მე–19 საუკუნის ბოლოსა და მე–20 საუკუნის დასაწყისში ქალთა მრავლი საინტერესო და იმ დროისთვის პროგრესული საზოგადოებრივი ორგანიზაცია და წრე არსებობდა და არამხოლოდ დედაქალაქში. ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობის კვლევაზე დაყრდნობით (ავტ. ლელა ხომერიკი, მანანა ჯავახიშვილი) რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
ხონის ქალთა წრე – მისი მიზანი იყო ქალთა შორის განმათავისუფლებელი იდეების პროპაგანდა, ქალის როლის ამაღლება და საზოგადოებრივ ასპარეზზე მათი გამოყვანა. წრე 100–მდე ქალს აერთიანებდა. ისინი ყოველი შაბათის საღამოს იკრიბებოდნენ, შეხვედრები სამი ნაწილისგან შედგებოდა – პირველი ნაწილი ეძღვნებოდა ქალთა საერთაშორისო მოძრაობას, პოლიტიკურ–სოციალურ მდგომარეობას, ხელოვნებას, ლიტერატურას და მას ლექცია საუბრის სახე ჰქონდა. შეხვედრის ამ ნაწილს ადგილობრივი და მოწვეული სტუმრები უძღვებოდნენ. მეორე ნაწილი ხელსაქმეს ეთმობოდა – ჭრა–კერვა, ქარგვა. ხელსაქმეს გამოცდილი ოსტატები ასწავლიდნენ. მესამე ნაწილი უფრო მხიარული იყო, ჩაისთან ერთად მსჯელობდნენ საჭირბოროტო საკითხებზე და მომავალ გეგმებს აწყობდნენ. ზაფხულში ხონის ბაღში ღონისძიებებს აწყობდნენ და წრის ყველანაირი საქმიანობიდან შემოსული თანხა ღარიბ სტუდენტებს ან მოსწავლეებს ხმარდებოდა.
წმინდა მარიამ მაგდალინელის თავშესაფრის თბილისის საქველმოქმედო საზოგადოება 1903 წელს დაფუძნდა. საზოგადოების მიზანი იყო პატიოსანი შრომის მსურველი მსუბუქი ყოფაქცევის ქალთა დახმარება. ორგანიზაციის მიერ მოწყობილ თავშესაფარში 25 წლამდე ახალგაზრდა ქალებს იღებდნენ – 3 წლის განმავლობაში ასწავლიდნენ წერა–კითხვას, კერვასა და სხვა ხელსაქმეს, საღვთო სჯულს. თავშესაფარში ყოფნის პერიოდში ხელსაქმიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ხმარდებოდა თავშესაფარში პირობების გაუმჯობესებას, ნაწილი კი ინახებოდა და ახალგაზრდა ქალებს თავშესაფრის დატოვებისას გადასცემდნენ. საზოგადოება მათ სამსახურის მოძიებაშიც ეხმარებოდა.