„ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“ ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც 10 წელიწადია საქართველოში მუშაობს და რომლის მთავარი ოფისიც ქუთაისში ფუნქციონირებს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი - ნინო ხუხუა გახლავთ.
„8 წელია სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ვმუშაობ. პირველი ნაბიჯები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უკავშირდება, სადაც სტაჟირებით დავიწყე და შემდეგ სხვადასხვა პოზიციებზე ვმუშაობდი. სწორედ აქ გავიგე, როგორ უნდა მუშაობდეს მსგავსი ორგანიზაციები და როგორი უნდა იყოს ჩვენი როლი პროცესებში.
პროფესიით იურისტი ვარ და პირველი სამსახურიც აქედან გამომდინარე შევარჩიე. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობას არ ვაპირებდი, იმდენად მომეწონა ის თავისუფლების ხარისხი რაც აქ იყო, რომ ამ სფეროში დარჩენა გადავწყვიტე.
ჩემი მთავარი ინტერესი ადამიანის უფლებების დაცვაა. ჩვენი მიზანი პირველ რიგში იმ ადამიანებისათვის მომსახურების შეთავაზება გახლდათ, ვისაც ფასიანი სერვისით სარგებლობის საშუალება არ აქვს.
რაც შეეხება „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ საქმიანობას - თავიდანვე ზუსტად ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა და როგორ. რეგიონების და მუნიციპალიტეტების დონეზე დემოკრატიის განმტკიცებისთვის პარტნიორ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ .“