დღეს მოგიყვებით წეროვანში მცხოვრებ აქტივისტზე – თორნიკე ჟუჟნიაშვილზე, რომელმაც საკუთარი ინიციატივით ჯერ მარტო, შემდეგ კი თანამოაზრეებთან ერთად დაიწყო მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნვა.
მისი, როგორც აქტივისტის ისტორია ასე დაიწყო – 4 წლის წინათ სასტიკად ნაცემი ჯინა პატრონმა ქუჩაში დატოვა, რომელსაც ადამიანები ხშირად ჩაგრავდნენ და ხან შიმშილით, ხან კი ავტოსაგზაო შემთხვევების გამო ლეკვები ეღუპებოდა. თორნიკემ ჯინაზე დაიწყო ზრუნვა. მისი ლეკვები დააბინა და ჯინაც გაასტერილა.
მაგრამ ერთ დღესაც, ვიღაცამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ჯინა, ამბობს თორნიკე.
ამის შემდგომ მტკიცედ გადაწყვიტა – უანგაროდ ეზრუნა და მოევლო მიუსაფარი ცხოველებისთვის. გადამდები დაავადებები, უკონტროლო გამრავლება, ანტისანიტარია, ადამიანების მხრიდან სასტიკი მოპყრობა, მიუსაფარი ცხოველებისადმი ადამიანების არცთუ უსაფუძვლო შიში – ეს პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საზოგადოების წინაშე წლების განმავლობაში დგას.
მიუსაფარი ცხოველების მართვის მრავალწლიანი, სხვადასხვა ტიპის გამოცდილება დაგროვდა ევროპის ქვეყნებში. მაგალითად ნიდერლანდები, dutchreview–ის თანახმად კომპლექსური მიდგომის შედეგად მიუსაფარი ძაღლები აღარ არიან ქვეყანაში. ბოლო მიუსაფარი ძაღლი 2019 წელს აიყვანეს. ამ კომპლექსური მიდგომიდან ერთ–ერთი პოპულაციების მართვაა (სტერილიზაცია), რომელიც ცხოველების უკონტროლო გამრავლებას აწესრიგებს და ამცირებს ცხოველებში აგრესიას. იგი ჩვენთანაც გამოიყენება, თუმცა, საქართველოს რეგიონების ნაწილისთვის ეს საკითხი პრობლემურია.
სწორედ ამიტომ, თორნიკემ და მისმა თანამოაზრეებმა, შესაძლებლობების მიხედვით, პატარ–პატარა ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს – მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაციის, მკურნალობის პროცესების ორგანიზება და ცნობადობის კამპანია, რათა საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, თუ როგორ შეიძლება ჰუმანურად პრობლემის მოგვარებისკენ სვლა.
ამ ეტაპზე შედეგი ასეთია: 50–მდე მიუსაფარი ძაღლის სტერილიზაციით 500–მდე პოტენციური მიუსაფარი ცხოველის არიდება მოხერხდა.
ამ ახალგაზრდების – „წეროვანის საინიციატივო ჯგუფის“ ადვოკატირების შემდგომ მცხეთის მუნიციპალიტეტი 2023 წელს მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობას გეგმავს.
ასე ცვლიან გარემოს აქტივისტები. #გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია