en
ge

თამარ დეკანოსიძე: „გენდერულ ძალადობას ქალსა და მამაკაცს შორის უთანასწორობა იწვევს“

თამარ დეკანოსიძე: „გენდერულ ძალადობას ქალსა და მამაკაცს შორის უთანასწორობა იწვევს“

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2017 წელს გამოცემული კვლევის თანახმად, ყოველი ოთხი ქალიდან ერთს ცხოვრების მანძილზე განუცდია გენდერული ძალადობის რომელიმე ფორმა. ამავე კვლევამ აჩვენა, რომ, 2009 წელთან შედარებით, 2017 წლის მდგომარეობით, სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვიანობა, ოჯახში ძალადობის გამო, გაზრდილია - 2009 წელს ამგვარ ძალადობაზე პოლიციას ქალების 1,5% მიმართავდა, მაშინ როდესაც 2017 წელს ეს რიცხვი 18%-მდე გაიზარდა. რა ვითარებაა ამ და, ზოგადად, გენდერული თვალსაზრისით, საქართველოში? - თემაზე იურისტი, საია-სა და Equality Now-ს წარმომადგენელი, თამარ დეკანოსიძე გვესაუბრება. 

ესაუბრა თეკლე ქაროსანიძე 

- თამარ, პირველ ყოვლისა, განვმარტოთ რას ნიშნავს გენდერული ნიშნით ძალადობა? 

- გენდერული ნიშნით ძალადობა გულისხმობს ძალადობის ისეთ სახეებს, რომელიც ჩადენილია ქალების წინააღმდეგ, იმის გამო, რომ ისინი არიან ქალები, ან ეს არის ძალადობის ისეთი ფორმები, რომელსაც, მეტწილად, ქალები განიცდიან. 

მაგალითისთვის, ოჯახში ძალადობა, შეიძლება, ეხებოდეს, როგორც ქალებს, ისე - კაცებს, მაგრამ მსხვერპლები, ძირითადად, ქალები არიან. იგივე შეიძლება ითქვას სექსუალურ ძალადობასთან თუ შევიწროებასთან დაკავშირებით - მისი მსხვერპლი, შეიძლება, ნებისმიერი სქესის ადამიანი გახდეს, მაგრამ მსხვერპლები აქაც, ძირითადად, ქალები არიან. 

გენდერული ძალადობის ესკალაცია, ქალის უფლებების დარღვევის უკიდურესი ფორმაა ფემიციდი - ოჯახში ძალადობის შედეგად, გენდერული ნიშნით მკვლელობა, სიცოცხლის მოსპობა. იგი მოიცავს, როგორც მკვლელობას, ასევეб თვითმკვლელობამდე მიყვანას, ვინაიდან თვითმკვლელობამდე მიყვანას, როგორც წესი, წინ უსწრებს სისტემატიური ძალადობა. 

- რატომ არის თვალშისაცემი ფემიციდის შემთხვევები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში?

- ზოგადად, არა მხოლოდ ფემიციდი, არამედ ქალთა მიმართ ყველა ფორმის დანაშაული, ბოლო წლებში, უფრო ხილვადი გახდა და საჯარო დისკუსიის ნაწილად იქცა. გაზრდილია მიმართვიანობაც და ისეთი შემთხვევების რაოდენობაც, როდესაც სახელმწიფო პირს პასუხისმგებლობას აკისრებს, ასამართლებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ, დღეს, გაზრდილია ამგვარი შემთხვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მაჩვენებელი. 

- ფემიციდს, როგორც ცალკე დანაშაულს, ჩვენი კანონმდებლობა აღიარებს? 

- 2018 წლამდე, ფემიციდი - გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა, ცალკე არცერთ მუხლში იყო გამოყოფილი. პირი პასუხისმგებლობაში მიეცემოდა მხოლოდ ზოგადი მუხლით. 2018 წელს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება და ახლა გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა არის 109-ე მუხლის, განზრახ მკვლელობის დამამძიმებელი გარემოება. ამის შესახებ რეკომენდაცია 2017 წელს, გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) მოგვცა. სიტყვა „ფემიციდი“ კანონში კვლავ არ არის ნახსენები, მაგრამ ნახსენებია, რომ გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობაა. 

- ზოგადად, გენდერული თანასწორობის ადრეულ და თანამედროვე ეტაპებს თუ შევადარებთ, როგორი ვითარება გვაქვს? 

- ვიტყოდი, რომ დღეს, გარკვეულ საკითხებში რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა გვაქვს - მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველომ, გენდერული თანასწორობის საკანონმდებლო და ინსტიტუციური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. 

მაგალითად, 2006 წლამდე, საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი საერთოდ არ არსებობდა. ანუ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ვერანაირი დაცვისა და დახმარების მექანიზმს ვერ გამოიყენებდა თუ არ განიცდიდა ძალადობის ძალიან მძიმე ფორმებს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე დანაშაულში მოიაზრებოდა. 2012 წლამდე, ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულიც კი არ იყო ანუ დამნაშავის წინააღმდეგ მხოლოდ შემაკავებელი და დამცავი ორდერები გამოიყენებოდა, რაც, რეალურად, ძალადობის სერიოზული ფორმებისგან არ იცავს. ასევე, 2017 წელს, საქართველომ მოახდინა სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობას ეხება. უნდა ითქვას, რომ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, კონვენცია მხოლოდ საქართველოს და ესტონეთს აქვს რატიფიცირებული. კონვენციის რატიფიცირებამ ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლის მექანიზმები გააფართოვა და დახვეწა. 

ბოლო წლების განმავლობაში, ასევე, საგრძნობლად გაიზარდა გენდერული ძალადობის ფორმების მიმართ სახელმწიფოს რეაგირება და მოძალადეების წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის გატარება დაიწყო. წლების წინათ, როდესაც პირი ოჯახში ძალადობდა, ხშირ შემთხვევაში, მას პასუხისგებაში არ აძლევდნენ, იმ მოტივით, რომ ოჯახში ძალადობა იყო ოჯახის საქმე და გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებებში, პროკურორი ზოგჯერ პირდაპირაც კი წერდა, რომ „ეს ოჯახის საქმეა და მასში ჩარევა არ წარმოადგენდა სახელმწიფოს საჯარო ინტერესს“. ეს დამოკიდებულება შეიცვალა, რაც მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, კვლავ გვრჩება უდიდესი გამოწვევები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. 

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა გამოწვევების წინაშე დგანან ქალები საქართველოში? 

- გენდერული თანასწორობის პრობლემები მრავალწახნაგოვანია, მაგრამ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია საზოგადოებაში არსებული პატრიარქალური კულტურა და სტრუქტურული უთანასწორობა, ქალის დაქვემდებარებულ სუბიექტად აღქმა და, ზოგადად, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების სტიგმატიზაცია - როდესაც ძალადობის მსხვერპლი, ხშირად, თავად გამოჰყავთ ძალადობის მაპროვოცირებლად. 

საზოგადოებაში ნაკლებია თანაგრძნობა იმ ქალების მიმართ, რომლებიც ძალადობას განიცდიან, არც ეს პრობლემა და მისი მასშტაბებიასაზოგადოებაში ფართოდ აღიარებული. პირიქით, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ქალები დაქვემდებარებულ მდგომარეობაში კი არ იმყოფებიან, პრივილეგირებულები არიან. 

ქალის როლის აღქმაც პრობლემურია, რადგან აქაც ხშირად ვაწყდებით სტერეოტიპულ მიდგომებს. ძალიან მწვავედ დგას ასევე, ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის საკითხი. ხშირად ქალები მოძალადე მეუღლესთან რჩებიან იმის გამო, რომ მათ სხვაგან წასასვლელი არ აქვთ და არ შეუძლიათ თვითონ არჩინონ თავიანთი თავი, შვილები. 

- ყველაფრის მიუხედავად, აშკარაა, რომ ქალები გამოდიან სტერეოტიპული, ტრადიციული როლიდან, ისინი იბრძვიან პროფესიული განვითარების, ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, პირადი სივრცის შესაქმნელად. ახალი, გარდამტეხი ეტაპის წინაშე ხომ არ ვდგავართ, როგორც საზოგადოება? 

- დიახ, ვფიქრობ, რომ ეს არის გარდამტეხი ეტაპი. 

ძალიან საინტერესო საკითხია, იმიტომ, რომ გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენის მიზეზი ხშირად სწორედ ის არის, რომ ქალი არ ემორჩილება საზოგადოების მიერ მიკუთვნებულსტერეოტიპულ როლს და მამაკაცი ძალადობს მასზე, სჯის ამისთვის. მამაკაცი ფიქრობს, რომ ქალი არ აკეთებს იმას, რაც „ევალებოდა’’ - თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, როდის გავიდეს სახლიდან, იმუშაოს თუ არა ან კონტაქტი ჰქონდეს თუ არა გარე სამყაროსთან, როგორი ტანსაცმელი ჩაიცვას და ა. შ. იყო შემთხვევები, როდესაც ფემიციდი მოხდა იმის გამო, რომ ქალმა სადილი არ მოამზადა სახლში, ან იმიტომ, რომ ისმუშაობდა და მის ყოფილ მეუღლეს ეს არ უნდოდა. 

- როგორ უნდა შეიცვალოს ასეთი სტერეოტიპული წარმოდგენები? 

- ეს გრძელვადიანი და კომპლექსური პროცესია. მნიშვნელოვანია, რომ ცნობიერების შეცვლა ადრეული ეტაპიდან, სკოლებიდან დაიწყოს. ერთი მხრივ - ზოგადად, გენდერული თანასწორობის და მეორე მხრივ - იმ სამართლებრივი მექანიზმების შესახებ უნდა ამაღლდეს ცნობიერება, რომლებიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს აქვთ, მაგალითდ, შემაკავებელი ორდერის გამოყენება და სხვა. 

აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტრო ახორციელებს სასკოლო სახელმძღვანელოების რევიზიას, რათა ისინი სრულად შეესაბამებოდეს გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა პრინციპებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, სასკოლო სახელმძღვანელოები გენდერული სტერეოტიპების შემცველ ტექსტებს მოიცავდა. 

ცნობიერების ამაღლების უამრავი კამპანია ჩატარდა ჩვენთან, მაგრამ საქართველოს ყველა კუთხეში თანაბრად არ არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი და ზოგ თემში ენობრივი ბარიერიც არსებობს. ინფორმაციის ნაკლებობას სწორედ ის ქალები განიცდიან, რომლებიც ძალადობის მიმართ ყველაზე მეტად არიან მოწყვლადები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ან ადამიანები, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. 

- რას აკეთებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამ პრობლემების მოსაგვარებლად? 

- ჩემი აზრით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ამ საკითხების წინ წამოწევის, ამ მიმართულებით პროგრესული რეფორმების განხორციელების უზრუნველყოფის კუთხით. ჩემი ორგანიზაციების მაგალითზე გეტყვით. 

საია-მ შექმნა პრეცედენტი იმისა,რომ სახელმწიფო ორგანოებს დაეკისრა პასუხისმგებლობა, თუკიფემიციდის კონკრეტულ შემთხვევებზე სათანადო რეაგირებასარ მოახდენენ. მსგავსი რამ გასულ წლებში საერთოდ არ არსებობდა და არც შეიქმნებოდა საიას კონკრეტული საქმეები სასამართლოში რომ არ გაესაჩივრებინა. 

საია იყო პირველი ორგანიზაცია, რომელმაც ფემიციდის შესახებ საქმეები გაასაჩივრა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიდა გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, რომელიც ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაციაა. 

საია, ასევე აქტიურად მონაწილეობდა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პროცესში, მათ შორის სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების დროს. კანონონპროექტების მომზადების პროცესში სახელმწიფომ ორგანიზაციის მიერ მომზადებული არაერთი წინადადება გაიზიარა და დანერგა. მისივე ძალისხმევით და, სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით, კონსტიტუციაში გაჩნდა პროგრესული მუხლი ქალისა და მამაკაცის არსებითი თანასწორობის შესახებ, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, მიიღოს განსაკუთრებული ზომები ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობის უზრუნველსაყოფად. ეს სრულად შეესაბამება სტამბოლის კონვენციას და CEDAW-თი განსაზღვრულ სტანდარტებს. აღარაფერს ვამბობ უფასო სამართლებრივ დახმარებაზე, რომელსაც საია ძალადობის მსხვერპლებს უწევს... 

აუცილებლად უნდა აღვნიშნო აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სექსუალური ძალადობის შესახებ კანონმდებლობის, პრაქტიკისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მათი შესაბამისობის შესახებ პირველი ანგარიში, რომელიც ორგანიზაცია EqualityNow-მ მოამზადა და რომელზეც პირადად ვმუშაობდი. ამ დოკუმენტის საფუძველზე, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით, ევროპის საბჭოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სექსუალური ძალადობის გამოძიების და მართლმსაჯულების განხორციელების სახელმძღვანელოზე, რომელსაც დანაშაულის გამოძიებისას, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები გამოიყენებენ. მსგავსი სახელმძღვანელო აქამდე ჩვენთან არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც ამ პროტოკოლსშევიმუშავებთ,ის სხვა ქვეყნებშიც დაინერგება. 

იგივე Equality Now აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ახდენს ადვოკატირებას, რომ კანონმდებლობა, პოლიტიკა და პრაქტიკა შეიცვალოს ქალთა უფლებების უკეთესად დასაცავად. ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა, მთლიანობაში, შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენ - საზოგადოებრივი ორგანიზაციები, გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - მის ფარგლებს გარეთ, მნიშვნელოვან სამუშაოს ვეწევით.

მსგავსი პოსტები