მიხეილ მუსხელიშვილი (მიშელ მუსხელი) ერთ-ერთი იმ ქართველთაგანი იყო, რომელიც ევროკავშირის შექმნამდე, ერთიანი ევროპის იდეაზე საუბრობდა. ის 1903 წლის 8 ივლისს თბილისში, ვახტანგ მუსხელიშვილისა და ნატალია მირზაშვილის ოჯახში დაიბადა.
მიხეილ მუსხელიშვილი იურისტი, მეცნიერი, საერთაშორისო სამართლის დარგის სპეციალისტი, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტი, ევროპის ფედერალისტური მოძრაობის ცენტრალური კომიტეტის წევრი, ევროპული ფორმაციის ინტერნაციონალური ცენტრის ბიუროს ვიცე–პრეზიდენტი, სპორტსმენი, მთამსვლელი და "აკადემიური პალმის" ჯილდოს კავალერი იყო.
921 წელს, 18 წლის ასაკში ემიგრაციაში წავიდა და უმაღლეს განათლებას გეტინგენის, მიუნხენის, ლიონის და პარიზის სასწავლებლებში ეუფლებოდა. 1932-1933 წლებში, უკვე მიშელ მუსხელად მონათლულმა, მოღვაწეობა პარიზის უნივერსიტეტის საერთაშორისო გამოკვლევათა უმაღლეს ინსტიტუტში გააგრძელა, 1935-1948 წლებში კი კაიროს სამართლის ფრანგული სკოლისა და კაიროს უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. 1948 წლიდან გარდაცვალებამდე სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო საჯარო სამართლის კათედრას ხელმძღვანელობდა.
ევროგაერთიანების იდეით აღტაცებულმა მეცნიერმა მრავალი ნაშრომი მიუძღვნა ერთიანი ევროპის იდეას, მათ შორის, თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ევროპის ფედერალი კონსტიტუციის პროექტი. მრავალი წლის შემდგომ მუსხელის და მისი თანამოაზრე მეცნიერების იდეა – ერთიან ევროპაზე რეალობად იქცა... მან გაუსწრო დროს.