en
ge

ჩადე ინვესტიცია განათლებაში

ჩადე ინვესტიცია განათლებაში

ნინი: "სადაც გავჩერდით იქიდან ვაგრძელებ მეცადინეობას ჩემით, რაშიც ვერკვევი ვმეცადინეობ, რაშიც ვერა - ვტოვებ ხოლმე. მასწავლებელი რომ არ მყავს ცოტა გამიჭირდა... ბებოს პენსიით საკვებს ვყიდულობთ ხოლმე და ჩემი ტელეფონის ფული არ რჩება."

ანი: "ერთი თვე იქნება, რაც ტელეფონი გამიფუჭდა, ზოგჯერ მეზობელთან გავდიოდი გაკვეთილებში ჩასართავად, მერე მეგობრებთან დავიწყე სიარული. ოთხჯერ დავესწარი გაკვეთილს მათი ტელეფონებიდან. მერე ეგეც ვერ მომიხერხდა."

გაბრიელი: "ჩემი კლასელი ჩემი მეზობლის ტელეფონში მწერდა ხოლმე რა გაკვეთილზე ვიყავით. ხან ჩემთანაც მოდიოდა და ერთად ვაკეთებდით დავალებებს, რა პროგრამაზეც ვიყავით მიხსნიდა და მაწერინებდა."

"პანდემია ყველაზე რთულად მოზარდებს შეეხო, რომლებსაც არ აქვთ კომპიუტერები და ვერ ერთვებიან სასწავლო პროცესში" - ამბობს ნანა ბაგალიშვილი,  ცოდნის კაფის ერთ-ერთი დამფუძნებელი. სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდების მხარდაჭერის მიზნით "ცოდნის კაფემ" კამპანია წამოიწყო.

"აჩუქე ერთ მოსწავლეს ინტერნეტი ან კომპიუტერი" – ასეთია სოციალური კამპანიის მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის. ამ ეტაპზე 12 მოსწავლეს უკვე შეუძლია ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება და სწავლის სრულყოფილად გაგრძელება, თუმცა კიდევ 39 მოსწავლე ელოდება პლანშეტებს. ცოდნის კაფე/Knowledge Cafe ქალაქ წნორში არსებული სოციალური საწარმოა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის "სამოქალაქო ინიციატივის" ფარგლებში შეიქმნა. მისი მთავარი მიზანი არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობაა. თუ შენც ფიქრობ, რომ ბავშვები და ახალგაზრდები აუცილებლად უნდა ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს, ჩადე ინვესტიცია განათლებაში.

მსგავსი პოსტები