en
ge

აქტივიზმს პროფესია არ აქვს

აქტივიზმს პროფესია არ აქვს

„გაიცანით, ეს მელანო დურმიშიძეა, არაკომერციული ორგანიზაციის ,,სისხლის უანგარო დონორების“ თანადამფუძნებელი და უბრალოდ აქტივისტი. ის ყველა იმ ინიციატივას უჭერს მხარს, რომელიც უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. 

„მთავარი მოტივაცია ჩემთვის ყოველთვის ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ. ბებია და ბაბუა, ხშირად მოგზაურობდნენ შორეულ აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში, ყოველთვის უკან ბრუნდებოდნენ და საკუთარ ცოდნასა თუ გამოცდლებას უზიარებდნენ კოლეგებს. მეც ასე გავიზარდე. სულ ვიცოდი, რომ მოგზაურობა და უცხო ქვეყნების გამოცდილების ნახვა კარგია, თუმცა „სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით”. შესაბამისად, სულ ვიცოდი, რომ პროფესონალიზმი, საკუთარი საქმის ბრწყინვალედ კეთებასთან ერთად ღირსეულ მოქალაქეობას ნიშნავდა.

გადამწყვეტი როლი ითამაშა ამერიკის საელჩოს გაცვლითმა პროგრამამ, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში საშუალება მომცა მენახა თუ რა ძალა აქვს საზოგადოებას, რომელიც საერთო მიზნებისა და კეთილდღეობისთვის მუშაობს, ვფიქრობ ეს გარემო განსაკუთრებით ნათლად ჩანს ამერიკაში. სწორედ ეს გახდა მოტივატორი, რომ 2017 წელს დაარსებული ფეისბუქ გვერდი, პანდემიის დაწყებისას, სოციალურ პროექტად გადაიქცა ორგანიზაციაში, რომელიც დღეს ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე დგას. რთულ დღეებში, ჩემთვის მთავარი მოტივატორი ისეთ საზოგადოებაში ცხოვრებაა, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთზე ზრუნავენ, იმ მინიმალური პასუხისმგებლობით, რაც თანამოქალაქეებს ერთმანეთის მიმართ უნდა გვქონდეს.

ჩვენი მთავარი საქმიანობაა გადაუდებელი სისხლის საჭიროების მქონე ადამიანებს დავეხმაროთ უანგარო დონორების მოძიებაში და სიცოცხლის შენარჩუნებაში. ყოველ დღე ვისმენთ ისტორიებს, თუ როგორ გვთხოვს დედა შვილის გადარჩენას ან პირიქით. ამ დროს გამორიცხულია, დახმარების თხოვნა, მადლობა ან ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება იყოს ყალბი. გულწრფელი ემოციები კი ყველაზე მეტად გადამდებია. ბევრი გვიტირია ჩვენს პაციენტებზე, რომლებმაც ვერ მოიგეს დაავადებებთან ბრძოლა და კიდევ უფრო ბევრი გვიტირია, როდესაც ძალიან ნათლად ვხედავთ, რამხელაა სიცოცხლის სიყვარულის ძალა, რომელიც ადამიანებს აძლევს დაუჯერებელ ენერგიას, იბრძოლონ და ჩაებღაუჭონ მას.

2021 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ 750 ადამიანის სიცოცხლეს შეუწყო ხელი, თუმცა 2022 წლის თებერვალში ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზარდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამას მარტო ვერ გავაკეთებდით და 1200-ზე მეტი სუპერგმირის ანუ სისხლის უანგარო დონორის დახმარებით შევძელით. ამას ვერ გავაკეთებდით იმ 7 მოხალისე გოგონას გარეშე, რომელიც ჩვენ გუნდში მუშაობს, ბაზაში რეგისტრირებული 3000–მდე მოქალაქის გარეშე. და ასევე ბიზნესკომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე – კამპანიაში 20–მდე კერძო სექტორის წარმომადგენელია ჩართული.

ჩემთვის ყველანაირი კეთილის არსი სიყვარულია. თუ გიყვარს, სულერთია ვინმე თუ რამე, გინდა რომ უკეთესი ადამიანი იყო ვიდრე ხარ, ზრუნავ, მოძრაობ და მერე ერთ დღეს ასე გადაიზრდება საქმეები იმაში, რასაც კეთილ საქმეებს ვეძახით“.

მსგავსი პოსტები