en
ge

„სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია შეცვალოს ადამიანის ცხოვრება“

„სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია შეცვალოს ადამიანის ცხოვრება“

მაია გოგოტიშვილი ოზურგეთის საჯარო სკოლის ინფორმატიკის პედაგოგია, მას მიაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ადამიანის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. „სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია სრულიად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება“, ამბობს იგი. 

მის ცხოვრებაში ცვლილებები, პროფესიის დაუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციას – „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბს“ უკავშირდება. ორგანიზაცია, რომელსაც ახლა ოზურგეთის პროგრესის სახლი ჰქვია, არამარტო ოზურგეთში, არამედ დასავლეთ საქართველოშიც ერთ–ერთი პირველი იყო, რომელმაც 90–იან წლებში, ახალგაზრდების უნარ–ჩვევებისა და არაფორმალური განათლების მიმართულებით დაიწყო მუშაობა. 

მაია იხსენებს, რომ კლუბის ერთ–ერთმა პროექტმა, მისი დიდი ინტერესი გამოიწვია – კომპიუტერული უნარ–ჩვევების შესწავლა. ამ პროექტის ფარგლებში მან კომპიუტერის შესწავლის სრული კურსი გაიარა და შემდეგშიც ხშირად სტუმრობდა კლუბს კომპიუტერული უნარ-ჩვევების, ცოდნის გასაღრმავებლად. 

„დროთა განმავლობაში ნელ-ნელა იხვეწებოდა და ვითარდებოდა ტექნოლოგიები, და მეც მასთან ერთად ვიზრდებოდი, რაშიც ლომის წვლილი „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბს“ მიუძღვის“ - ამბობს მაია. მან თავისი მოწოდება სწორედ კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლაში იპოვა და დღემდე ეს საქმე უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. 

უკვე წლებია, მაია მიღებულ ცოდნას ახალგაზრდებს უზიარებს – იგი საინფორმაციო ტექნოლოგიებს ასწავლის ოზურგეთის საჯარო სკოლაში. თვლის რომ მომავალი თაობის სწავლება უდიდესი პასუხისმგებლობაა და ცდილობს ისეთი გარემო შეუქმნას თავის მოსწავლეებს, სადაც მათ განვითარების და თვითრეალიზების საშუალება ექნებათ.

მსგავსი პოსტები