en
ge

მოძრავი ბიბლიოთეკა და აქტივისტები ჯუმის ხეობიდან

მოძრავი ბიბლიოთეკა და აქტივისტები ჯუმის ხეობიდან

სამეგრელოში, მდინარე ჯუმის ხეობაში მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფელი, რომლის ცენტრშიც მოძრავი ბიბლიოთეკა განთავსდა. ინიციატორები ადგილობრივი აქტივისტები – საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები იყვნენ. 

რთული წარმოსადგენია, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს სასურველი წიგნის წაკითხვის საშუალება, მაგრამ სოფელ ჯუმის მაცხოვრებლებს სწორედ ეს პრობლემა აწუხებთ. სოფელში არ არის სამკითხველო და სოციალური პრობლემების გამო მოსახლეობას უჭირს სასურველი წიგნების შეძენა. შესაბამისად ისინი, და მათ შორის ახალგაზრდები მოკლებული არიან ახალი გამოცემების გაცნობას. სწორედ ეს გახდა ადგილობრივი აქტივისტების მთავარი მოტივაციის წყარო. მათ დაამზადეს კარადა, რომელშიც ახალი გამოცემები მოათავსეს და თვეში ერთხელ სოფლის ცენტრში მიაქვთ. კარადის ესკიზიც თავად დაამზადეს, საბიბლიოთეკო საქმეც შეისწავლეს და წიგნებსაც თავად გასცემენ. წიგნები პროექტის - ,,მომავლის თაობის'' ფარგლებში შეიძინეს. მას ახორციელებს PH International-ი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბი-ასოციაცია „ათინათი“ უწევს კოორდინაციას. თამარ ჟვანია, სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის პედაგოგი, მოსწავლეებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული მოძრავი ბიბლიოთეკის შექმნაში, იგი ამბობს რომ პანდემიამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა მათ ინიციატივებში და ნაწილი ონლაინ სივრცეში განახორციელეს. ყველაზე საინტერესო თამარის თქმით, წიგნების კითხვის ონლაინ კვირეული აღმოჩნდა – მოსწავლეებმა, თემის მაცხოვრებლებმა საყვარელი წიგნებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს და ერთმანეთს სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარეს. 

პროექტის შედეგად სოფელ ჯუმის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა მრავალი საინტერესო წიგნი. მათ მიეცათ შესაძლებლობა გაეცნონ როგორც ძველ, ასევე ახალ გამოცემებსაც. 

მოსწავლეებთან გუნდური მუშაობა, პედაგოგის თამარ ჟვანიას აქტივიზმის მთავარი მოტივატორია. იგი თვლის, რომ გუნდური მუშაობით კიდევ ბევრ იდეას აქცევენ რეალობად.

მსგავსი პოსტები