en
ge

ზაზა ფირალიშვილი: „სამოქალაქო პასუხისმგებლობა ნიშნავს - გაიაზრო, ამქვეყნად ადამიანად მოსულს, რა პასუხისმგებლობები გეკისრება“

ზაზა ფირალიშვილი: „სამოქალაქო პასუხისმგებლობა ნიშნავს - გაიაზრო, ამქვეყნად ადამიანად მოსულს, რა პასუხისმგებლობები გეკისრება“

ახალი კორონავირუსის გამო, საქართველო და მთელი მსოფლიო განსხვავებული რეალობის წინაშე დადგა. სხვა წონა შეიძინა ადამიანურმა ურთიერთობებმა, პასუხისმგებლობებმა საკუთარი თავის, გარშემო მყოფებისა და, მთლიანად, საზოგადოების წინაშე. რას ნიშნავს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვახერხებთ თუ არა, საჭიროების შემთხვევაში, ადამიანები მის აღებას? ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ვესაუბრეთ. 

ესაუბრა მაკა ჯაიანი 

- კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ადამიანებს, ყველაზე ხშირად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებენ. რას გულისხმობს ამ ორი სიტყვის ერთიანობა? 

- გამოთქმა „სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, უპირატესად, სამართლებრივი სისტემის მიმართ ლოიალობისა და სოციალური სოლიდარობის უნარის აღსანიშნად გამოიყენება. ერთი მხრივ, ადამიანი სოციალური ატომია, რომელიც სოციალურ ინტერაქციათა სისტემაში და, შესაბამისად, კონკრეტულ სოციალურ კონტექსტშია ჩართული. თუ ის დაარღვევს ამ სოციალური ინტერაქციის წესებს, კონტექსტიდან ამოვარდება. 

ადამიანი რომ მხოლოდ მოქალაქე იყოს, სამოქალაქო პასუხისმგებლობა მხოლოდ ამ ამოვარდნის შიშით იქნებოდა განპირობებული, მაგრამ ადამიანი არ არის მხოლოდ სოციალური ატომი, ის გაცილებით მეტია. მის მიმართებას სხვა ადამიანებთან განსაზღვრავს არა მხოლოდ კანონი ან კოლექტიური ინტერესები, არამედ, კიდევ რაღაც სხვა და ეს „სხვა“ კარგად ჩანს სასაზღვრო სიტუაციების დროს, განსაკუთრებით - სასიკვდილო საფრთხისას. 

ამ დროს შეიძლება ვილაპარაკოთ არა სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, არამედ ადამიანურზე. ამ დროს ადამიანის წინაშე ჩნდება კითხვები, რომელიც მივიწყებულია შედარებით მშვიდი საზოგადოებრივი ცხოვრების დროს. ის დგება იმ აუცილებლობის წინაშე, რომ, ან დაადასტუროს, რომ ადამიანია, ან, პანიკით მოცულმა, თავის თავში ყოველგვარი ადამიანური დაივიწყოს. 

ამ აზრით, სამოქალაქო პასუხისმგებლობა ნიშნავს, შეგეძლოს გაიაზრო, ამქვეყნად ადამიანად მოსულს, რა პასუხისმგებლობები გეკისრება სხვა ადამიანების მიმართ, იმ სასიცოცხლო გარემოს მიმართ, რომელშიც სხვებთან ერთად აღმოჩნდი. 

- რა გვაჩვენა გასულმა რთულმა ერთმა თვემ - გვაქვს ამ პასუხისმგებლობის შეგრძნება თუ ვერ ვართ სანიმუშო მოქალაქეები? 

- ამ ერთმა თვემ გვაჩვენა, რომ ჩვენ თანდათან ვიბრუნებთ ადამიანურ სახეს მას შემდეგ, რაც, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენს ცნობიერებას ბოლშევიზმის კომპრაჩიკოსის ქოთანში ამახინჯებდნენ. ცხადია, ეს არ არის იოლი პროცესი. წარსული ძალზე მძიმე ტვირთია, მაგრამ, თურმე, გარკვეულ სიტუაციებში, ჩვენში იღვიძებს ერთგვარი კოლექტიური ნება და ჩვენ ვიბრუნებთ საკუთარ თავს. 

ასე მოხდა ყოფითი კორუფციის დაძლევისას, ასე მოხდა ჩვენი ცხოვრებიდან კრიმინალური სუბკულტურის განდევნის დროს, საპოლიციო რეფორმის დროს და ა.შ. ვერც ერთი გენიალური რეფორმატორი ვერაფერს შეძლებს, თუკი მას საზოგადოების მხარდაჭერა არა აქვს. ჩვენ თვალწინ ეს ხდება დღესაც. დღეს ჩვენ ვსწავლობთ იმას, თუ, სასაზღვრო სიტუაციაში, როგორ უნდა მივხედოთ ჩვენ სასიცოცხლო გარემოს და ვხედავთ, რომ, ასე თუ ისე, ვახერხებთ ამას. დღევანდელი მოვლენები, მიუხედავად მათი დრამატულობისა, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებაა მოსალოდნელი, ძალიან მნიშვნელოვანი შანსია, თითოეულმა ჩვენგანმა დაადასტუროს, რომ ტყუილად არ ჰქვია ადამიანი, ხოლო საზოგადოებამ დაადასტუროს, რომ მას აქვს უფლება, საზოგადოებად იწოდებოდეს. 

- რა მაგალითები გახსნდებათ საქართველოს ისტორიიდან, როცა სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენა შევძელით და პირიქით - სად ვერ მოვახერხეთ ეს? 

- ორიოდე მაგალითი უკვე დავასახელე. უნდა გავიმეორო: ვერავითარი სასიკეთო რეფორმა ვერ განხორციელდება, თუკი ადამიანებში არ არის მათი აუცილებლობის განცდა მომწიფებული. 90-იანი წლების განმავლობაში, თურმე, ჩვენი კოლექტიური გონი ინტენსიურად მუშაობდა და მივიდა იმ რეფორმების აუცილებლობამდე, რომელიც ვახსენე. 

ერთ რამეს გავიხსენებ. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როდესაც მთა-თუშეთში, დართლოში აკლდამები ვნახე. ამ პატარა შენობებს ეპიდემიების დროს დასნეულებულები თავისი ნებით აფარებდნენ თავს და ამით სხვებს იხსნიდნენ სენისაგან. იქვე, მარტოობაში იხოცებოდნენ. ასეთი აკლდამები თუშეთსა და ხევსურეთში რამდენიმე ადგილასაა. ჩვენ ამგვარი ქცევის უნარის გენეტიკურ მეხსიერებას ვატარებთ. ეს არ არის მხოლოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ეს ჰეროიზმის უნარი გახლავთ და სამოქალაქო პასუხისმგებლობა მისი ერთ-ერთი ყოფითი შედეგია. თუკი ასეთი რამ შენში არ აღგიზრდია, სამოქალაქო პასუხისმგებლობა მხოლოდ კანონისა და სოციუმიდან განდევნის შიშს დაეფუძნება და ეს დამამცირებელიცაა ადამიანისათვის. 

მოკლედ, ჩვენ ბევრჯერ გაგვიმჟღავნებია ის, რაზეც ჩვენ საზოგადოებაში სამოქალაქო პასუხისმგებლობათა სისტემა შეიძლება აიგოს. მთავარი ახალი პრეცენდენტებია. 

- რას იტყვით მსოფლიოს შესახებ: იგივე კუთხით, როდის გამოიჩინა თავი მან ან კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებმა და როდის - ვერა? 

- დღევანდელი სიტუაცია ავიღოთ. ჩინელები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ ვირუსის გავრცელების ფაქტს. დღეს კი, როგორც უცხოეთის პრესა წერს, კომუნისტური პროპაგანდის ინერციით ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ მათთან უკვე ყველაფერი კარგადაა. სამწუხაროდ, როგორც ამბობენ, თავისი წარმომადგენლების მეშვეობით, მოვლენების დასაწყისში, მათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პასიურობას მიაღწიეს. პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა ადამიანის სიცოცხლის ინტერესებს სძლია. ასევე იქცევიან რუსებიც და მსოფლიოს დიდი საფრთხის წინაშე აყენებენ. სამწუხაროდ, თავი იჩინა ევროპული ქვეყნების ეგოიზმმაც და ეს იტალიასთან მიმართებაში გამოჩნდა. არადა, ცხადია, რომ ვირუსს ერთ ცალკე აღებულ ადგილას ვერ დაამარცხებ და რომ ის ნებისმიერი ეპიცენტრიდან შეიძლება მოედოს მთელ ადამიანურ სამყაროს. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ შეძლო თავისი რესურსებისა და სამოქალაქო ძალების სრული მობილიზება და, დღესდღეობით, ჩვენ მათ შორის ვართ. 

- როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის აღება ჩვენი მოქალაქისთვის ისეთივე აღიარებული ვალდებულება იყოს, როგორიც, მაგალითად, პირადი ჰიგიენის დაცვაა? 

- საზოგადოებას გზას ცალკეული ადამიანების მიერ შექმნილი პრეცენდენტები უკვალავენ. ეს ადამიანები სხვებს ანახებენ, თუ როგორი აუცილებელია, ერთიანი სასიცოცხლო გარემოს გამო, პასუხისმგებლობის აღება. კოლექტიური ქცევის ნორმები და ყოველი ცალკეულის სამოქალაქო პასუხისმგებლობა ასეთი პრეცენდენტებით იქმნება. 

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა მდგომარეობა გვექნებოდა, ჩვენ ექიმებს შორის რომ არ ყოფილიყო ის რამდენიმე ადამიანი, ვინც სასაზღვრო სიტუაციაში შეძლო და თავისი ქცევა ზნეობისა და გონების კანონებს დაუქვემდებარა? მათ პირველივე დღეებში შექმნეს პრეცენდენტი და ყველა ჩვენგანს დაანახეს, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ასეთ დროს ის ადამიანი, ვისაც სხვების ბედი აბარია. გავიხსენოთ ჩვენი პოლიციელები, რომლებსაც, ასევე, სასაზღვრო სიტუაციაში უწევთ მუშაობა, მოხალისეები, ვინც მოხუცებისა და ავადმყოფების მოვლა იკისრეს, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბანკების თანამშრომლები, მესაზღვრეები და ა.შ. ეს ის პრეცენდენტებია, ჩვენ მომავალს რომ შექმნის. 

შეგახსენებთ, - კანტი ასე აყალიბებდა ზნეობის საფუძველს: მოიქეცი ისე, რომ პრინციპი, რომლის თანახმადაც შენ იქცევი, საყოველთაო კანონმდებლობად გამოდგებოდეს. ანუ, თუ მე რაიმე სიტუაციაში უზნეოდ ვიქცევი, ამით ჩემ გარემოში უზნეობას ვაკანონებ და პირიქით. მე თუ მკითხავთ, სწორედ ესაა ადამიანური პასუხისმგებლობის ფორმულა, რომელსაც, შეიძლება, სამოქალაქო პასუხისმგებლობების სისტემა ეყრდნობოდეს.

მსგავსი პოსტები