საკუთარ ოჯახში დაბრუნების არაერთი მცდელობით დაღლილმა ბავშვებმა, რომლებიც სიღარიბის გამო სასამართლომ მშობლებს დააცილა, დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) მიმართეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოწერილ შემაკავებელ ორდერში მიზეზი არა ძალადობა, არამედ სიღარიბე ეწერა. ამ ამაღელვებელი ამბით შეძრწუნებული ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მანამდე სასამართლოში მსგავსი საქმე არ იყო განხილული და შედეგის წინასწარ განსაზღვრა ძნელი იყო.
„კანონებისა და ყოველდღიური მოვლენების მიღმა უნდა დავინახოთ ბავშვების განცდები და შევეცადოთ სიფრთხილით მოვეკიდოთ“, ამბობს ანა არგანაშვილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ხელმძღვანელობს.
ორგანიზაციაში ბავშვების მიერ მათდამი გამოცხადებულ ნდობას დიდ პატივად მიიჩნევენ. ისინი დაპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ, რათა ბავშვები საკუთარ ოჯახში დაბრუნებულიყვნენ. ამისთვის, მათ ერთად, დიდი გზა გაიარეს. ადვოკატების დიდი შრომის შედეგად ბავშვებმა გაიაზრეს თუ რისთვის არსებობს სასამართლო, მართლმსაჯულება და რა მნიშვნელობა აქვს საკუთარი აზრის წარდგენას და დაცვას სასამართლოსთვის.
საბედნიეროდ, ბავშვების საკუთარ ოჯახში დაბრუნების თავდაუზოგავი მცდელობა მათ სასიკეთოთ დასრულდა. სასამართლომ დაინახა თუ რამხელა ტკივილი მიიღეს ბავშვებმა ოჯახთან დაშორების შედეგად. ცხადი გახდა, რომ მართლმსაჯულების ორგანომ ვერ გაიაზრა და ვერ აარიდა ბავშვებს განსაცდელი.
გამარჯვებული საქმე არის სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის მაგალითი, რომ ამ გზით მშობლისა და ბავშვის დაცილების პრაქტიკა გადასააზრებელი და შესაცვლელია.