თბილისი. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გაიმართა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ მომზადებული პუბლიკაციის „საბჭოთა წარსულის გააზრება - დისკუსიები 2011" და ფილმის „დიდი საბჭოთა ტერორი: ადამიანური ისტორიები" პრეზენტაცია.
პუბლიკაციაში „საბჭოთა წარსულის გააზრება - დისკუსიები 2011", იმ დისკუსიების ტექსტური ვერსიებია თავმოყრილი, რომლებსაც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ერთი წლის მანძილზე გოეთეს ინსტიტუტში მართავდა. დისკუსიების თემა საბჭოთა წარსულის გააზრება იყო და ბევრ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავდა - საბჭოთა მწერლობას, კინოს, არქიტექტურას, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ნაციონალიზმს, სტალინურ რეპრესიებსა და დეპორტაციებს, აკრძალულ ლიტერატურას, დისიდენტების მოღვაწეობას, საბჭოთა კავშირის დაშლას, ლუსტრაციის პოლიტიკას და ა.შ.
ფილმი „დიდი საბჭოთა ტერორი: ადამიანური ისტორიები" სტალინის მმართველობის პერიოდში რეპრესირებული ადამიანების და მათი ოჯახის წევრების ისტორიებს ასახავს. ფილმი თანმიმდევრულად მოგვითხრობს საქართველოში 1921-1956 წლებში განვითარებულ მოვლენებს და გვიჩვენებს იმ გავლენას, რომელიც ამ პროცესმა იქონია სხვადასხვა ოჯახზე და ადამიანზე.
აღნიშნული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საბჭოთა
ტოტალიტარული წარსულის შესწავლას საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი
და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებისათვის.
წყარო: osgf.ge