თბილისი. 19 სექტემბერს, სასტუმრო თბილისი რუმსში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე-სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება-არსებული სიტუაცია და პერსპექტივები. შეხვედრა ორგანიზებული იყო ა(ა)იპ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მიერ“, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ - ფარგლებში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა და მწვანე კავკასიამ ჩაატარა გრანტების გამცემი საჯარო ინსტიტუტების მიერ, გრანტის გაცემის პროცესის მონიტორინგი. მონიტორინგის პერიოდი მოიცავდა 2016-2017 წლებში გაცემულ გრანტებს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო დაფინანსების კუთხით არსებული სიტუაციის გაცნობა, პერსპექტივების გაანალიზება და საჯარო ინსტიტუტების მიერ, 2016-2017 წლებში გაცემული გრანტების პროცესის მონიტორინგის ანგარიშების წარდგენა.
შეხვედრის დასაწყისში აუდიტორიას მიმართეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის დირექტორმა, ნინა ხატისკაცმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის ოფიცერმა დომენიკა სკუბიდამ. ”აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების მასშტაბები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი სექტორის მდგრადობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისათვის. ამ მხრივ, ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესებისათვის, მათი დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია და სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის დახვეწა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ, ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გემით კონკრეტული ვალდებულების აღებას, რომელიც ითვალისწინებს ეფექტურობის გაზრდას და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებას“-განაცხადა დომენიკა სკუბიდამ.
დღის პირველი ნახევარი დაეთმო ორივე ორგანიზაციის მიერ წარმოებული მონიტორინგის ანგარიშის და ძირითადი მიგნებების აუდიტორიისათვის გაცნობას. ყურადღება გამახვილდა, ერთის მხრივ, იმაზე, თუ რამდენად არის განსაზღვრული გრანტის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები წინასწარ და როგორ ასრულებს გრანტის გამცემი საჯარო უწყება მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, გრანტის გაცემისა და განხორციელების ყველა ეტაპზე, ხოლო მეორეს მხრივ იმაზე, თუ რა გამოცდილება აქვთ საგრანტო კონკურსში მონაწილე და გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს - ა(ა)იპ-ებს სახელმწიფო დაფინანსების ადმინისტრირების მხრივ. უნდა აღინიშნოს, რომ არც მონიტორინგი და არც მისი ანგარიში არ მოიცავს სახელმწიფო გრანტების ფარგლებში განხორციელებული პროექტების შინაარსისა, თუ ხარისხის შეფასების მიმართულებას. შეხვედრის მეორე ნახევარი დაეთმო სახელმწიფო საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გარემოს მიმოხილვას. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ლევან ფანიაშვილმა ისაუბრა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმწიფო საგრანტო დაფინანსების რეფორმის კონცეფციის შესახებ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ექსპერტთა ჯგუფის მიერ იქნა შემუშავებული. გარდა ამისა, საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რაც რეფორმის საჭიროებას განაპირობებს და ასევე იმას, თუ რა ეტაპზეა მოცემულ მომენტში რეფორმის კონცეფცია, მისი ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები კანონმდებლობაში ასახვის თავლსაზრისით.
შეხვედრას ესწრებოდა გრანტის გამცემი საჯარო დაწესებულებების, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე მედიის წარმომადგენლები. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, დამსწრე აუდიტორია აქტიურად ჩაერთო კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის ბოლოს კი დაანონსდა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის მონიტორინგის მცირე საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი. მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების და შინაარსის შესახებ, მათ ასევე საშუალება მიეცათ დაეზუსტებინათ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი. მისი მიზანია საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და მათი კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.