ზემო სვანეთის განვითარების ადგილობრივი ჯგუფი მესტიის მუნიციპალიტეტის 17 ტერიტორიულ ერთეულს აერთიანებს და მის დაფუძნებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი და რთული, თუმცა ნაყოფიერი პროცესი მოსახლეობის პრიორიტეტების დასადგენად. შეხვედრების შედეგად, განისაზღვრა თემის პრობლემები და ერთობლივი ძალისხმევით დაიწერა მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია (LDS).
ელენეს თემთან კომუნიკაციაში ადრეული გამოცდილებაც დაეხმარა. ის მესტიის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობდა - „მათ უმეტესობასთან წლების მანძილზე საქმიანი კომუნიკაცია მქონდა. ლაგი სვანეთზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანებს აერთიანებს“. ორგანიზაციის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, სოფლის ცხოვრებაში მოწყვლადი ჯგუფების, ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა... ამ ეტაპზე, ლაგ-ს საგრანტო კონკურსი აქვს გამოცხადებული, რომელიც სტრატეგიაში გაწერილი პრიორიტეტული საკითხების მიხედვით შექმნილ პროექტებს დააფინანსებს.
LAG-ის ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით პანდემიის პერიოდში, ხანდაზმულების, შშმ პირების, სოციალურად შეჭირვებულებისთვის რამდენიმე საქველმოქმედო აქციაც ჩატარდა. პირველ შემთხვევაში, 320 ოჯახს გადაეცა სასურსათო კალათა. მეორე კამპანია: „აჩუქე ახალი წელი, ჩაუ-lag-ე საჩუქრები“ საახალწლოდ განხორციელდა და 35-მდე ბენეფიციარს აუსრულდა სურვილები.
ელენე რეგიონის ახალგაზრდებს ცოდნის, საჭირო უნარების ათვისებაში ეხმარება, ცდილობს გააქტიუროს ისინი, რომ მომავალში თავად იყვნენ სასიკეთო ცვლილებების ინიციატორები - „რადგანაც მუნიციპალური ბიუჯეტი მწირია, ადგილობრივ ახალგაზრდებს დავაარსებინე ორგანიზაცია „ახალგაზრდები მთისთვის“, რომ მეტი ფინანსური რესურსი მოეპოვებინათ და ახალი შესაძლებლობები გაეჩინათ სხვებისთვის. განსაკუთრებულად მახსენდება ახალგაზრდული კლუბის „ბეთქილი“ ფუნქციონირების აღდგენის პროექტი. მას შემდეგ 5 წელი გავიდა და „ბეთქილი“ დღემდე არის ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი (სეზონურად). კლუბში მოსულებს შეუძლიათ თავისუფალი დრო საინტერესოდ გაატარონ“.
ელენე ექსესის პროექტის ფარგლებში, 13-17 წლის მოზარდებს ინგლისურ ენასაც ასწავლის: „გარდატეხის ასაკის მოზარდებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა, უყურებ როგორ იზრდებიან და ყალიბდებიან და მერე გიხარია რომ „ის“ შენი მოსწავლეა და გული სიამაყით გევსება. სანამ მათ შევხვდები, ცალკე მე ვემზადები და ვმეცადინეობ, უწყვეტი სწავლა და განვითარება ყველასთვის აუცილებელია“. ელენე ახალგაზრდა სტარტაპერიცაა - დამოუკიდებლად შეიძინა მიწის ნაკვეთი კაშხიანში, საქმიანობის განვითარების მიზნით, მიწა იპოთეკური სესხით დატვირთა და მოაწყო ეკო-მეგობრული სივრცე „მესტიის ხის ქოხები“.
ცოტა ხნის წინ ელენე საკმაოდ რთული გამოწვევის წინაშე დადგა: მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის მოვარდნის გამო, ორიდან ერთი კოტეჯი მთლიანად დაიწვა. ხანძრიდან მეორე დღეს, ელენეს მხარდასაჭერად მისმა მეგობრებმა, მოსწავლეებმა, მესტიის ახალგაზრდებმა მყისიერად დაიწყეს კამპანია „ახალგაზრდები ელენეს მხარდასაჭრად“. ამ ადამიანებმა მას სტიმული მისცეს, რომ ახალი ენერგიით დაიწყოს სასტუმროს განახლება. „ყველანი ვიბრძით. ხშირად შეიძლება დავეცეთ, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. ჩვენი გასავლელი გზა ჩვენვე უნდა გავიაროთ. ყველას შეგვიძლია ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა, ვალდებულებიც ვართ“.
ავტორი: თეკლე ქაროსანიძე