შიდა ქართლი. ავლევის თემში სათემო–საგანმანათლებლო ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება. ცენტრის შექმნის ერთ–ერთი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, თემის სოფლებში – ავლევში, ცერონისსა და კნოლევში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არაფორმალური, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაა.
ცენტრში უკვე დაიწყო არაფორმალური განათლების პირველი სასწავლო კურსი. თემის ახალგაზრდები ავტომანქანის მართვას შეისწავლიან. ამ ეტაპზე, ავტომანქანის მართვის სასწავლო კურსის თეორიული ნაწილი ტარდება, რომელსაც 13 ადგილობრივი ახალგაზრდა ესწრება. მომდევნო ეტაპზე ახალგაზრდებს მართვის პრაქტიკული სწავლებაც ჩაუტარდებათ. პარალელურად მზადდება, ასევე, ავტომანქანის მართვის სწავლების ერთი ადგილობრივი პედაგოგი, რომელიც შემდგომში, პროექტის დასრულების მერე, სხვა მსურველებისთვის აქვე ჩაატარებს ამავე სასწავლო კურსს.
სათემო-საგანმანათლებლო ცენტრი ადგილობრივი მოსახლეობის სურვილებსა და არაფორმალური სწავლების სხვა საჭიროებებსაც შეისწავლის და არაერთ სასწავლო კურსს განახორციელებს.
პროექტს განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" (CSRDG) მხარდაჭერითა და ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით ახორციელებს.