en
ge

სახელმწიფო და შშმ პირთა უფლებები

სახელმწიფო და შშმ პირთა უფლებები

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი მარიამ ჯანიაშვილი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთიან ვებპორტალს CsoGeorgia.org-ს, პანდემიის პერიოდში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებრივ მდგომარეობაზე, ორგანიზაციის რეკომენდაციებზე ესაუბრა.

კოვიდ 19-ის გავრცელების შემდეგ, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ხშირად წერს რეკომენდაციებს, რომლებიც სახელმწიფომ შშმ პირთა ჯანმრთელობის დასაცავად და მათთვის აუცილებელი მომსახურებების მისაწოდებლად უნდა გაითვალისწინოს. ასრულებს თუ არა სახელმწიფო ამ რეკომენდაციებს, თუ კი, რაში გამოიხატება?

COVID-19-ის პანდემიის დროს ჯანდაცვის სფეროში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ყურადღება სამი ძირითადი მიმართულებით გაამახვილა (დეტალურად იხ.):

  • ინსტიტუციებში (ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და შშმ პირთა პანსიონატებში) განთავსებულ პირთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა;
  • ვირუსის გავრცელებისა და მთავრობის მიერ მიღებული ზომების შესახებ შშმ პირებისათვის ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • ზოგადი მოსახლეობისა და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებისათვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დამატებითი უზრუნველყოფა.

მიუხედავად ზემოაღნიშნული მიმართულებების მნიშვნელობისა, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების უმეტესობა არათანმიმდევრული, არასაკმარისი ან/და დაგვიანებული იყო; ხოლო, ცალკეული ღონისძიებები სახელმწიფოს საერთოდ არ განუხორციელებია.

ინსტიტუციებში განთავსებულ პირთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო, სახელმწიფოს შეემუშავებინა შესაბამისი პროტოკოლები და უზრუნველყო მათი ეფექტიანი აღსრულება. პრაქტიკაში ვირუსის პრევენცია უკიდურესად პრობლემურ საკითხად გამოჩნდა სწორედ ინსტიტუციებში, ფიზიკური დისტანცირების შესაძლებლობის არარსებობის, სომატური ჯანმრთელობის სერვისებთან შეზღუდული წვდომის, ჰიგიენის დაცვის საშუალებების უკიდურესი სიმწირის გათვალისწინებით.

ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ინსტიტუციებში COVID-19-ის მართვის პროტოკოლების შემუშავება. თუმცა, აღნიშნული პროტოკოლები სამინისტრომ დაგვიანებით, 2020 წლის მაისში მიიღო. ამასთანავე, უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს მათი პრაქტიკაში განხორციელება.

სახელმწიფოს უმოქმედობა კიდევ უფრო ნათლად ინსტიტუციონალიზებული ადამიანების ვაქცინაციის მიმართულებით გამოჩნდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ფსიქიტრიულ დაწესებულებებსა და შშმ პირთა პანსიონატებში ვაქცინაციის პროცესი ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული.

შშმ პირებისათვის ინფორმაციის მისაწვდომობის მიმართულებით არსებითი იყო, სახელმწიფოს ინფორმაციის გასავრცელებლად გამოეყენებინა კომუნიკაციის მრავალფეროვანი საშუალებები (მაგ., სურდო თარჯიმანი, მარტივად წასაკითხი ფორმატები), რომელიც სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირების საჭიროებებს მოერგებოდა. ინფორმირების მიმართულება გახდა ის სფერო, სადაც მთავრობამ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სახელმწიფო სტრუქტურებისათვის სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მისაწვდომი ფორმით კომუნიკაციასთან დაკავშირებით. მთავრობის მიერ მიღებულმა ზომებმა ასევე მოიცვა ინფორმაციის გავრცელება ვიდეოწყაროებისა და ცხელი ხაზების მეშვეობით, 112 აღიჭურვა SMS და ვიდეოზარის ფუნქციებით, ხოლო მთავრობის ბრიფინგების ტრანსლაცია ჟესტური ენის მეშვეობით ხორციელდებოდა.

მიუხედავად მთავრობის მიერ მიღებული ღონისძიებების მრავალფეროვნებისა, ინფორმირებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა შშმ ჯგუფებთან მიმართებით არაერთი პრობლემა გამოიკვეთა. მათ შორის, აღსანიშნავია: 1) ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მცხოვრები პირები - ძირითად შემთხვევებში, ინსტიტუციებში კორონავირუსის პრევენციის შესახებ ინფორმაცია პაციენტებისათვის მიუწვდომელ ნაწილში იყო განთავსებული; 2) ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირები - ვირუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მათთვის მისაწვდომ ფორმატში (ე.წ. მარტივად წასაკითხი ფორმატი) პანდემიის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე თვეში, 2020 წლის მაისში, გახდა შესაძლებელი; 3) უსინათლო და მცირემხედველი პირები - სახალხო დამცველის განცხადებით, ამ ჯგუფის წარმომადგენლებს პანდემიისას ხარისხიანი ინფორმაციის წვდომაზე მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდათ, რამაც გამოწვევები განსაკუთრებით მარტოხელა უსინათლო ან მცირემხედველი პირებთან მიმართებით წარმოშვა; 4) სმენის არმქონე პირები - ისინი გამოწვევების წინაშე პანდემიის მეორე ტალღისას აღმოჩნდნენ, როდესაც მთავრობის ბრიფინგების ტრანსლირება ჟესტური ენის მეშვეობით აღარ ხორციელდებოდა. საჭიროებების გაუთვალისწინებლობის გამო, ფაქტობრივ ვაკუუმში აღმოჩდნენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სმენის არმქონე პირები.

ფსიქიკური ჯანმრთელობის დამატებითი სერვისებით უზრუნველყოფის რეკომენდაციის მთავარი მიზანი მთავრობის მიერ პანდემიის დროს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გაზრდილი ტვირთის აღიარება და როგორც ზოგადად მოსახლეობის, ისე უშუალოდ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების მხარდაჭერა გახლდათ.  სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ღონისძიებები მთავრობის პანდემიასთან ბრძოლის პოლიტიკაში საერთოდ არ ასახულა.

თქვენი აზრით, რატომ არ ან ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტების მომზადებისას თვითონ შშმ პირების და ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობას? რატომ დგას ხოლმე მონაწილეობის პრობლემა, რაზეც, ფაქტობრივად, მუდმივად იწერება სხვადასხვა აქტივისტების და ორგანიზაციების მიერ...

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, გამოიყოს რამდენიმე ძირითადი მიმართულება:

-              ჩართულობის ერთიანი სტანდარტების არარსებობა - ქვეყანაში არც საკანონმდებლო და არც პოლიტიკის დონეზე არ არსებობს შშმ პირთა ჩართულობის სტანდარტები, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების დროს გამოიყენებდნენ სახელმწიფო უწყებები, მიუხედავად საერთაშორისო დონეზე ამგვარი რეკომენდაციების არსებობისა. ყოველივე ზემოაღნიშნული იწვევს ჩართულობის კონცეფციის არაერთგვაროვან ინტერპრეტაციას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხრიდან და ზრდის მათ მიერ ამ სფეროში უფლების ბოროტად გამოყენების (არასწორი/შეზღუდული სახით ინტერპრეტაციის) შესაძლებლობას;

-              პოლიტიკური ნების არარსებობა - წლების განმავლობაში შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხი არ წარმოადგენს პრიორიტეტს მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში. ასევე, არ არსებობს პოლიტიკური ნება, გატარდეს ეფექტიანი რეფორმები და ამ პროცესებში შშმ პირთა რეკომენდაციებიც გაითვალისწინონ;

-              თემის მობილიზების ნაკლებობა - ზემოაღნიშნული გამოწვევების პარალელურად, შშმ თემის მობილიზებაში ასევე არსებობს გარკვეული პრობლემები და მათი საქმიანობა საჭიროებს უფრო მეტ კოორდინაციას. ასევე, პრობლემურია გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ძირითადად სერვისპროვაიდერების ჩართვა (რომლებიც ცალკეულ სფეროებთან მიმართებით დაინტერესებულ მხარეებადაც შეიძლება ჩაითვალონ) და შშმ აქტივისტების პროცესებიდან გამორიცხვა.

რატომ არის აუცილებელი შშმ პირებისთვის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის წარმართვა?

შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაცია ამ ჯგუფის წარმომადგენელთა უფლებების ერთ-ერთ ყველაზე უხეშ და მწვავე დარღვევას წარმოადგენს. დიდი ზომის სპეციალიზებული დაწესებულებების (ფსიქიატრიული დაწესებულებების, შშმ პირთა პანსიონატების, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების თავშესაფრების) არსებობა პირდაპირ ეწინააღმდეგება შშმ პირთა უფლებების კონვენციას და ამ ჯგუფის წარმომადგენელთა საზოგადოებისგან გარიყვისა და იზოლაციის წინაპირობაა. ინსტიტუციონალიზაცია ადამიანს ართმევს ცხოვრებაზე კონტროლის ბერკეტებს და საკუთარ თავთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

ინსტიტუციონალიზაციის შინაარსისა და მისი ხასიათის გამო შშმ პირები ვერ ახერხებენ ვერც ერთი უფლებითა და თავისუფლებით სარგებლობას და იმყოფებიან უფლებაუუნარობისა და ქმედუუნარობის მდგომარეობაში. საქართველოში ინსტიტუციონალიზაციას ასობით ადამიანი ექვემდებარება, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ფიზიკურ გარემოში, ძალადობის, იძულებითი ღონისძიებების, შრომითი ექსპლუატაციის რეჟიმის ქვეშ ცხოვრობს.

ამგვარი მდგომარეობისა და სახელმწიფოს უპირობო ვალდებულების - უზრუნველყოს ყველა შშმ პირის უფლებები სხვებთან თანასწორად და მიანიჭოს მათ თანაბარი სამართალსუბიექტობა - გათვალისწინებით, არსებითია, შემუშავდეს ამგვარი დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და შემუშავდეს თემზე დაფუძნებული სამედიცინო და სოციალური სერვისები, რომელიც შშმ პირებს შესთავაზებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერას.

ესაუბრა თეკლე ქაროსანიძე


მსგავსი პოსტები