en
ge

ცვლილებები ახალგაზრდებისთვის

ცვლილებები ახალგაზრდებისთვის

გაიცანით ლუსო დოსტიბეგიანი, რომელმაც თეთრიწყაროში ახალგაზრდებისთვის ბევრი რამ შეცვალა...

დავიბადე დაგავიზარდე თეთრიწყაროში... 7 წლის წინათ, სკოლის დამთავრების პერიოდში, ჩვენთან ახლოს მდებარე სოფელ კოდაში, სათემო განათლების ცენტრში მიმდინარე პროეტში ჩავერთე. ბავშვობიდან ვიყავი საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული და შესაბამისად, პროექტებში მონაწილეობა მომწონდა.

როცა სხვადასხვა პროექტების მეშვეობით საქართველო შემოვიარე, დავინახე, რომ ყველგან რაღაც კეთდებოდა, თეთრიწყაროს გარდა. მაშინ გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი და საზოგადოებრივად სასარგებლო საქმე გაასმაგებული ძალებით მეკეთებინა. დიდი შრომის შემდეგ, 3 წლის წინათ, ჩვენი ორგანიზაცია - „ახალგაზრდული ცენტრი“ ოფიციალურად დარეგისტრირდა. თუმცა, არ გაგვაჩნდა შენობა,ადგილი, სადაც ჩვენს იდეებს განვახორციელებდით. თეთრიწყაროში 83 დასახლებული პუნქტი არის, ჰოდა გადავწყვიტეთ მათი შემოვლა, ახალგაზრდების გაცნობა და მათ პრობლემებზე საუბარი. შენობის გარეშე პროექტების განხორციელება 2 წელი გაგრძელდა. დღეს, უკვე გვაქვს სივრცე, რომლის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობაში უდიდესი ენერგია ჩავდეთ. ახალგაზრდული ცენტრი არის ახალგაზრდების თავშეყრის ერთადერთი ადგილი, რომელიც დღითიდღე თემის განუყოფელი ნაწილი ხდება. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, ვატარებთ ტრენინგებს, ღონისძიებებს, სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით აქტივობებს, განიხილება სტარტაპ იდეები; ასევე, გავაკეთეთ პატარა სამკერვალო, სადაც მეორადი ნაჭრებისგან ეკოჩანთებს ვკერავთ. ცენტრის დაარსებიდან დღემდე, 3-ჯერ გავაკეთეთ სისხლის დონაციის აქცია, 2-ჯერ ვუმასპინძლეთ ერთ-ერთ ოფთალმოლოგიურ კლინიკას, რომელმაც უფასოდ 100-მდე ადამიანი გასინჯა, სივრცეს ვუთმობთ ნებისმიერ ორგანიზაციას საკუთარი აქტივობებისა განსახორციელებლად, როგორიცაა მაგალითად დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, ფორუმ-თეატრის დადგმა და სხვა. ჩვენ მიერ განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტებია ‘გოგონების ბანაკი’, და „სიცოცხლის ბანაკი“. გოგონათა ბანაკში 17 მოსწავლე გოგონა ტყეში წავიყვანეთ, სადაც რეინჯერების საქმიანობა გავაცანით, გარემოს დაცვასა და სხვადასხვა საჭირო თემებზე ტრენინგი ჩავუტარეთ. ამ პროექტს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენი ცენტრი 3 წელია რაც არსებობს და ის ქალაქის ნათელი წერტილი ნამდვილად გახდა.

წინ ბევრი გეგმა და განსახორციელებელი პროექტი გვაქვს.

მსგავსი პოსტები