en
ge

ნათელა გრიგალაშვილი ფოტოისტორიებით

ნათელა გრიგალაშვილი ფოტოისტორიებით

შეძახილს „შუქი მოვიდა!“ 90-იანებგამოვლილი საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 2015 წლიდან, ამ სიტყვებმა სხვა დატვირთვა შეიძინა - ამ სახელწოდებით გაჩნდა პროექტი, რომლის მიზანსაც საზოგადოებისთვის ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გაცნობა, მათი ისტორიების მოყოლა წარმოადგენს. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ ადამიანების ცხოვრების ახლოდან დანახვით, ჩვენც მეტ კითხვაზე გვექნება პასუხი, მათ საჭიროებებსაც უკეთ გავაცნობიერებთ და ერთად შეგვეძლება ვთქვათ: „შუქი მოვიდა“ - ახლა უკეთ ვხედავთ! 

დღეისთვის, პროექტის ვებგვერდზე წაიკითხავთ 176 ამბავს საქართველოს 11 რეგიონიდან, ამ ადამიანებს ესტუმრებით, თვალებში ჩახედავთ... მართლა ჩახედავთ, ზუსტად ისე, როგორც პირისპირ შეხვედრისას ჩახედავდით, რადგან ფოტოებს ამ პროექტისთვის ნათელა გრიგალაშვილი იღებს. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ მათ მიერ მოთხრობილი ისტორიების წარმატება, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამ ფოტოების დამსახურებაა. ნათელა კი, მხოლოდ მოკლედ ამბობს, რომ ამ საქმეში დიდი სიამოვნებით ჩაერთო. ასეთია, ბევრი საუბარი არ უყვარს, სათქმელს თავისი საქმით და ფოტოებით ამბობს. 

სათქმელის, პოზიციის გამომხატველად ფოტოგრაფია წლების წინ აირჩია. იქამდე, სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა, თეატრში მხატვარ-დეკორატორად მუშაობდა. ფოტოგრაფად მუშაობა გაზეთ „დვრიტაში“ დაიწყო, შემდეგ სხვა ჟურნალ-გაზეთებშიც იმუშავა. ახლა დამოუკიდებელი ფოტოგრაფია, პროექტები, რომლის ფარგლებშიც იღებს სოციალურ თემატიკას ეხება - რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს, ქალებს, ადამიანების ყოფას და ყოველთვის რეგიონებისთვის კეთდება. ქართული სოფელი და მისი ცხოვრება არის ადგილი, სადაც ნათელა გრიგალაშვილის მუზები ცხოვრობენ. 

თავის ცოდნას და გამოცდილებას ახლა ნათელა რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებს გადასცემს, მისი მონაწილეობით არაერთი გამოფენა გამართულა, რამდენიმე პერსონალური გამოფენაც მოაწყო. რასაც უნდა აკეთებდეს, ყოველთვის ნახულობს დროს სოფლის გზას დაადგეს და გადაიღოს. ამბობს, რომ იდეების განხორციელებაში სხვადასხვა ფონდისა და ორგანიზაციის მხარდაჭერაც ეხმარება. ესენი არიან: „ღია საზოგადოების ფონდი“, ფონდი „ათინათი“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, სხვა. მათთან ერთად გააცნო საზოგადოებას დუხობორები, დევნილები, სხვები. 

ერთ-ერთი ასეთი პროექტია „ფოტოკლუბები სოფლად“. „სოფელში გავიზარდე და არასდროს გამიწყვეტია კავშირი სოფელთან, კარგად ვიცნობ იმ პრობლემებს რომელიც სოფლებსა და რეგიონებში არსებობს. აქედან გამიჩნდა იდეა, დავხმარებოდი მათ, მესწავლებინა ფოტოგრაფია, რომ ასე აღმოეჩინათ სხვა სამყარო მათ გარშემო, ეპოვათ ჩვეულებრივში არაჩვეულებრივი, ზიარებოდნენ ფოტოგრაფიას, როგორც ხელოვნებას“, - ყვება ნათელა, - „ვფიქრობ, ეს წარმატებული პროექტია, რადგან ძალიან ბევრი სოფლიდან, რეგიონიდან მწერენ და ამ პრიოექტის განხორციელებას ითხოვენ“. 

პირველი კლუბი გორელოვკაში შეიქმნა. პროექტი ათთვიანი იყო და ყოველ თვე 10 დღე ნათელა გორელოვკაში ცხოვრობდა. 15-დან 62 წლის ასაკის სხვადასხვა ეთნოსის 15 ადამიანს ასწავლა ფოტოგრაფია, პირველი გამოფენაც გორელოვკის კულტურის სახლში გაიმართა, მეორე - თბილისში, მესამე კი - ბათუმში. გორელოვკის გარდა, ფოტოკლუბები შეიქმნა პანკსის ხეობასა და მაღალმთიან აჭარაში. ეს პროექტები „ღია საზოგადოების ფონდის“, პრეზიდენტის ფონდის, კულტურის სამინისტორს დაფინანსებით განხორციელდა. თუმცა, ნათელა გრიგალაშვილი პროექტებზე დაფინანსების გარეშეც მუშაობს. 

„ამჟამად, ასეთი რამდენიმე პროექტია“, - ყვება ნათელა, - „ვიღებ როგორ ცხოვრობენ ადამიანები მაღალმთიანი აჭარაში, იქ სადაც ყველაზე მეტად შემორჩა ცხოვრების განსხვავებული სტილი, შენარჩუნებულია ტრადიციები წეს-ჩვეულებები, მაგრამ, ამავე დროს, სწრაფად ხდება ცვლილებები. სხვა პროექტი ახალგაზრდებზეა - რეგიონებში მოგზაურობისას, ვიღებ როგორ ცხოვრებენ ისინი, რა უხარიათ, რა აწუხებთ, როგორია მათი იმედები თუ სასოწარკვეთა. ესაა დაკვირვება ადამიანებზე, რომლებმაც უნდა შეცვალონ რეალობა და ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას შეუწყონ ხელი“.

ავტორი: მაკა ჯაიანი

მსგავსი პოსტები