en
ge

ველო სადგომები სკოლებსა და სპორტულ მოედნებზე

ველო სადგომები სკოლებსა და სპორტულ მოედნებზე

ახმეტის ახალგაზრდობის ჩართულობისა და განვითარების ცენტრი ახლადდაარსებული ორგანიზაცია იყო, როდესაც ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვიტა, სკოლებში ველო სადგომები მოეწყო.

„ჩავთვალეთ, რომ ახმეტას მისი რელიეფიდან გამომდინარე, ველო კულტურის განვითარების დიდი პოტენციალი ჰქონდა. ამასთან, სურვილი გვქონდა ევროპაში კარგად დამკვიდრებული ველო კულტურა ჩვენთანაც განვითარებულიყო და ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის ხელი შეგვეწყო“, ამბობს ვახტანგ ქადაგიძე, ახალგაზრდული პროექტების მენეჯერი.

თავდაპირველად, იდეის მხარდამჭერი „ორბელიანი საქართველო“ იყო. ამ ორგანიზაციის ფინანსური დახმარებით, ახმეტის, ქისტაურის, ბირკიანის ხუთ სკოლაში მოეწყო ველო სადგომები. მეორე ეტაპზე, თუშეთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ქვემო და ზემო ალვანის სკოლებსა და სპორტულ მოედნებზე მოეწყო კიდევ 5 ველო სადგომი. ამ ეტაპზე, მათ სულ ათ ლოკაციაზე ვხვდებით. როგორც ვახო აღნიშნავს, საგრანტო დაფინანსებით მხოლოდ ველო სადგომები და შესაბამისი მასალები შეიძინეს, მათი დაყენება კი ორგანიზაციის წევრების, სკოლის ადმინისტრაციისა და მოსწავლეების მოხალისეობრივი ჩართულობით გახდა შესაძლებელი.

„იდეის განხორციელების შედეგად, გაიზარდა ახალგაზრდების ინტერესი ველო კულტურის მიმართ, უფრო მეტი მოსწავლე დადის სკოლაში ველოსიპედებით, ახალი ველო სადგომები მათთვის იყო ერთგვარი მოტივატორი და წამახალისებელი. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ზემო ალვანის #1 სკოლაში იმდენად გაიზარდა ველოსიპედების რაოდენობა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით დაამატა ახალი ველო სადგომები“, აღნიშნავს ვახტანგი.

ცენტრმა დაფინანსება ორივე ორგანიზაციიდან ღია კონკურსში მონაწილეობის შედეგად მოიპოვა, პროექტები წარმატებით განახორციელა და დონორების მოწონებაც დაიმსახურა.

ახმეტის ახალგაზრდობის ჩართულობის და განვითარების ცენტრის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარება და გაძლიერება. ამ ეტაპზე, ორგანიზაცია განახლების პროცესშია და სამომავლო გეგმებზე მუშაობს.

ავტორი: თეკლე ქაროსანიძე

მსგავსი პოსტები