არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი ხელს 2011 წლიდან წამოიწყო მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურება, სადაც ზრდასრული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ცხოვრობენ.
ისინი დიდი, ჩაკეტილი ინსტიტუციებიდან გადმოვიდნენ და ნელ–ნელა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ დაიწყეს სვლა.
თავდაპირველად, ამ მოდელის დანერგვა იმდენად არარეალური ჩანდა, რომ მის წარმატებაში შშმ თემის მხარდამჭერებსაც კი ეპარებოდათ ეჭვი. „თუმცა, ეს ყველაფერი შედგა“, ამბობენ ორგანიზაციაში, რომელიც შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ადვოკატირების პარალელურად, საკუთარ პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნას ნერგვავს და აზიარებს.
საცხოვრისი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის იდენტურია და რადიკალურად განსხვავდება დიდი ზომის ინსტიტუციისგან. თითოეულ სახლში 5 ბენეფიციარი ცხოვრობს. ორგანიზაციაში გვიყვებიან, რომ ბენეფიციარები ასისტენტებთან ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს, აქტიურად მონაწილეობენ ყოველდღიურ საოჯახო საქმიანობაში – სახლის დალაგებაში, კერძების მომზადებასა თუ პროდუქტების შეძენაში.
ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა პროფესიას დაეუფლა და შემოსავლის დამოუკიდებელი წყაროც გაუჩნდა. სულ ახლახანს, მათმა ნაწილმა, კულინარიულ კოლეჯში დაიწყო სწავლა. სწავლობენ, არჩევენ რეცეპტებს, აცხობენ – ეს არის სოციალური ინკლუზია, რომელიც, ჯერ კიდევ, მიუწვდომელია ბევრი შშმ პირისთვის.
თემის პრინციპზე დაფუძნებული სოციალური საცხოვრისი, 24–საათიანი ბენეფიციართა დამხმარე–მხარდამჭერი, მათ მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, დამოუკიდებელი უნარ–ჩვევების განვითარება ნელ–ნელა და თანმიმდევრულად – ასეთია, ორგანიზაციის შექმნილი მოდელი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ერთ–ერთ საუკეთესო, ჰუმანურ პრაქტიკად აღიარა.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 10 წელზე მეტია ათობით შშმ პირს დახმარება გაუწიეს, რომ ჩაკეტილი სივრცისთვის – ინსტიტუციისთვის – დაეღწია თავი და საზოგადოების ღირსეულ წვრებად ქცეულიყო.
ორგანიზაციას „ხელი ხელს“ 8 საოჯახო ტიპის სახლი აქვს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (თბილისში, ბათუმში, სენაკსა და გურჯაანში), სადაც 50–მდე ადამიანი ცხოვრობს. ამ ეტაპზე, კიდევ სამი სახლის გახსნისთვის ემზადებიან - 2 დუშეთში, ხოლო ერთი თბილისში გაიხსნება.
ახალ სახლებში მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები იცხოვრებენ, მათთვის აქამდე მსგავსი მომსახურება არ არსებობდა და შესაბამისად, ორგანიზაციისთვის, ეს ახალი გამოწვევაა. ამიტომ საგულდაგულოდ და უკვე კარგა ხანია ემზადებიან მათთან შესახვედრად.
#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია