en
ge

ინტერვიუ გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან

ინტერვიუ გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთიანი ვებპორტალი CsoGeorgia.org აგრძელებს სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების საკითხებზე ინტერვიუების გამოქვეყნებას. ამჯერად, გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის დირექტორი, ქალბატონი თინა ბრეგვაძე გვესაუბრა ორგანიზაციის გამოცდილებაზე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობასა და მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო გრანტის გაცემის წესის დანერგვის აუცილებლობაზე.

ქალბატონო თინა, მიუღია თუ არა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება თქვენს ორგანიზაციას და რომელი საჯარო უწყებებისგან? რას ეხებოდა პროექტები? რა იყო აქტივობების მიზანი?

-    დიახ, სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება მიგვიღია თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდული ფონდიდან. პროექტი ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიულ განათლებას და დასაქმების ხელშეწყობას. დაგეგმილი აქტივობები წარმატებით განხორციელდა - შშმ პირებმა აითვისეს პროფესიული უნარები და მუშაობენ კიდეც ჩვენთან არსებულ სახელოსნოში - სულ 6 ადამიანი დავასაქმეთ.

როგორ იგებთ სახელმწიფო საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციას? თქვენი შეფასებით, რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ფართო აუდიტორიისთვის?

-    ინფორმაციას ვიგებთ სხვადასხვა წყაროდან, თუმცა კარგი იქნებოდა, უფრო მეტად იყოს სსო-ები/საზოგადოება ინფორმირებული სახელმწიფო საგრანტო პროგრამების კონკურსების გამოცხადების შესახებ.

საპროექტო განაცხადების მომზადებისას თუ გქონიათ შეკითხვები (თუ კი, რა სახის?) გრანტის გამცემ სუბიექტებთან და თუ გისარგებლიათ მათი კონსულტაციით პროექტის განაცხადის ჩაბარებამდე?

-    საპროექტო განაცხადების მომზადებისას მქონია ონლაინ და სატელეფონო, სხვადასხვა სახის კითხვები. ძირითადად, მაინც ბიუჯეტის მუხლებთან დაკავშირებით და ძალიან ობიექტურად მიმიღია მათგან დახმარება.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად მიუთითებენ, რომ უარის შემთხვევაში, არა მხოლოდ ქულათა სისტემით, არამედ სიტყვიერადაც უნდა იყოს ახსნილი - თუ რა მიზეზით ვერ გავიდა კონკურსში ესა თუ ის პროექტი/იდეა.

გქონიათ შემთხვევა, როდესაც განაცხადი ვერ გავიდა კონკურსში და სიტყვიერი ახსნა-განმარტება მოითხოვეთ? თუ განუმარტავს პასუხისმგებელ უწყებას უარის მიზეზები? და ეს განმარტებები დაგხმარებიათ თუ არა შემდგომში განაცხადის უკეთ მომზადებაში?

-    დიახ, ძალიან ხშირად მქონია მსგავსი შემთხვევა. როდესაც საგრანტო პროექტის განაცხადზე უარია, არ გეუბნებიან თუ რატომ ვერ გადავიდა, რა იყო არასწორი... ძირითადად უთითებენ რომ, განაცხადი შემდეგ ეტაპზე მაღალი კონკურენციის გამო ვერ გადავიდა.

რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმ აზრს, რომ უარის წერილს თან უნდა დაერთოს ახსნა-განმარტება, რომ მომავალში უკეთესი შედეგი გვქონდეს.

კვლევით დასტურდება, რომ საჯარო უწყებების მხრიდან საგრანტო პროგრამის შემუშავების ეტაპზე არ არსებობს დაინტერესებული პირების მონაწილეობის პრაქტიკა... თქვენი ხედვით, რას შეცვლიდა საგრანტო პროგრამის შემუშავებაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობა?

-    სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობა საგრანტო პროგრამის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია, რადგან მათ იციან საზოგადოების საჭიროებები და პრობლემები, შესაბამისად, პროგრამებს უფრო მიზანმიმართული შედეგი ექნება.

საქართველოში მუნიციპალიტეტებს გრანტის გაცემის უფლება არ აქვთ. რა ბარიერებს უქმნის ეს წესი ადგილობრივ ორგანიზაციებს, მოსახლეობას და რა შესაძლებლობებს გააჩენს ამ წესის ცვლილება?

-    მუნიციპალურ ორგანოებს არ შეუძლიათ განახორციელონ საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ადგილობრივი ინიციატივების საგრანტო დაფინანსება. ამის მიუხედავად, ისინი საკუთარი პროგრამების განხორციელებისას, საბიუჯეტო თანადაფინანსებას გასცემენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, რასაც გრანტს ვერ არქმევენ.

მაგალითად, გორის კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და დაფინანსებას იღებს, როგორც სოციალური, ასევე სპორტის და ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროექტებისთვის. ჩემი აზრით, ამას არ უნდა ერქვას თანადაფინანსების პროექტი, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ძირითადად დამოკიდებულნი არიან უცხოური გრანტების მოპოვებაზე, დონორები კი მუდმივად არ იქნებიან. შესაბამისად, აუცილებელია, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ჰქონდეს გრანტების გაცემის უფლება და ცვლილებები შევიდეს კანონმდებლობაში. საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის უნდა გაჩნდეს დაფინანსების სხვადადასხვა, ალტერნატიული წყაროები. ეს მეტ შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ ორგანიზაციებს, დაგეგმონ კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური პროექტები და უფრო მეტად ჩაერთონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ადგილობრივი თვითმმართელობისთვის ის პარტნიორები არიან, რომლებიც კარგად იცნობენ მოსახლეობას და გააჩნიათ უნარი, საზოგადოებას მიაწოდონ მათ საჭიროებებზე მორგებული, ღირებული პროდუქტი.




ესაუბრა თეკლე ქაროსანიძე


მსგავსი პოსტები