ფატიმა მარგოშვილს ბიბლიოთეკის და ლიტერატურული კლუბის დაარსების იდეა ევროპის ფონდის მიერ ორგანიზებული თემთაშორისი ტრენინგის მიმდინარეობისას გაუჩნდა. სწავლება აქტივიზმს, საზოგადოების და თემის განვითარებაში ახალგაზრდების როლს და მონაწილეობას ეხებოდა. მიღებული ცოდნის და გამოცდილების შემდეგ ის თემში არსებულ მწვავე პრობლემებზე დაფიქრდა და გადაწყვიტა, რომ სამკითხველო დაეარსებინა.
„პანკისის ხეობაში არ არსებობდა თანამედროვე ლიტერატურით აღჭურვილი საჯარო ბიბლიოთეკა, არც წიგნების მაღაზია, ახალგაზრდების მხატვრული თუ სამეცნიერო ლიტერატურით დაინტერესება კი დიდი იყო“.
ფატიმამ მოხალისეობრივად, საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, დაწერა პროექტი, გაიარა კონსულტაციები ევროპის ფონდის წარმომადგენლებთან, გამოჰკითხა ახალგაზრდები -თუ რა ტიპის ლიტერატურა დააიტერესებდათ და ფონდის მხარდაჭერით, 200-მდე წიგნი შეიძინა. პროექტის განხორციელება პანდემიის პერიოდს დაემთხვა, თუმცა ეს შემაფერხებელ მიზეზად არ ქცეულა.
„სამკითხველო ფუნქციონირებს პანკისის ხეობის სოფელ დუისში. ხეობაში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ იპოვონ მათთვის საინტერესო ლიტერატურა და ისინიც ძალიან ხშირად გვსტუმრობენ. პანდემიის გამო, ბიბლიოთეკაში შეკრება შეზღუდულია, თუმცა წესების დაცვით, მაინც ვახერხებთ ხოლმე შეკრებას და წიგნების გარკვეული დროით გაცემას“. კლუბში მოწვეულ სპიკერებთან ერთად წიგნიერებაზე, ლიტერატურაზე დისკუსიებიც იმართება. მონაწილეები აზრებს ცვლიან და ერთმანეთს წაკითხულის შესახებ ემოციებს უზიარებენ.
ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ბიბლიოთეკის წიგნებით გასამდიდრებლად კამპანია „დადე შენი წიგნი“ წამოიწყეს. შედეგად, სამკითხველო ნაჩუქარი წიგნებითაც შეივსო. კამპანიაში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაც მონაწილეობდა და პანკისის სამკითხველოს 150-მდე წიგნი გადასცა.
ფატიმა თვლის, რომ თემის განვითარებისთვის მოხალისეობა და ახალგაზრდების ატიურობა ძალიან მნიშვნელოვანია - „რაც უფრო მეტად მიიღებენ ახალგაზრდები მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობას, მით უფრო მალე შეიცვლება ჩვენი გარემო უკეთესობისკენ. დიდი ამბები ხომ მცირედით იწყება“...
ავტორი: თეკლე ქაროსანიძე