შახნაზ ასკეროვა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს მკვიდრია. შახნაზის ინიციატივით, მან და მისმა თანატოლებმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას კორონა ვირუსთან დაკავშირებით არსებული საზოგადოებრივი ინფორმაცია ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გააცნეს. „გვინდა, ჩვენს სოფელში მცხოვრებმა ყველა ახალგაზრდამ იცოდეს, როგორ დაიცვას თავი და თავიანთი ოჯახის წევრები ვირუსისგან“, - ამბობს შახნაზი, -„ბევრს ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ, შეიძლება, ინფიცირებული გახდეს“.
შახნაზ ასკეროვა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის წარმატებული აქტივისტია. ორგანიზაციის ვებგვერდი არაერთ ამბავს მოგვითხრობს მისი და სამოქალაქო კლუბების სხვა წევრების შესახებ, რომლებიც აქტიური მოქალაქეები USAID-ის პროგრამის, „მომავლის თაობის“ დახმარებით გახდნენ. პროგრამა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და განათლების პროფესიონალებთან თანამშრომლობს, ხელს უწყობს საქართველოს ახალგაზრდების გაძლიერებას, სამოქალაქო განათლების წახალისებას სკოლებში, განსაკუთრებით - რეგიონებში; თემისთვის საჭირო აქტივობების განსახორციელებლად, პროგრამა სამოქალაქო კლუბის წევრებზე მცირე გრანტებსაც გასცემს.
მაგალითად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში შექმნილი სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრემა თემის საჭიროებები შეისწავლეს, პრობლემებიდან, სკოლასა და სოფელში არსებული გარემოს გაუმჯობესება გამოყვეს და შესაბამისი ადვოკატირების პროცესი დაიწყეს. შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლებს, გააცნეს ეკოლოგიურ საკითებთან დაკავშორებით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები და ერთად იმსჯელეს იმის შესახებ თუ რისი გაკეთება იყო საჭირო არსებული ვითარების მოსაგვარებლად. შედეგად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელში ნაგვის ურნები დადგა, სკოლას კი 90 მარადმწვანე ხის ნერგი გადასცა ეზოსა და მიმდბარე ტერიტორიის კეთილმოსაწყობად.
”სამოქალაქო პროექტების განხორციელების პროცესში, ჩვენ გავხდით აქტიური მოქალაქეები, გავიაზრეთ, რომ სწორედ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ამ ქვეყნის მომავალი და ეს მომავალი სწორედ ჩვენ უნდა შევცვალოთ უკეთესობისკენ; გავაცნობიერეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი წვლილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში,“ - ამბობს ოსიაურის სასკოლო კლუბის წევრი, თამთა გამრეკელი, რომელიც აღნიშნავს, რომ პროექტში, „მომავლის თაობა“, ჩართვამდე ბოლომდე არ ჰქონდა გაცნობიერებული ისეთი ტერმინების მნიშვნელობა როგორიცაა: „აქტიური მოქალაქეობა“, „სამოქალაქო აქტივიზმი“, „ადვოკატირება“.
კიდევ ერთი საინტერესო მაგალითია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი, რომლის წევრებმაც, მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ვიდეოების, ამბებისა და ონლაინ ტრენინგების საშუალებით გადაწყვიტეს. ახალგაზრდებმა სოციალურ ქსელში შესაბამისი გვერდი - „სამოქალაქო მედია“ შექმნეს და თანატოლებს ღია საუბრებში მონაწილეობის, მუნიციპალიტეტთან, ქვეყნის სხვა რეგიონებთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცეს. კლუბი მუშაობს საჯარო სივრცეების დასუფთავებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის კუთხით, თუმცა, კორონა ვირუსის პირობებში, მან ახალი ფუნქციაც შეიძინა. პანდემიის ხანაში, ქვაციხელმა აქტივისტებმა სოფლის მოსახლეობისთვის კოვიდის თაობაზე სწორი ინფორმაციის მიწოდება გადაწყვიტეს. სამოქალაქო კლუბის წევრი ილია ყიფშიძე ჯანდაცვის საკითებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველს, ექიმ გიორგი ფხაკაძეს დაუკავშირდა, ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობა სთხოვა და თანხმობაც მიიღო. დაგეგმილი 40 წუთის ნაცვლად, ჩართვა ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. კორონა ვირუსის პანდემიის, მისი პრევენციისა და მკურნალობის არსებული პრაქტიკის, ვაქცინის შესახებ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების მიერ დასმულ შეკითხვებს გიორგი ფხაკაძე სიამოვნებით პასუხობდა.
შეხვედრის შესახებ ილია ამბობს, რომ „კორონა ვირუსის პანდემიის შესახებ მრავალი ინფორმაცია ვრცელდება, შესაბამისად ჩნდება მეტი კითხვაც. სამოქალაქო კლუბის წევრებს გვსურდა, მსმენელისთვის ისეთი ფორმატის შეთავაზება, სადაც პირდაპირ შეძლებდნენ კითხვის დასმას და ამომწურავი პასუხის მიღებას. გარდა იმისა რომ ბატონი გიორგი მართლაც არაჩვეულებრივი პროფესიონალია, ის ყოველთვის ინტერესით ეკიდება ახალგაზრდების მიერ ინიცირებულ აქტიობებს”. წარმატებული ჩართვის შემდეგ, კლუბის წევრებმა ქვაციხის მოსახლეობისთვის სხვა ონლაინ შეხვედრებიც გამართეს.
ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ აქტიურობისა, რომელსაც ქართველი მოსწავლეები USAID-ის დახმარებით აღწევენ. სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ საქართველოს საშუალო სკოლების 60%-ში განხორციელდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას თითზე ჩამოსათვლელი აღარ ჰყავს ახალგაზრდები, რომლებიც სამოქალაქო განვითარებას, ქვეყნის წინსვლისთვის ზრუნვას დემოკრატიული პრინციპებით შეუდგებიან.
ავტორი: მაკა ჯაიანი