სოციალური მეწარმეობა ბიზნესის ახალი მიმართულებაა, რომელიც საზოგადოების წინაშე არსებული კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად ბიზნეს მოდელს იყენებს. ქმნის სხვადასხვა პროდუქტს, აწვდის სხვადასხვა სექტორს სერვისს და შემოსავლებს მიმართავს საზოგადოების ინიციატივების განსახორციელებლად. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ჯგუფებისთვის არაფორმალური განათლების მიღება, გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარება, თანასწორობის ხელშეწყობა, კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა და უამრავი სხვა მიმართულება. სოციალური მეწარმეობა საქართველოში მზარდი სექტორია, თავისებურება ისაა, რომ ამ მოდელს ძირითადად საზოგადოებრივი ორგანიზაციები იყენებენ. ალბათ გსმენიათ „წნულის“ შესახებ, რომელიც კასპში ბუნებრივი ნედლეულის საშუალებით არქაული ტიპის აქსესუარებს ამზადებს და მასში შშმ პირები არიან დასაქმებული. ასევე „ცოდნის კაფე“, რომელიც არაფორმალურ განათლებას აძლევს წნორში მცხოვრებ ბავშვებს, „ისტორიალი“ – უძველესი ნიმუშებს სწავლობს და ქმნის მსგავს პროდუქციას. ბათუმში „თავისუფალი სივრცე“, რომლის მიზანია შშმ პირთა ინტეგრაციის და დასაქმების ხელშეწყობა ინკლუზიურ კაფეში. სოციალური საწარმო „ფრილანსერი“, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმებაზეა ორიენტირებული. საქართველოში ასეთი 100–მდე სოციალური საწარმოა. ყოველწლიურად მათგან ერთი, წლის საუკეთესოს სტატუსს იღებს. 2020 წლის 19 ნოემბერს, სოციალური საწარმოთა ალიანსის ორგანიზატორობით, ინტერნეტ სივრცეში გაიმართა ფორუმი, სადაც გამოვლინდა წლის სოციალური საწარმო - "გუმბათი". ალიანსი სოციალური საწარმოების ქოლგა ორგანიზაციაა, რომელიც 2016 წელს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და სოციალურმა საწარმომ დააფუძნა. რომლის მიზანია სოციალური საწარმოებისთვის ხელსაყრელ გარემოზე მუშაობა, სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, საწარმოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირება, მოქმედი საწარმოებისა და სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია, გამოცდილების გაზიარება.