სამცხე–ჯავახეთი. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ადვოკატირება". ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის ალტერნატიული დოკუმენტი, რომელიც ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ახალციხის საზუგადოებას წარუდგინეს. შეხვედრა ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” 2 საათს გაგრძელდა და მას ახალციხის საჯარო სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები, ასევე ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ლექტორები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უსაფრთხო სკოლის დოკუმენტი განათლების სპეციალისტების სიმონ ჯანაშიასა და სოფო გორგოძის მიერაა მომზადებული. მასში ასახულია სკოლაში ძალადობის მხრივ არსებული მდგომარეობა, დასავლური და საქართველოს წარმატებული გამოცდილება და არსებული პოლიტიკის ალტერნატივები.
შეხვედრაზე, ასევე იმსჯელეს მანდატურის სამსახურის დადებით და უარყოფით მხარეებზე. აღინიშნა, რომ მანდატურების შესვლის შემდგომ პედაგოგები უფრო მობილიზებულნი გახდნენ, ასევე შემცირდა გაკვეთილებზე დაგვიანებების შემთხვევები, თუმცა იქვე აღინიშნა, რომ არის შემთხვევები როცა მანდატურები სკოლაში არ უშვებენ დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლებს, არ ითვალისწინებენ ზოგიერთ საპატიო გარემოებას, მაგალითად, სკოლიდან შორს მცხოვრები ბავშვების დაგვიანებების მიზეზი შესაძლოა ტრანსპორტირებით იყოს გამოწვეული და ა.შ.
უსაფრთხო სკოლის ალტერნატიული დოკუმენტის განხილვა საქართველოს შვიდ ქალაქშია დაგეგმილი. ახალციხემდე დოკუმენტი ბათუმში, ოზურგეთსა და ქუთაისში განიხილეს.