en
ge

#გადაარჩინესაქართველოგაზიარებით

#გადაარჩინესაქართველოგაზიარებით

საერთაშორისო საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children), რომელიც 1919 წელს შეიქმნა და პროგრამებს მსოფლიოს 120 ქვეყანაში ახორციელებს, საქართველოში საქმიანობა 1993 წლიდან დაიწყო. ამ 28 წლის განმავლობაში, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ბავშვთა დაცვის, განათლების, ოჯახებისა და თემის გაძლიერების, ინკლუზიური განათლების, ბავშვთა ადრეული განვითარების, კატასტროფების რისკის შემცირების, ახალგაზრდობის უნარების განვითარების, ბავშვთა მონაწილეობის, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების და გოგონებისა და ქალების გაძლიერების საკითხებზე. „გადავარჩინოთ ბავშვების“ დახმარებით, შემუშავდა და დაინერგა მიდგომები, მომსახურებები, შეფასების ინსტრუმენტები, სახელმძღვანელო დოკუმენტები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დღეს, ბევრი მიმართულებით, ბავშვთა კეთილდღეობის საფუძველია. თუმცა, ბავშვთა დაცვას საქართველოში, ბევრი თვალსაზრისით, ჯერაც არაერთი გამოწვევა აქვს.

„მათ შორისაა ბავშვთა სიღარიბე და მათ მიმართ ძალადობა, რასაც ამძიმებს ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერაზე არსებული სერვისების ნაკლებობა“, - ამბობს ორგანიზაციის ადვოკატირების, კომუნიკაციისა და პარტნიორობის კოორდინატორი, მარიკა მხეიძე, - „სუსტია ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის სახელმწიფო მექანიზმები, სახეზეა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრაციაზე ორიენტირებული ნაბიჯების სიმწირე, სახელმწიფო ზრუნვის პროგრამებში დეფიციტურია სოციალური მუშაკის ხელმისაწვდომობა და ა.შ.“.

ვინაიდან ოჯახებიდან ბავშვების გამოყვანის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ძალადობაა, „გადავარჩინოთ ბავშვები“ აქტიურად მუშაობს, რომ დანერგოს მის მიერ შემუშავებული პროგრამა „მშობლობა ძალადობის გარეშე“. ეს პროგრამა ხელს უწყობს მშობლებისთვის აღზრდის არაძალადობრივი და ეფექტიანი მეთოდების, საკუთარ სტრესთან გამკლავების სწავლებას და ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული არასწორი წარმოდგენების შეცვლას. „ჩვენი მიდგომა „მშობლობა ძალადობის გარეშე“ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის პრევენციისა და ინსტიტუციებში განთავსებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების კუთხით“, - მიიჩნევს მარიკა მხეიძე.

ბავშვებთან დაკავშირებული და აუცილებლად მოსაგვარებელი საკითხების ჩამონათვალში, რომელიც ორგანიზაციას აქვს, ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემაში დასაქმებული აღმზრდელების კვალიფიკაციაცაა. აქ უნდა აღინიშნოს „გადავარჩინოთ ბავშვების“ კიდევ ერთი პროგრამა - „HEART - გაჯანსაღება და განათლება ხელოვნების მეშვეობით“, რომელიც ცვლის საბავშვო ბაღის აღმზრდელების სწავლებას, სკოლამდელი განათლების მეთოდების მიმართ მათ მიდგომებს. ხსენებულ ჩამონათვალშია, ასევე, მწირი ბიუჯეტები, რომელსაც მუნიციპალიტეტები გამოყოფენ საბავშვო ბაღების განვითარების, წიგნების, სამუშაო მასალებისა და სათამაშოებისთვის - იმისთვის, რამაც ბავშვის სრულყოფილი განვითარება უნდა უზრუნველყოს.

„ამ კონტექსტში, აღსანიშნავია მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების გზით“, - გვიყვება მარიკა მხეიძე, - „პროექტის ფარგლებში ორი მექანიზმი შეიქმნა. პირველია სკოლამდელ დაწესებულებათა ეროვნული გაერთიანება, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოქმედი ბაღები შედიან. ეს არის ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების, ძალისხმევის გაერთიანებისა და მუნიციპალიტეტების დაგეგმვის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მექანიზმი. მეორე კი, გახლავთ ე.წ. ბენჩმარკინგის ინსტრუმენტი, რომელიც მუნიციპალიტეტებში არსებულ ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ხარისხს აფასებს და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვისა და ადვოკატირების პროცესის წარმართვას უწყობს ხელს“.

კოვიდმა სამყაროს მაჯისცემა შეცვალა და, ბუნებრივია, გავლენა ბავშვების მდგომარეობაზეც მოახდინა. კამპანია #გადაარჩინესაქართველოგაზიარებით ერთ-ერთია იმ აქტივობებიდან, რომელიც ორგანიზაციამ „გადავარჩინოთ ბავშვები“ პანდემიის საპასუხოდ დაიწყო. „მოსალოდნელია, რომ პანდემიის შედეგად, ბავშვების ნაწილი ნაადრევად შეწყვეტს სწავლას, გაიზრდება ძალადობის, ადრეული ქორწინების, ბავშვთა შრომის მაჩვენებლები, ამიტომ, ორგანიზაცია პირველი დღიდან უწყობდა ხელს, პანდემიასთან დაკავშირებით, ბავშვებსა და ოჯახებზე მორგებული ინფორმაციის გავრცელებას“, - განმარტავს მარიკა მხეიძე, - „ ამ კამპანიის ფარგლებშიც, ბავშვები და ცნობილი ადამიანები ერთმანეთს პანდემიით გამოწვეულ სტრესთან გამკლავების გზებს უზიარებდნენ, განწყობას უმაღლებდნენ, პატარებს ზღაპრებს უყვებოდნენ; სოციალური მედია კამპანიის ფარგლებში, ვიყენებდით სხვადასხვა მეთოდიკას, რომ მშობლებისთვის გვესწავლებინა რუტინის შეცვლით გამოწვეულ სტრესთან გამკლავება... ჩვენ შევისწავლეთ პანდემიის გავლენა ინკლუზიური განათლების ხარისხზე და ეს კვლევა საფუძვლად დაედო სახელმწიფოსათვის მიწოდებულ რეკომენდაციებს, ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებს“.

„გადავარჩინოთ ბავშვები“ იყო პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც კოვიდთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება ეთნიკური უმცირესობების ენებზე - სომხურად და აზერბაიჯანულად დაიწყო. ორგაზიაციამ, ასევე, მოამზადა ვიდეოგაკვეთილები - „მშობლის საათი“, რომელიც გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე - „განათლება“. კოვიდის შედეგების შესამცირებლადაა შემუშავებული პროექტი „დისტანციური სწავლება და ბავშვის ადრეული განათლება“, რომელსაც „გადავარჩინოთ ბავშვები“ Fair Trees Fund-თან ერთად ახორციელებს. „ეს პროექტი ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს, ითვალისწინებს ბაგა-ბაღების აღმზრდელებისა და სხვა სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას, ადრეული განათლების ახალი მიდგომებისა და პროგრამების გაცნობას და ასევე, ბაგა-ბაღებისთვის და დისტანციური განათლებისთვის აუცილებელი საგანმანათლებლო მასალის და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადაცემას“, - ამბობს მარიკა მხეიძე, - „შედეგად, ყველა ბავშვს ექნება წვდომა ხარისხიან ადრეულ განათლებაზე, პანდემიისა და სხვა შეზღუდვების მიუხედავად“.

ავტორი: მაკა ჯაიანი

მსგავსი პოსტები