„ეს ბავშვები დარჩებიან, როგორც სამოქალაქო აქტივისტები, თავიანთი სკოლის ისტორიაში“, - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თემურ ჯალიაშვილი ამას თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის 182-ე სკოლის მოსწავლეების შესახებ ამბობს. სალომე შიოშვილის, გიორგი მებონიას, მზია წიქარაძის, ლია ფილიშვილის, საბა ყანჩაშვილისგან შემდგარმა გუნდმა „ეს ქვეყანა შენიას!“ უფროსკლასელთა კონკურსის სუპერ-ფინალში გაიმარჯვა და საკუთარ სკოლას სრულფასოვნად აღჭურვილი კომპიუტერული კლასი მოუტანა.
ახალგაზრდული კონკურსი, რომელიც „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში ჩაატარა, მთელს საქართველოს მოიცავდა და რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. სხვადასხვა სკოლის 150-მდე გუნდიდან საუკეთესოები, საკუთარი რეგიონის პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ მომზადებული პროექტების მიხედვით, ჯერ - მუნიციპალიტეტების შიგნით, შემდეგ კი - მუნიციპალიტეტებს შორის გამოავლინდნენ.
„კამპანია „ეს ქვეყანა შენია - გაიზიარე პასუხისმგებლობა!“ დავიწყეთ იმისთვის, რომ ადამიანებს სამოქალაქო საზოგადოების შესახებ სწორი ინფორმაცია შექმნოდათ და დაენახათ, რამდენად მნიშვნელოვნია ქვეყნის განვითარებისთვის თითოეული ჩვენგანის აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია“, - ყვება თემურ ჯალიაშვილი, - „სტრატეგიაზე ფიქრისას, აღმოვაჩინეთ, რომ, თუკი ქვეყანაში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება და გაძლიერება გვინდა, ახალ თაობასთან უნდა ვიმუშაოთ. ასე გაჩნდა მოსწავლეებისთვის კონკურსის გამართვის იდეაც“.
კონკურსში გამარჯვებისთვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ახალგაზრდების მიერ ქვეყნის განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოებისა და საკუთარი როლის გააზრება იყო. კოვიდ-პანდემიის გამო, სუპერ-ფინალი ონლაინ გაიმართა. ფინალში გასული 10 გუნდი დამაგვირვინებელ ტელევიქტორინაში თავიანთი რეგიონული ტელევიზიებიდან ერთვებოდა. პირველ 3 ადგილზე გავიდნენ: ბოლნისის კერძო საშუალო სკოლა „დავითიანი-მარინა გორშკოვა“; ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა; გოგიტა კიკნაძის სახელობის 182-ე საჯარო სკოლა.
გრან-პრი - კომპიუტერული კლასი სკოლისთვის, საუკეთესო შედეგების მქონე 182-ე სკოლის გუნდმა მოიპოვა, თუმცა, საჩუქრების გარეშე არც სხვები დარჩენილან: კონკურსში გამარჯვებული პირველი 3 საუკეთესო გუნდის ყველა წევრმა და კონკურსის მონაწილე სხვა გუნდების ორმა საუკეთესო მოთამაშემ სმარტფონები და კამპანიის პრომო-პროდუქცია - ჰუდი, ჩანთა, ალმანახი და მაისური მიიღო. საუკეთესო საჩუქარი ბავშვებისთვის მაინც ის დინამიურობა იყო, რომელიც კონკურსში მონაწილეობას, ახალი ცოდნის მიღებასა და პროექტებზე მუშაობას ახლდა.
„ჩემი აზრით, ეს პროექტი ერთ-ერთი საუკეთესოა ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ გვაძლევს ძალიან დიდ შანსებს და ძალიან დიდი სტიმულს მომავლისთვის. მე, პირადად, ამ პროექტით იმდენი ცოდნა და ისეთი გამოცდილება მივიღე, მთელი ცხოვრება მემახსოვრება“, - ამბობს გამარჯვებული გუნდის მონაწილე მზია წიქარაძე. „ამ პროექტმა აგვიმაღლა სამოქალაქო ცნობიერება და ეს აუცილებლად აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე“, - მიაჩნია მის თანაგუნდელ საბა ყანჩაშვილს, - „შრომით, მონდომებით, შემართებით, ერთობით კიდევ ბევრს მივაღწევთ“.
182-ე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ირინა ჯვარშეიშვილი, რომელიც გამარჯვებულ გუნდს აქტიურად ედგა მხარში, ფიქრობს, რომ ამ კონკურსმა უფროსკლასელებს მნიშვნელოვანი უნარები განუვითარა: „სამოქალაქო განათლება არის ის, რაც ადამიანს მოქალაქედ, კრიტიკულ მოაზროვნედ აყალიბებს. თითოეული ეტაპი, რომელიც აქამდე განვვლეთ, სწორედ ამას ემსახურებოდა. ჩვენ გჭირდება კრიტიკულად მოაზროვნე აქტიური მოქალაქეები, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ეს კონკურსი და საკუთარი შრომით მიღწეული საზოგადო შედეგის მიღება, სწორედ ამის გარანტიაა“.
ავტორი: მაკა ჯაიანი