიდანაც და ეგეც არ ყოფნით - მთავრობა დამატებით ყიდულობს მათთვის ელექტროენერგიას ქვეყნის გარეთ. ბოლო რამდენიმე წელია, აფხაზეთი მოიხმარს თითქმის იმდენივეს, რამდენსაც მოიხმარს თბილისი. ეს აბსურდია. ყველაზე საინტერესო კი, არის ის, რომ, ამ ფონზე, აფხაზეთში შუქი პერიოდულად ითიშება. 

მაშინ, როდესაც აფხაზეთს ასეთი გადახარჯვა ჰქონდა, საქართველოს მთავრობა აგრძელებდა რუსეთიდან დენის იმპორტს და აფხაზეთისთვის მიცემას, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მთავრობას ყოველთვის შეეძლო ეთქვა, რომ მათი წილი დენი დამთავრდა. თუ ამდენი წლის განმავლობაში ეს შესაძლებელი იყო, რა მოხდა ახლა, როდესაც ეს მოხმარება აბსოლუტურად უკონტროლოა? არ დაგვავიწყდეს, რომ აფხაზური მხარე არაფერს იხდის ელექტროენერგიაში და ყველაფერი საქართველოს ბიუჯეტს, ქვეყნის მოსახლეობას აწვება. 

მესმის, რომ აფხაზეთი ჩვენი ქვეყანის ნაწილია, მეტიც, მსოფლიო ბანკიც კი, ყოველთვის ამბობდა, რომ ეს ფული ჩვენ უნდა გადავიხადოთ, ჩვენც ვეთანხმებოდით, რადგან ეს იყო უფრო პოლიტიკური საკითხი და ისინი ბევრს არ მოიხმარდნენ, მაგრამ ახლა, როდესაც მათი მოხმარება ასე ძალიან და საეჭვოდ გაიზარდა, კონტროლის ზომების მიღება აუცილებელი ხდება. 2013-ში, როდესაც ამის შესახებ ლაპარაკი დავიწყეთ, გვითხრეს, რომ ეს ისეთი პოლიტიკური საკითხია, რომლის შესახებაც ხმა არ უნდა ამოვიღოთ, თუ არა ვართ ქვეყნის დამანგრევლები. ახლა უკვე, სულ უფრო და უფრო მეტი ექსპერტი სვამს ამ შეკითხვას, ვინაიდან, სიტუაცია შედის ჩიხში. 

ფიქრობთ, რომ ხელისუფლება რუსეთის გაღიზიანებას ერიდება? 

მანანა ქოჩლაძე: უცებ რომ მოუნდეს რუსეთს, მარტო ენგურს კი არა, არაფერს დატოვებს, მაგრამ ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს? თუ საუბარია იმის შესახებ, რომ იქითა მხარე მართვის პულტს წაიღებს, აქეთ მხარეს ჩამკეტია, გახსნი და ჰესი აღარ იმუშავებს. ჩვენ ვახორციელებთ ენგურჰესის კონტროლს, მის მართვას, მის რეაბილიტაციას. საქართველოს სახელმწიფო იღებს კრედიტებს მისი მოწესრიგებისთვის. ენგურჰესს აქვს ძალიან ბევრი კრედიტი აღებული, ჰესზეა ეს კრედიტები, შესაბამისად, ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ რუსეთი მოვა და მას წაიღებს, არარელევანტურია - ვინ გადაიხდის, მერე, ამ კრედიტებს? რუსეთი? შესაბამისად, აქ საუბრის, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვის მეტი საშუალებაა, მაგრამ ასე არ კეთდება. 

უნდა ვივარაუდოთ, რომ ელექტროენერგიის დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი ენგურის საკითხის მოუწესრიგებლობაა? 

მანანა ქოჩლაძე: ელექტროენერგიის დეფიციტს საქართველოში უფრო ღრმა მიზეზები აქვს. საქართველოს თავისებურება, რაც სხვა ქვეყნებს არ გააჩნიათ, არის ის, რომ ჩვენ ჰიდროენერგეტიკას ვიყენებთ ბაზისურ რეჟიმში, სულ ჰიდროენერგეტიკას ვიყენებთ, რაც არსად მსოფლიოში არ ხდება. ჩვენი საბაზისო სადგური მხოლოდ „ენგურჰესია“, რომელიც, თავის დროზე, პიკური რეჟიმების დასაბალანსებლად იყო აშენებეული. ამ ფონზე, ვცდილობთ, გავზარდოთ ჰიდროელექტროსადგურებით საბაზისო დატვირთვა. არადა, მთავარი პრობლემა, რაც ჩვენ ჰესებს და, შესაბამისად, ელექტრომომარაგებას სჭირს არის ის, რომ ზამთარში საჭირო რაოდენობით წყალი არ გვაქვს. ზაფხულში, როცა წყალი არის, ჰესების უმეტესობამ არ იცის, სად წაიღოს ელექტროენერგია. ეს ნიშნავს იმას, რომ, რაც უნდა ბევრი ჰესი ავაშენოთ, მოთხოვნილებას ელექტროენერგიაზე ზამთარში მაინც ვერ დავაკმაყოფილებთ. ამდენად, სექტორში უნდა შემოვიდეს რაღაც ახალი მიმართულება, რომ ეს დეფიციტი დააბალანსოს. 

სხვა ენერგიები? 

მანანა ქოჩლაძე: დიახ, რადგან სხვაგვარად წარმოუდგენელია. დღეს საქართველოში გვაქვს 20-მდე დიდი და საშულოა ჰესი და 47 მცირე ჰესი, აქედან ნახევარზე მეტი - სსრკ-დან შემორჩენილი. აქედან არც ერთი ჰესის გამომუშავება არ შეესაბამება საპროექტო დოკუმენტაციას. სანამ ახალ ადგილებს მოვსპობთ, უნდა ჩავუტაროთ ძველ ჰესებს რეაბილიტაცია, გავიდეთ იმ მაქსიმალურ ნიშნულზე, რისი მოცემაც ამ ჰესებს შეუძლია და, რაც დარჩება, იმის შევსებაზე მერე ვიფიქროთ. არც ქარი, არც მზე, არც წყალი, არც ნახშირი, როგორც ენერგიის წყარო, ასე, შეუფასებლად, ჩვენთვის მისაღები არ არის. მცირემიწიანი ვართ, შესაბამისად, გვჭირდება სხვაგვარი მიდგომა. არადა, ბევრი ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი, ყველა მდინარეზე და, ამ დროს გვჭირდება თუ არ გვჭირდება, გადაწყვეტილი არ არის. არ შეიძლება, ნენსკრაზეც დიდი ჰესი გვინდოდეს და კიდევ 7 ჰესს ვაშენებდეთ სვანეთში, სამეგრელოში, ცხენის წყალზე რამდენიმე ჰესი გვინდოდეს, იმერეთში, რიონზე - კიდევ რამდენიმე... ზუსტად უნდა გავთვალოთ, სტრატეგიულად, რა რამდენი გვჭირდება და გარემო პირობებთან შევაწონადოთ. 

შარშან, UNDP-ის დახმარებით, ხელისუფლებამ განახლებადი ენერგიების განვითარების გეგმა მოამზადა და, სანამ რამდენიმე ფონდმა მთელი UNDP ფეხზე არ დააყენა, არც მისი ჩვენება უნდოდათ - სამუშაო დოკუმენტიაო. 2018 წლამდე უნდა მიგვეღო ახალი კანონი ენერგეტიკის შესახებ რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნებოდა ევროკავშირის მთელ რიგ დირექტივენთან, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ახალ კანონმდებლობას მხოლოდ 2020 წლის მაისში ვიხილავთ, ყველაზე კარგ შემთხვევაში. 

ჩვენთან მოდიან ინვესტორები, რომლებსაც უნდათ მზის, ქარის ენერგიაში ჩადონ ფული და გვეუბნებიან, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უთხრეს, ინვესტიცია მანდ კი არა, ჰიდროენერგეტიკაში ჩადეთო. უნდათ, ფული თანამედროვე ტექნოლოგიებში ჩადონ და ასეთ პასუხს იღებენ. მერე, მოდიან ჩვენთან და გვეკითხებიან, - რა პრობლემა აქვს სამინისტროს თანამედროვე ენერგომომარაგებასთან, რატომ ამბობენ უარსო? რა ვუპასუხო? ან სად უნდა წავიღოთ ამდენი ელექტროენერგია ზაფხულში, რისთვის უნდა გამოვიმუშაოთ? 

ბევრჯერ მოგვისმენია, რომ ელექტროენერგიის ექსპორტიორები უნდა გავხდეთ... 

მანანა ქოჩლაძე: როგორ? ბევრი მცირე ჰესი სწორედ მაგ პრინციპით ააშენეს - ელექტროენერგიის ექსპორტისთვის, თუმცა, მცირე ჰესები მთელ მსოფლიოში შენდება იმისთვის, რომ მის ირგვლივ მცხოვრები მომხმარებელი მოამარაგოს. მაგალითისთვის, 9-მეგავატიანი ბახვი-ჰესი ავიღოთ. ვიდრე ის გამომუშავებულ ენერგიას ელექტროსისტემას გადასცემს, ელექტროსისტემა კი - თურქეთს, იმ 9 მეგავატიდან აღარაფერი რჩება. ენერგიის ძალიან დიდი რაოდენობა გზაში იკარგება, რაც ელექტრომომარაგებას ახასიათებს. სწორედ ამიტომ არის გაურკვეველი, რისთვის გვინდა ასეთი ჰესი? 

ცალკე პრობლემაა სატარიფო პოლიტიკა. ჩვენი ელექტროენერგია რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. შესასყიდ ფასზე ვსაუბრობ და არა - სამომხმარებლოზე. ჩვენთან შესასყიდ ფასებს, ტარიფებს არ არეგულირებს მარეგულირებელი კომისია, რასაც უნდა აკეთებდეს. დღეს რაც ხდება, ეს არის ორმხრივი მოლაპარაკების შედეგი, როდესაც თქვენ, მაგალითად, შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩემთან, როგორც სამინისტროს წარმომადგენელთან, მოვილაპარაკოთ, რა ფასში მომყიდით დენს და დადგება ის ფასი, რასაც ამ შეთანხმების მიხედვით მოვაწერთ ხელს. ეს ფასი კარგია, ცუდია, როგორია ვერავინ გეტყვით - კრიტერიუმები არ არსებობს. შესასყიდი ფასი ვაჭრობის საგანია, რაც დაუშვებელია, რადგან ფასის დადგენის წესი მკაცრად უნდა იყოს გაწერილი. შესაბამისად, ძალიან მაღალია კორუფციის რისკიც. 

ჩვენთან მოლაპარაკებებს მართავენ ეკონომიკის სამინისტრო და ინვესტორი, რაც, ევროკავშირის მასშტაბით, არსად ხდება. წესით, კომპანიამ, ინვესტორმა უნდა წარადგინოს თავისი გათვლები და შესაბამისი დოკუმენტაცია მარეგულირებელ კომისიაში და ამ უკანასკნელმა უნდა დაითვალოს, რამდენად ადეკვატურია შესასყიდი ფასი. დღეს ასე არ კეთდება, ამ კუთხით არანაირი რეგულაცია არ არსებობს, ეკონომიკის სამინისტრო აფორმებს ხელშეკრულებას ინვესტორთან, მთავრობა ამ მემორანდუმს ამტკიცებს და, მისი დარღვევისთვის, სერიოზული თანხების გადახდასაც იღებს თავზე. საბოლოო ჯამში, ბაზარი კი არ არეგულირებს ტარიფს, როგორც ეს რეგიონის სხვა ქვეყნებში ხდება, არამედ, წინასწარ განსაზღვრული ხელშეკრულებები, რაც უზარმაზარი პრობლემაა. ამაზე არა მხოლოდ ჩვენ, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც საუბრობს, მსოფლიო ბანკი ლაპარაკობს და გვეუბნება, რომ ასე თავისუფალი ელექტროენეგეტიკული ბაზარი არასდროს გვექნება. 

ჰესების შესახებ საუბარი უკვე გასცდა გარემოს დაცვის, ენერგომომარაგების სფეროებს, უკვე სახელმწიფოს ფისკალურ უსაფრთხოებამდე მივდივართ და, ეს თუ ასე გაგრძელდა... 

გამოსავალს რაში ხედავთ? 

მანანა ქოჩლაძე: ბევრი პრობლემაა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი გამოწვეულია იმით, რომ ენერგეტიკის სექტორი საქართველოში არ იგეგმება. ანგარიშები სავსეა განცხადებებით იმის შესახებ, თუ რამდენი ინვესტიცია მოიზიდეს სექტორისთვის, მაგრამ რა მოგვცა ამან, ვერსად იპოვი. დღემდე ამაყობენ შუახევისთვის მოზიდული ინვესტიციით, სინამდვილეში, 480 მლნ აშშ დოლარი ინვესტიცია და დრო დაიკარგა იმიტომ, რომ გეოლოგიური კვლევები არ ჩაატარეს სათანადოდ. შედეგად, ორი გვირაბი ჩამოინგრა ამუშავებიდან 2 თვეში. ახლა ინვესტორი თავიდან აშენებს და დამატებითი 150 მლნ სჭირდება. ამასთან, შუახევჰესის შემოსავლების გარანტირება ისევ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მოხდება, ვინაიდან ასე იყო გაფორმებული ხელშეკრულება. 

მთელ რიგი ხელშეკრულებებით, ინვესტორს მიწას აძლევდნენ 1 დოლარად და თან აძლევდნენ ბანკში მისი ჩადების უფლებას. ე.ი. მე თქვენ უიაფესად გაძლევთ მიწას, მერე თქვენ ეს მიწა მიგაქვთ ბანკში და უკვე გაქვთ თანხა მშენებლობისთვის. ამის მაგალითია ფარავანჰესი, ხუდონჰესი, ნენსკრა ჰესი. 

ასევე არის სხვა ტიპის გარანტიები და შეღავათები, რომელიც კონკრეტულ ინვესტორს შეეხება. ამასთან, ხელშეკრულებები ხშირად გასაიდუმლოებულია, მაგალითად, ავიღოთ ნენსკრაჰესის ხელშეკრულება, რომელიც ძლივს ვიშოვეთ, ვინაიდან კონფიდენციალური იყო - მისი შეფასებისას, სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ამბობენ, რომ 2023 წლიდან ნენსკრას ხელშეკრულების მომსახურება ქვეყანას მშპ-ს 6% დაუჯდება. მსგავსი გარანტიები მხოლოდ გარკვეული ენერგოგენერაციის ობიექტებისთვის, ძირითადად, ჰიდროენერგიის მწარმოებელებისთვისაა განსაზღვრული, რაც მეწარმეებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

ამ სიტუაციაში, საჭიროა, დაიწყოს დისკუსია თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა ენერგეტიკის კუთხით, ისე, რომ შეიქმენას მდგრადი მოდელი სხვადასხვა ტიპის განახლებადი ენერგიების განვითარებისთვის, ყველასთვის თანაბარი პირობები შეიქმნას და სანდო ინვესტორებიც გამოჩნდებიან. 

რაც მთავარია, ის ქვეყნები, რომლებიც ენერგოდამოუკიდებლობის პრობლემას წყვეტენ, პირველ ყოვლისა, ენერგომოხმარების შემცირებაზე ზრუნავენ. მთელი მსოფლიო მიმართულია იქითკენ, რომ, რაც შეიძლება, ნაკლები ენერგია დახარჯოს, სამომხმარებლო სექტორში იქნება ეს, თუ ინდუსტრიაში. ჩვენთან პირიქით ამბობენ - მოხმარება უნდა გავზარდოთ და, ერთ სულზე მისი რაოდენობით, განვითარებულ ქვეყნებს დავეწიოთო. შესაძლოა, მოხმარება მათთან შედარებით, მცირე გვაქვს, მაგრამ ჩვენთან ენერგოეფექტურობა 2-3-ჯერ დაბალია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. 

თანამედროვე მსოფლიოში ზრუნავენ ბევრი ადგილობრივი განახლებადი წყაროს განვითარებაზე, რომ ცენტრალიზებულ სისტემებზე დამოკიდებულება შემცირდეს. ამის ერთ-ერთი მაგალითია მზის პანელები სახურავებზე, რაც ენერგოქსელებზე მოსახლეობის დამოკიდებულებას ამცირებს. ამ პანელების დაყენების ფასი, შედარებით, ძვირია, მაგრამ ეფექტი - ძალიან დიდი. სწორედ ასეთი მიმართულებით ახდენენ სახელმწიფოები სუბსიდირებას, არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებში, არამედ ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა ურუგვაი, პერუ, სხვა. შედეგად, დატვირთვა მცირდება ქსელზე. მნიშვნელოვანია, ასევე, დანაკარგების შემცირება, როგორც მოხმარებისას, ისე - გადაცემისას, მოქნილი, მაღალტექნოლოგიური ქსელები, ე.წ. სმარტ ქსელები რომელიც თავად არჩევს, როგორ გადასცეს ენერგია, საიდან წამოიღოს, გაანაწილოს და ა.შ. 

მაგრამ, თუ არ იქნება თანასწორი ბაზარი ყველა მოთამაშესთვის, ვერაფერი განვითარდება. მთელ რეგიონში, ელექტროენერგიის ფასი დაცემულია, ქართული ბიზნესი კი, იძულებულია ძვირი ელექტროენერგია მოიხმაროს. როგორ გაუწევს ის კონკურენციას ვინმეს? წარმოუდგენელია. ამიტომ არის ეს უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი.

მსგავსი პოსტები